ინტერვიუმოსაზრება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ საქართველოს ევროპული პოლიტიკის შესახებ

Tags

ბრიუსელში მდებარე EURadio-მ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. Civil.ge ფრანგულად ჩაწერილი ინტერვიუს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილის არაოფიციალურ თარგმანს გთავაზობთ:

ევროკავშირი და საქართველო

ევროკავშირის ოფიციალური პირების [ვისაც მე შევხვდი] დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ძალიან დადებითია. ჩვენ „კარგი მოსწავლე“ ვიყავით ევროპული პარტნიორობის, ასევე ასოცირების შეთანხმების კუთხით, რომელსაც უკვე ბოლო ხუთი წელია ვახორციელებთ. ამჟამად, კითხვა დგას ასე – საით მივდივართ, განსაკუთრებით იმ მღელვარების გათვალისწინებით, რასაც ევროკავშირში აქვს ადგილი.

სირთულე იმასთან დაკავშირებით, რომ მომდევნო ნაბიჯი გადავდგათ [საქართველოს და ევროკავშირის დაახლოების თვალსაზრისით], ევროკავშირიდან მოდის და არა ჩვენგან…

როგორც ხშირად მითქვამს, როდესაც SciencesPo-ში ევროკავშირის განვითარებას ვასწავლიდი, კრიზისების შემდეგ, ევროკავშირი ყოველთვის წინ დგამდა ნაბიჯებს.

ამიტომაც, თუ ვითარებას ოპტიმისტურად შევხედავთ, ამჟამინდელი კრიზისი – ბრექსიტი, პოპულიზმის ზრდა ევროპაში – ალბათ აიძულებს ევროკავშირს, რომ საკუთარ კონფიგურაციას გადახედოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ სასტარტო პოზიციაზე ვართ და ველით ახალი ვითარების ჩამოყალიბებას.

ახლა რამდენიმე ახალი იდეა განიხილება, როგორიცაა პარტნიორობის გაღრმავება, რასაც შესაძლოა გაფართოების რეჟიმი მოჰყვეს, რომელიც ნაკლებად პრობლემურია გარკვეული ქვეყნებისთვის, [ევროპული ცენტრის გარშემო] სხვადასხვა ხარისხის პარტნიორული წრეების შექმნის თვალსაზრისით.

თავად ბრექსიტმაც შესაძლოა მოიტანოს, თუ ის ძალიან დრამატული არ იქნება, ახალი შესაძლებლობები, ვინაიდან შედეგად დიდი ბრიტანეთისთვის რამდენიმე ინდივიდუალური ფორმატი შეიქმნება და, შესაძლოა, საქართველომაც გამოიყენოს ზოგიერთი ეს ფორმატი.

გარკვეულწილად, გაერთიანებული სამეფო და საქართველო, რა თქმა უნდა, განსხვავებული მასშტაბის გათვალისწინებით, მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან; ევროკავშირის გარეთ, თუმცა არა მთლიანად, რადგანაც მათ სწორედ ახლა დატოვეს კავშირი, ხოლო ჩვენ ჯერ არ გავწევრიანებულვართ.

ბათუმის კონფერენცია

ჩვენი მიზანია, რომ გამოვიყენოთ ცვლილება [ევროკავშირში], მაისში ევროპარლამენტის არჩევნების დროს და ასევე, ვინაიდან ახლოვდება ევროპული პარტნიორობის 10 წლისთავი, ბათუმში ამ ზაფხულს, ივლისში კონფერენციის ორგანიზება უზრუნველვყოთ.

გვინდა მოვიწვიოთ პარტნიორი სახელმწიფოები, ევროკავშირის ოფიციალური პირები და ჩვენსავით ასოცირებული სახელმწიფოები. ეს იქნება კონფერენცია, სადაც ჩვენ საკუთარ წინადადებებს წარვადგებთ. ვინაიდან ივლისში ევროკავშირი არ იქნება იგივე, რაც ახლა არის, შეგვიძლია ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ განვიხილოთ, თუ რის გაკეთებას შევძლებთ მომავალში.

