რესპუბლიკა 100

აფხაზეთის უხილავი ფრონტი

პირველი რესპუბლიკის სპეცსამსახურების ისტორიიდან

ბოლშევიკები სოხუმის ოლქში

1919 წლის გაზაფხულზე, რუსეთის სამოქალაქო ომის სასწორი მოხალისეთა არმიის სასარგებლოდ გადაიხარა. მოსკოვზე შეტევამდე გენერალმა დენიკინმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან გადაწყვიტა ანგარიშის გასწორება. სოჭის დაკარგვის შემდეგ საფრთხე პირდაპირ სოხუმის ოლქს დაემუქრა.

საქართველოს ხელისუფლება თავდაცვის ყველა ხერხს განიხილავდა, მათ შორის – ბოლშევიკების გამოყენებას მოხალისეთა წინააღმდეგ, თუ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე წინსვლას გააგრძელებდნენ.

იუსტიციის სამინისტრომ 1919 წლის მარტში მასობრივი ამნისტია გამოაცხადა, სოხუმის ოლქში 1918 წლის ბოლშევიკური გამოსვლების მონაწილე პატიმრები ციხიდან გაათავისუფლა და ადგილობრივი სახალხო მილიციისა და აფხაზეთის კომისარიატის განსაკუთრებული რაზმის ფარული მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანა. თუმცა, მალე ქართული შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შედეგად დენიკინის საფრთხე გაანეიტრალეს. გამოშვებულ ბოლშევიკებთან კი სპეცსამსახურებმა კატა-თაგვობანას თამაში დაიწყეს.

1919 წლის აგვისტოში, სოხუმის ბოლშევიკური არალეგალური კონფერენციის მუშაობისას, ბოლშევიკებმა მოაწყვეს რუსეთის კომუნისტური პარტიის სოხუმის საოლქო კომიტეტი, რომელსაც შემოკლებით „СОК“ (Cухумски окружнои комитет) ეძახდნენ. ამ კომიტეტმა მიზნად დაისახა არალეგალური მუშაობით და შეიარაღებული აჯანყების მომზადებით აფხაზეთის საქართველოსგან ჩამოცილება, საბჭოთა რუსეთისთვის მიერთება და პლაცდარმის მომზადება საქართველოში დემოკრატიული წყობილების დამხობისა და რუსეთის მხრიდან ოკუპაციისათვის.

სოხუმის საოლქო კომიტეტის აქტიური წევრები და ორგანიზატორები იყვნენ: სევერიან კუხალეიშვილი, ნიკოლოზ სვანიძე, ივანე ვიგრიანოვი, ჰანს ლემბერგი (ფსევდონიმით „Гегель“) და სხვები.

სევერიან კუხალეიშვილი

დასახული მიზნის განსახორცილებლად ბოლშევიკებმა სოხუმის საოლქო კომიტეტთან ერთად მოაწყვეს გაგრის სამაზრო რევოლუციური კომიტეტი და სხვა წვრილი ორგანიზაციები სხვადასხვა მხარეებში.

გაგრის სამაზრო რევკომს დავალებული ჰქონდა გაგრის ფრონტზე მდგარ ქართული ჯარის ნაწილებში ბოლშევიკური აგიტაცია, მათი დეზორგანიზაცია და დაშლა. თუმცა, საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან მათ წინააღმდეგ გამოცდილი კომპეტენტური კადრები მუშაობდნენ როგორც საპოლიციო, ისე სამხედრო სპეცსამსახურების მხრიდან.

აფხაზეთის კომისარიატის განსაკუთრებულ რაზმს თარასხან (ილია) დიმიტრის ძე ეშბა ხელმძღვანელობდა. გაგრის სამხედრო კონტრ-დაზვერვის ზონაში მუდმივ კონტრ-დაზვერვით ოპერაციებს ატარებდა სამხედრო სამინისტროს დამზვერავი ნაწილის კონტრ-დაზვერვის განყოფილება და სახალხო გვარდიის კონტრ-დაზვერვა. ეს სამსახურები კარგად იყვნენ ინფორმირებული აფხაზეთის ბოლშევიკების ქმედებების შესახებ და 1920 წლის ზაფხულში მოქმედებაზე გადავიდნენ.

