Placeholder canvas
ევროპა

აახენის ხელშეკრულება: პარიზი და ბერლინი ერთიანი ევროპისათვის

Story Highlights
  • მერკელი და მაკრონი ულტრამემარჯვენეების და პოპულისტების წინააღმდეგ ერთიანდებიან
  • ალიანსი ამბიციურია, მაგრამ ლიდერები სუსტ პოზიციაში არიან
  • ევროკავშირის შიგნით სულ უფრო მეტი "კლუბია"
  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ღელავს

22 იანვარს საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის ახალ ხელშეკრულებას, რომელიც მათ შორის მოკავშირეობის გაღრმავებას ითვალისწინებს სწორედ მაშინ, როცა ბრექსიტი და პოპულისტური თუ ნაციონალისტური ძალების მოძლიერება ევროკავშირის ერთობასა და მსოფლიო წესრიგს ემუქრება.

თექვსმეტგვერდიან შეთანხმებას ხელი გერმანიის ქალაქ აახენში მოეწერა. ადგილი სიმბოლურადაა შერჩეული, რადგან სწორედ აქ განისვენებს შარლემანი (Charlemagne), რომელმაც შუა საუკუნეებში დასავლეთი და ცენტრალური ევროპის დიდ ნაწილი გააერთიანა. თარიღიც არ იყო შემთხვევითი – 56 წლის წინათ დაიდო ელისეს ხელშეკრულება (Elysee treaty), რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანიისა და საფრანგეთის შერიგების ქვაკუთხედად იქცა.

ჩვენი თვალით:

ევროკავშირის შიგნით მიმდინარე ცვლილებებზე და ამ პროცესში საქართველოს როლის შესახებ ამასწინათ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე ცვლილებების პერიოდში საქართველომ უნდა მოახერხოს საკუთარი ადგილის პოვნა და ამისათვის მთავრობა კონკრეტულ წინადადებებს ამზადებს.

“მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გავიდა 74 წელი, ერთი კაცის სიცოცხლის ვადა, და აი, უკვე ეჭვქვეშაა ყოველივე ის, რაც თავისთავად ცხად ჭეშმარიტებად მიგვაჩნდა,” განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა (Angela Merkel) ხელმოწერის ცერემონიაზე გამოსვლისას. “სწორედ ამიტომ, საჭიროა განვაახლოთ ჩვენი ერთგულება იმ პასუხისმგებლობისადმი, რომელიც გერმანიასა და საფრანგეთს გააჩნია ევროკავშირში”.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა (Emmanuel Macron) კი მკაცრად აღნიშნა “ისინი, ვინც ივიწყებს [მეორე მსოფლიო ომის შემდეგ] საფრანგეთ-გერმანიის შერიგების ისტორიულ ღირებულებას, წარსულის დანაშაულებათა თანმონაწილენი ხდებიან. ისინი, ვინც სიყალბეს ავრცელებს, სწორედ იმ ადამიანებს აზიანებენ, ვისი უფლებების დაცვასაც ქადაგებენ, რადგან ისტორიის განმეორებას ლამობენ.”

გერმანიაშიც და საფრანგეთშიც ახალ ხელშეკრულებას მკვეთრად აკრიტიკებენ ულტრა-მემარჯვენეები, რომელთა აზრითაც ის ქვეყნების სუვერენიტეტს ზღუდავს. ალექსანდრე გოლანდი (Alexander Gauland), გერმანული ულტრამემარჯვენე პარტიის “გერმანული ალტერნატივის” (AfD) ლიდერი ირწმუნება, რომ პარიზსა და ბერლინს ევროკავშირს შიგნით “ზე-ევროკავშირის” შექმნა განუზრახავთ.

ხელმოწერა კრიტიკულ მომენტს ემთხვევა, როცა ისტორიაში პირველად ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ტოვებს. ამით ბრიტანეთი არღვევს ევროკავშირის განუხრელი პროგრესის ილუზიას, რითაც უდაოდ ისარგებლებენ პოპულისტური და ნაციონალისტური პარტიები ევროპარლამენტის მომავალი არჩევნებისას. ბევრი შიშობს, რომ ეს არჩევნები, რომლებიც მაისშია დაგეგმილი, ევროპის მომავალს საფრთხეს შეუქმნის.