იმის გათვალისწინებით, რომ ტრანზიციის პროცესი ევროკავშირში სულ ცოტა, წლის ბოლომდე გაგრძელდება და [ბრიუსელი] ვერ შეძლებს ახალი წინადადებების წარმოდგენას, შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს სივრცე და ჩვენი საკუთარი წინადადებები, მოთხოვნები და შეხედულებები გავახმოვანოთ, რაც ჩვენი ძლიერი მხარეა.

[ერთ-ერთ ჩვენი ძლიერი მხარე ისაა, რომ საქართველო] მკაფიოდ პრო-ევროპული სახელმწიფოა და ეს იმ დროს, როდესაც ასეთების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. იშვიათობა ხდება, რომ თავიდან ფეხებამდე ევროპის მხარდამჭერი იყო. ცოტა ხნის წინ ჩვენი ევროპული სწრაფვა კონსტიტუციაში ავსახეთ, ჩვენმა მოსახლეობამ დეკემბერში პრეზიდენტი აირჩია, რაც ასევე ევროპულია და საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევა დაახლოებით 70 %-ით ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს.

ჩვენი მეორე უპირატესობაა სტაბილურობა რეგიონში, სადაც ამ პერიოდში არასტაბილურობის ფაქტორები უფრო მეტია… და [ჩვენ შეგვიძლია ამის მიღწევა] მიუხედავად ყველა გამოწვევისა – ჩვენი ოკუპირებული რეგიონები, რუსეთის მიერ ჩვენს მიმართ განხორციელებული აგრესიული ქმედებები, რომელიც განაგრძობს ზეწოლას საოკუპაციო ზონების საზღვრებზე, მათ შორისაა გატაცებები. ამჟამად, მათ [საოკუპაციო ხაზებზე] გადასვლის უფლება აკრძალეს. ყველა ეს ქმედება მუდმივად ხორციელდება, მათი მხრიდან ზეწოლას მუდმივი ხასიათი აქვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოში სტაბილურობა შენარჩუნებულია.

ამ თვალსაზრისით, ჩვენ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან საყრდენს წარმოვადგენთ ახლო სამეზობლოში, რომლის შენარჩუნებაც საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთი მეზობლები გვყავს, როგორიცაა რუსეთი, ასევე თურქეთი და ირანი, ხოლო უფრო სამხრეთით სირია…

ამრიგად, შავი ზღვის რეგიონში ჩვენ საყრდენს წარმოვადგენთ, რომელსაც ასევე შეიძლება დავუმატოთ სომხეთი, რომელიც ბოლო არჩევნების შემდეგ, სურვილს გამოხატავს, რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეს საქართველოს (თუმცა, შორს არც არასდროს ვყოფილვართ), ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით ჩვენი გამოცდილების გამოყენებით. ცალსახაა, რომ ისინი ამას უფრო გვიან აკეთებენ და, შესაძლოა, მათთვის საგარეო პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებები არ იყოს შესაძლებელი, მაგრამ, სხვა რომ არაფერი, ჩვენ მარტოები აღარ ვართ. აზერბაიჯანი ისევ იჩენს დაინტერესებას ევროკავშირის მიმართ, რაც ევროპისთვის კარგი სიახლეა. ჩვენ ჩინეთსა და ევროპას შორის ნახევარი გზა გვაქვს გავლილი, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ეს ასევე ქმნის ინტერესს ეკონომიკური თვალსაზრისით.

შავის ზღვის ინიციატივა

ერთ-ერთი ჩვენი თხოვნა შავ ზღვაზე შემდგომი ტრანზიტის განვითარებას ეხება.

ვერ დავუშვებთ იმას, რომ შავ ზღვაზე უსაფრთხოება შემცირდეს და მხოლოდ უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების გამო მოხვდეს რუკაზე – აზოვის ზღვა, ყირიმი. რეალურად, ტრანსპორტისა და ვაჭრობისთვის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს.