თარასხან ეშბა

1920 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან განსაკუთრებულმა რაზმმა სოხუმში ბოლშევიკების დაპატიმრება დაიწყო: 16 ივნისს დააპატიმრეს სოხუმის საოლქო კომიტეტის წევრი კონსტანტინე მაკაროვი, 21 ივნისს სოხუმში დააპატიმრეს საოლქო კომიტეტის წევრები – სევერიან კუხალეიშვილი, ნიკოლოზ სვანიძე, ივანე ვიგრიანოვი და ჰანს ლემბერგი. კუხალეიშვილის სახლში საბრძოლო იარაღი, დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება და ბიკფორდის ზონარები აღმოაჩინეს, რომელსაც ის საქათმეში მალავდა. მასვე აღმოაჩნდა სოხუმის სამხედრო რუკა და არალეგალური ბოლშევიკური ლიტერატურა.

ამავე დროს დააპატიმრეს ისააკ ჟვანია და აფხაზეთის ახალგაზრდა კომუნისტთა ორგანიზაცია „სპარტაკის“ მეთაური, ნიკოლოზ ბოკუჩავა, რომლებიც სამურზაყანოში (დღევანდელი გალის რაიონი) იყვნენ გაგზავნილი სამუშაოდ.

ამავე დროს, ფოთში დააპატიმრეს ჯარისკაცი ვარლამ კილაძე, რომელიც ფოთის ბოლშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაციის ლიდერი იყო და კავშირი ჰქონდა გაგრის სამაზრო რევკომთან. კილაძე სპეციალური მისიით იყო შესული სამხედრო სამსახურში, რათა  უკეთ ეწარმოებინა არალეგალური საქმიანობა სამხედრო ნაწილებში – იგი ფირცხალაიშვილის ყალბი საბუთებით სარგებლობდა, რომელიც ყუბანის ოლქში იყო დამზადებული.

თუმცა, ქვეყნის თავდაცვისათვის და კონტრდაზვერვისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოსაპოვებლად ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუდაუთის კომიტეტის მეთაურის, ვასილ აგრბას დაპატიმრება იყო. აგრბა ყოფილი მღვდელი იყო, მან 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ანაფორა გაიხადა და ბოლშევიკურ მოძრაობას შეუერთდა.

დაპატიმრებულ აგრბას ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი აღმოაჩნდა. მას სოლიდური მისია ჰქონდა დაკისრებული – სწორედ აგრბას უნდა შეეკრიბა მებრძოლების ძირითადი მასა, რომლებსაც აჯანყების დაწყებისას ზურგში უნდა დაერტყათ გაგრის ფრონტზე განლაგებული ქართული სამხედრო დანაყოფებისთვის. მისი საბრძოლო რაზმები გუდაუთის აფხაზური სოფლების მცხოვრებთაგან შედგებოდა.

ვასილი აგრბა

აგრბას დაპატიმრებისას ამოღებულ მასალებში ჩანდა, რომ მას მუშაობა ჰქონდა გაჩაღებული რვა  სასოფლო საზოგადოების ბოლშევიკურ კომიტეტებთან, რომელთაც 14 საბრძოლო რაზმი ჰყავდათ, სულ 560 მებრძოლით. მათი ნაწილი უკვე შეიარაღებული იყო, დანარჩენ იარაღს აგრბა გაგრის კომიტეტისგან ელოდა. აგრბას აღმოუჩინეს 10 ცალ-ცალკე აღრიცხული სია, სადაც მებრძოლი რაზმების რაოდენობა და ყველა მებრძოლის სახელები და გვარები იყო აღრიცხული:

  • ლიხნში 70 კაცი, მათ შორის 40 ვინტოვკიანი. სოფელ დურპშახში – 30 კაცი, მათგან 10 შეიარაღებული. ახტოზახში – 50 კაცი, მათგან 30 შეიარაღებული. აცახში – 30, მათგან 15 შეიარაღებული, აბგარკახში – 70, მათგან 30 შეიარაღებული.
  • ჯირხვანის საზოგადოება – 21 მებრძოლი.
  • კალდახვარის კომიტეტის წევრები; ჩაგუ აშხარავა,  მახტი ბენია და კონჯარია იყვნენ 30 მებრძოლით.
  • ოთხარის საბრძოლო ჯგუფის 49 წევრი.
  • 93 მებრძოლი.
  • ბალდაქვარის კომიტეტის წევრები 15 კაციანი რაზმით. ამავე სიაში იყო რამდენიმე სასოფლო კომიტეტის სიები; მუგუდზირხვანის, ოთხარის, ჯირხვანის, კალდახვარის, ბარმიშის და ზვანდრიშის, თითოეული კომიტეტი 3 კაცისგან შედგებოდა.
  • ბარლუშახის კომიტეტი, რომლსაც 28 მებრძოლი ჰყავდა.
  • კალდახვარის კომიტეტის დამატება, რომელშიც 20 გვარი იყო მონიშნული.
  • ჯირხვანის დამატება 22 გვარით.
  • მუგუდზირხინის დამატება 41 გვარით.