ამბიციების გარეშე

ახალი შეთანხმების მიზანია, შექმნას შთაბეჭდილება რომ ევროკავშირის ფრანკო-გერმანული მოტორი ახალი ენერგიით ამუშავდა, რომ ორი დედაქალაქი მზადაა ევროკავშირის დაცვისა და რეფორმირებისათვის ახალი ძალისხმევა გაიღოს.

თუმცაღა სინამდვილეში, თანამშრომლობა ზედმეტად ამბიციურ მიზნებს ვერ დაისახავს, რადგანაც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მომავლის ხედვა საკმაოდ განსხვავებულია. არც შიდა პოლიტიკური ვითარება აძლევს მერკელსა და მაკრონს გრანდიოზული გეგმების განხორციელების ფუფუნებას.

პოლიტიკურ დეკლარაციაში ჩამოთვლილია ის მიმართულებები, სადაც საფრანგეთსა და გერმანიას თანამშრომლობის გაღრმავება სურთ, თუმცაღა მიგრაცია – ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში ულტრამემარჯვენეებისათვის საკვანძო თემა  – ამ ჩამონათვალში არაა.

პარიზი და ბერლინი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ფრანკო-გერმანული ეკონომიკური სივრცის შექმნას გეგმავენ, რომლის შიგნითაც მეწარმეობის შესახებ კანონმდებლობა ჰარმონიზებული იქნება. ასევე იგეგმება მჭირდრო თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და კლიმატის სფეროებში.

ხელშეკრულებით ორივე ქვეყანამ დადო ურთიერთდახმარების პირობა, მათ შორის სამხედრო ძალითაც, თუკი ეს საჭირო გახდება, თუკი ერთ-ერთს სამხედრო აგრესია დაემუქრება. ამ სფეროში თანამშრომლობის წარსამართად შეიქმნება ფრანკო-გერმანული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭო.

მერკელმა და მაკრონმა განაცხადეს, რომ დაიწყებენ მუშაობას “ნამდვილი ევროპული არმიის” შესაქმნელად. აშშ-ში დონალ ტრამპის (Donald Trump) გაპრეზიდენტებისთანავე, 2017 წელს მერკელმა განაცხადა, რომ ევროპელებმა საკუთარი მომავალი თავის ხელში უნდა აიღონ, რითაც მიანიშნა, რომ უსაფრთხოების სფეროში აშშ-ზე დაყრდნობის პერიოდი დასასრულს უახლოვდებოდა.

საფრანგეთმა აგრეთვე აიღო ვალდებულება, დაეხმაროს გერმანიას გაეროში უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის მიღებაში.

ორი ქვეყანა ითანამშრომლებს, ასევე, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

ევროპული კლუბი

იყო დრო, როდესაც მერკელი და საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (Nicolas Sarkozy) შეიკრიბებოდნენ, კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და მერე ევროკავშირის დანარჩენ, 25 ქვეყანას ამ გადაწყვეტილების აღიარებისაკენ უბიძგებდნენ. ეს განსაკუთრებით ერთიანი ვალუტის, ევროს კრიზისის დროს ხდებოდა.

ის დრო წავიდა. მერკელს, როგორც ლიდერის პოზიციები შეირყა, ევროკავშირის სხვა ქვეყნების ლიდერები უფრო თავდაჯერებით იცავენ თავის  პოზიციებს, ევროკავშირის შიგნით შეიქმნა ახალი და განმტკიცდა ძველი კოალიციები.

თუმცაღა, საფრანგეთსა და გერმანიას შორის კონსენსუსის გარეშე, ევროინტეგრაციის კუთხით ვერაფერი მოხდება.

