ახალი ამბები

საარჩევნო უბნები დაიხურა, ხმის დათვლა დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ზუსტად 8 საათზე და დაიხურა ხმის დათვლის პროცესი დაიწყო. ცესკო-ს მონაცმებით, 8 საათის მდგომარეობით, 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა ჯამში 173 361-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 43.1%-ია.

მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქი – პარლამენტის შუალედური არჩევნები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 34.27%-მა (15 049 ამომრჩეველი) მიიღო, რაც ამომრჩევლების აქტივობის კუთხით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დღეს სხვა ოლქებში გამართულ არჩევნებთან შედარებით. დღის განმავლობაში ამ ოლქში ამომრჩევლის აქტივობის კუთხით, ტენდენცია არ შეცვლილა. 10, 12, 15 და 17 საათების მონაცემებით, ამომრჩევლების ყველაზე დაბალი რიცხვი სწორედ აქ ფიქსირდებოდა.

მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები

დღეს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები ერთდროულად 5 საარჩევნო ოლქში: მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში გაიმართა. აქედან ჭიათურასა და ზესტაფონში მოსახლეობამ მერთან ერთად, საკრებულოს დეპუტატებიც აირჩია. ცესკო-ს მონაცემებით, 20 საათის მდგომარეობით, აღნიშნულ ოლქებში ამომრჩევლების აქტივობის მაჩვენებელი ასეთი იყო:

  • ხულო 58.21% (14 041 ამომრჩეველი);
  • ზესტაფონი 47.03% (25 838 ამომრჩეველი);
  • ზუგდიდი46.88% (56 643 ამომრჩეველი);
  • ჭიათურა43.26% (18 558 ამომრჩეველი);
  • მარნეული35.82% (35 714 ამომრჩეველი).

საკრებულოს შუალედური არჩევნები

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების შუალედური არჩევნები ჭიათურისა და ზესტაფონის გარდა, კიდევ 6 საარჩევნო ოლქში: საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში გაიმართა. ცესკო-ს მონაცემებით, 20 საათის მდგომარეობით, აღნიშნულ ოლქებში ამომრჩევლების აქტივობის მაჩვენებელი ასეთი იყო:

  • საგარეჯო74.56% (340 ამომრჩეველი);
  • ადიგენი 56.41% (634 ამომრჩეველი);
  • წყალტუბო52.05% (194 ამომრჩეველი);
  • ახმეტა50.57 (617 ამომრჩეველი);
  • ოზურგეთი 45.45% (2 313 ამომრჩეველი).
  • ტყიბული 39.85% (1 420 ამომრჩეველი);

ბრიფინგი ცესკო-ში

უბნების დახურვის შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმის მიცემის პროცესის შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. მისივე თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში 89 საჩივარი შევიდა. აქედან 21 მარნეულში, 6 ზესტაფონში, 16 ხულოში, 44 ზუგდიდში , თითო-თითო კი – ოზურგეთისა და თბილისის საარჩევნო ოლქებში.

ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელი ოქმების შესახებ ინფორმაციას მიღებისთანავე გაასაჯაროებს და საზოგადოებას წინასწარი მონაცემების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად მოკლე დროში მიაწვდის.

პოლიტიკური ურთიერთბრალდებები

მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიციისა და ქართული ოცნების მხრიდან ერთმანეთის მისამართით ურთიერთბრალდებები ისმოდა. პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო შტაბებში დღის მანძილზე არაერთი ბრიფინგი გაიმართა. გაერთიანებული ოპოზიცია ქართულ ოცნებას ამომრჩევლის მოსყიდვაში, ზეწოლასა და დაშინებაში ადანაშაულებდა. ოპოზიცია ქართული ოცნების კოორდინატორების ხელში არსებულ ე.წ. სამაგიდო სიებზეც მიუთითებდა, რაც მათივე შეფასებით, სწორედ ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენისთვის გამოიყენებოდა.

ქართული ოცნების ლიდერები საარჩევნო პროცესების მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობაზე მიუთითებდნენ და თავის მხრივ, ოპონენტების მხრიდან პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებების საფრთხეებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. მათივე თქმით, საარჩევნო უბნებთან მათი დამკვირვებლების ყოფნა კანონდარღვევა არ იყო და მათ ამის სრული უფლება ჰქონდათ. რაც შეეხება ამომრჩევლების სიებს, პარტიაში განმარტავდნენ, რომ მათ სიები „აბსოლუტურად ღია წყაროებიდან ჰქონდა მოპოვებული.

დღის განმავლობაში, საარჩევნო ოლქებიდან ყველაზე დაძაბული ფონი ზუგდიდში იყო. ზუგდიდში რამდენიმე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც. სამეგრელოში არსებულ ვითარებაში გარკვევის მიზნით, რეგიონში შს მინისტრი გიორგი გახარიაც ჩავიდა. ჟურნალისტებთან საუბრისას, მან განმარტა, რომ ოპონენტების მხრიდან „არის მცდელობა არაფრისგან თემების შემქნის, თუმცა ყველაფერი არის ნორმალურად“.

შსს-ის ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამცველებმა დღეს 5 პირი დააკავეს, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე დაიწყო. უწყებისავე ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა დაკავებული თავისუფალია.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ შემჯამებელი ბრიფინგი ორივე ძირითადმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გამართა. გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, საზოგადოებას გიორგი ვაშაძემ მიმართა და განაცხადა, რომ ის, რასაც ქართული ოცნება დღის განმავლობაში სხვადასხვა საარჩევნო უბანზე აკეთებდა, „შორს არის რაიმე დემოკრატიული სტანდარტისგან“.

„მოსყიდვა, დაშინება, კორიდორი გაკეთებული საარჩევნო უბნებთან, რომ ამომრჩეველზე ზეწოლა და წნეხი მოეხდინათ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ამან თავისი შედეგი ვერ გამოიღო, ასე რომ გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა“, – განაცხადა მან.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საარჩევნო დღე სერიოზული ხარვეზების გარეშე წარიმართა და საოლქო საარჩევნო კომისიებში „საჩივრების მინიმალური რაოდენობა ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა“.

მანვე დღის განმავლობაში ოპონენტების მხრიდან პროვოკაციებისა და დაპირისპირების მოწყობის მცდელობებს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა: „ყველა იმ ოლქში, სადაც ჩვენი ოპონენტები არ იყვნენ კონცენტრირებულნი განსაკუთრებით დიდი დოზით, პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა. ხოლო იქ, სადაც მათ განსაკუთრებული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული, მათი მხრიდან არ წყდებოდა პროვოკაციებისა და დაპირისპირების მცდელობები“.

ჩუგოშვილმა მხარდამჭერებსა და პარტიულ აქტივს ოპონენტების „პროვოკაციებთან“ სამაგალითო გამკლავებისთვის მადლობა გადაუხადა. „ამ არჩევნებზე ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ“, – დასძინა მანვე.

2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 14 საარჩევნო ოლქში ჩატარდა და 402 019 ამომრჩევლისთვის ჯამში 410 უბანი გაიხსნა.

This post is also available in: ინგლისური რუსული

Tags
Show More

Related Articles

Back to top button