აგრბას დაკავებისას აღმოჩენილი დოკუმენტები დიდი ოპერაციის მზადებაზე მიუთითებდა, რისი სხვა ნიშნებიც თარასხან ეშბას კონტრ-მზვერავებს არ გამოჰპარვიათ. 7 ივნისს, კალდახვარიდან სამაზრო კომიტეტის თვამჯდომარე ჩაგუ აშხარავას გაგიზავნა საბჭოთა რუსეთში, რომელსაც აფხაზი ხალხის „რევოლუციური“ განწყობები უნდა მოეხსენებინა ამხანაგებისათვის.

ქართული სპეცსამსახურისათვის ისიც ცნობილი იყო, რომ ეკატერინოდარში [დღევანდელი კრასნოდარი] მუშათა და გლეხთა ყრილობაზე გამოვიდა „აფხაზეთის წარმომადგენელი“ ნესტორ ლაკობა და განაცხადა -„საქართველოს და აფხაზეთს ერთმანეთში ნუღარ აურევთ, რადგან აფხაზეთს სურს საბჭოთა რუსეთს შეუერთდესო“. ყრილობის ანგარიში გაზეთ Заря красного Черномория-ში დაიბეჭდა.

ვასილ აგრბას გაჩხრეკისას აღმოუჩინეს 9 ივნისს მიღებული ძალზე საყურადღებო წერილი, რომელსაც მას გაგრის სამაზრო რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე სწერდა:

„ამხანაგო აგრბა, ვწუხვარ რომ უშედეგოდ დავკარგე ძვირფასი დრო, ვეცდები 14 ივნისს მივიდე კონჯარიასთან, ამ დროისთვის სასურველია დაწვრილებით გამოკვლევა; გუდაუთის სამაზრო კომიტეტს რა საშუალებები აქვს, ცნობაში უნდა მოვიყვანოთ მხოლოდ სამხედრო ძალების რაოდენობა, რამდენი იარაღი აქვს რეალურ ძალას, ვინ არის დანიშნული სამაზრო მებრძოლი რაზმების უფროსად, აგრეთვე სასოფლო რაზმების უფროსები, გაგრის მაზრის მდგომარეობას გაიგებთ ჩემთან შეხვედრისას ანდა წერილიდან, რომელსაც დავტოვებ კონჯარიასთან, კავშირი გვაქვს საბჭოთა რუსეთის სამხედრო უფროსებთან სოჩაში, ამ დღეებში თქვენთან მოვა „კავშირი“ სოჩიდან, ამხანაგი ამჟამად სოხუმშია, სასურველია დაწვრილებით ვიცოდეთ გუდაუთის სამაზრო კომიტეტის შესახებ, სად არის ქუჩუმოვი, გიტოვებ გაზეთებს.  გაგრის სამაზრო კომიტეტის წევრი ნიკო ვერდი. 9 ივნისი 1920 წელი.“

ეს წერილი კიდევ ერთი დასტური იყო, რომ გაგრის, გუდაუთისა და აფხაზეთში მოქმედ სხვა კომიტეტებს კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან და აგრეთვე, დაკავშირებული იყვნენ საბჭოთა რუსეთის სამხედრო ძალებთან. კომუნისტები აქტიურად ემზადებოდნენ აჯანყებისთვის, მაგრამ მთავარი კომიტეტის წევრების დაპატიმრებამ მათი გეგმები ჩაშალა. საქმის ძიება სოხუმის საოლქო პროკურატურის პროკურორმა დიმიტრი ჩხატარაშვილმა და მისმა თანაშემწე პროკურორმა სულთანოვმა დაიწყეს, სამხედრო გამოძიებას ლეიტენანტი კანდელაკი უძღვებოდა.

წინა გვერდი 1 2 3 4 5შემდეგი გვერდი
Back to top button