მერკელი და მაკრონი ერთმანეთს მოკავშირეებად აღიქვამენ ლიბერალური მსოფლიო წესრიგის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში , თუმცაღა მათ ევროპული ინტეგრაციის ხელისშემშლელ საკვანძო მიზეზებად ისინი სხვადასხვა პრობლემებს ხედავენ.

მაკრონი ცდილობდა ევროს ზონის გასაძლიერებლად ამბიციური გეგმები განეხორციელებინა, თუმცაღა ბერლინის სკეპტიკური დამოკიდებულების გამო დათმობებზე წასვლამ მოუწია.

2021 წელს – ან ეგებ, უფრო ადრეც – მერკელი ბერლინის კანცელარიის შენობას დატოვებს. მაკრონისადმი მხარდაჭერის დონე საფრანგეთში უფსკრულისაკენ მიექანება. ამ ვითარებაში, შეძლებს კი ეს ორი ლიდერი ევროპული ინტეგრაციის იდეის გაცოცხლებას და ევროპის მომავლისადმი რწმენის გაღვივებას?!

ევროკავშირ-ები

აახენში შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, იტალიის ულტრამემარჯვენე შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი (Matteo Salvini) ვარშავას ეწვია და პოლონეთის ნაციონალისტურ მმართველ პარტიასთან, “კანონსა და სამართლიანობასთან” (PiS) კოალიცია შეკრა, რასაც ვარშავა-რომის ღერძიც კი უწოდა.

ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა (Sebastian Kurz) გასულ წელს ბევრი ისაუბრა “არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მსურველთა კავშირის” შესახებ იტალიას, გერმანიასა და ავსტრიას შორის.

“ვიშეგრადის ჯგუფი”, რომელშიც ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და პოლონეთი შედის, აქტიურად ლობირებს მიგრაციის წინააღმდეგ და მათი ქვეყნებისათვის ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების დონის შესანარჩუნებლად.

“აჰანსეს ახალი ლიგა“, რომელშიც დანია, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები და შვედეთი შედიან, 2018 წელს შეიქმნა და ფისკალური კონსერვატიზმის მოქადაგე ჩრდილოური სახელმწიფოებისაგან შედგება, რომელთა მიზანიც ევროპის მონეტარული კავშირის რეფორმაა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი (Donald Tusk) გვაფრთხილებს, რომ პარიზი და ბერლინი არ უნდა გადაიქცეს კიდევ ერთ ასეთ კერძო ალიანსად, რომლებიც – მისი აზრით – ევროპული ინტეგრაციის იდეას საფრთხეს უქმნის.

ტუსკის თქმით, მას “სურს სჯეროდეს”, რომ ფრანკო-გერმანული ხელშეკრულება “გამოაცოცხლებს სოლიდარობისა და ერთიანობის აუცილებლობის რწმენას”.

როგორც მან მერკელსა და მაკრონს უთხრა, ორ ქვეყანას შორის განახლებული კავშირი მათ ევროპის გასაძლიერებლად უნდა გამოიყენონ. “დღეს ევროპას სოლიდარობისა და ერთიანობის აუცილებლობის რწმენის გამოღვიძება სჭირდება, და მე მინდა მჯეროდეს, რომ საფრანგეთსა და გერმანიას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა სწორედ ამ მიზანს მოემსახურებაო,” განაცხადა ტუსკმა ისე, რომ მის სიტყვებში აშკარად იგრძნობოდა ეჭვი.

მეტიც, ტუსკმა აღნიშნა: “პირდაპირ გეტყვით – დღეს ევროპას პარიზიდან და ბერლინიდან ნათელი ნიშანი სჭირდება, რომ შეზღუდულ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავება ვერ შექმნის ევროპაში ყველას თანამშრომლობის ალტერნატივას. ასეთი [ორმხრივი] თანამშრომლობა [ევროპის] ინტეგრაციის წასახალისებლად უნდა ხდებოდეს და არა ინტეგრაციის ნაცვლად,” აღნიშნა ტუსკმა თავის გამოსვლაში.

Via
EUObserver
პირველწყარო
France and Germany hope to revive EU with Aachen treaty

მსგავსი/Related

Back to top button