ჩვენი თვალსაზრისით, თუ ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობებზე ვფიქრობთ, იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რომლებიც უკვე გადავდგით – უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო ზონა, ასოცირების შეთანხმება – დამატებითი ნაბიჯი, რომელიც, შესაძლოა, გადაიდგას, ფიზიკური დაახლოების ზრდას უკავშირდება.

ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, პირდაპირი საბორნე კავშირის ქონა ადამიანებისთვის და საქონლისთვის, [დაახლოების] ძალიან კონკრეტული, ძალიან ხელშესახები საშუალებაა.

ჩვენ მოვახერხეთ ამ მიდგომის ინტეგრირება სატრანსპორტო ქსელის დაგეგმარებაში, რომელმაც – არა პირდაპირი დაფინანსების, არამედ საინვესტიციო პროექტის თვალსაზრისით – საქართველოს მასშტაბით სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარებისთვის დაახლოებით 3.5 მილიარდი ევროს მხარდაჭერა მიიღო.

თავდაპირველად, პროექტი ძირითადად საქართველოს შიდა ტრანსპორტის და ლოჯისტიკის მხარდაჭერას ითვალისწინებდა, მაგრამ ჩვენ მისი შეცვლა ვთხოვეთ, კონკრეტულად კონსტანცასთან [რუმინეთი] კავშირის გამო. აუცილებლად ვესტუმრებოდი რუმინეთს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და ასევე დაინტერესებულია ამ პროექტით, რომელიც ახალი არ არის, თუმცა მანამდე საკმარისი მხარდაჭერა არასდროს ჰქონია.

დე ფაქტო წევრობა?

ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომელსაც უფრო თანმიმდევრულად შევიმუშავებთ და წარვადგენთ ბათუმში, გულისხმობს იმის დანახვას, შევძლებთ თუ არა გავხდეთ [ევროკავშირის] წევრები [პრაქტიკული თვალსაზრისით] ფაქტობრივი წევრობის გარეშე.

ჩვენ უკვე ბევრ პროგრამას ვახორციელებთ, მათ შორისაა Erasmus+, რომლის შემდგომ განვითარებაზეც შევთანხმდით. ასევე, ვიმუშავებთ სხვა იდეებზეც… რა თქმა უნდა, არსებობს საკითხები, რაზეც შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ და კონკრეტული თხოვნები და ჩვენი რეალური ინტერესები გავახმოვანოთ, მაგალითად გარემოს დაცვის, შრომის უფლებების კუთხით.

შრომის უფლებები

ამ სფეროში კონკრეტული პრობლემის წინაშე ვდგავართ, სადაც ევროკავშირის მხარდაჭერა დაგვჭირდება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ეკონომიკური განვითარება პრიორიტეტულია შრომის უფლებებზე და ვინაიდან ინვესტიციების დიდი ნაწილი უცხოურია, მთავრობა ზოგჯერ თავს იკავებს მკაცრი ჩარჩოს შექმნისგან. ამ სფეროში, სავარაუდოდ, ევროკავშირის რესურსები და მხარდაჭერა დაგვჭირდება, რათა ის ნაბიჯები გადავდგათ, რომელთა გადადგმაც გვესაჭიროება.

რეფორმები: წარმატებები და ნაკლოვანებები

ყველაზე პოზიტიური ცვლილებები ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება, რაც გვეხმარება, რომ ევროპული ცხოვრების სტილს, ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდეთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრების ჩვენ სტილს ვკარგავთ.

ხშირად, ეს არის იდეა, რომელსაც რუსული პროპაგანდა ავითარებს, რომ ევროპასთან დაახლოება იდენტობის დაკარგვას ნიშნავს. იგივე იდეა ხშირად გვხვდება პოპულისტურ პარტიებს შორის ევროპაში. ეს იდეა უჩვეულო არც საქართველოშია, თუმცა ჯერჯერობით ის პოლიტიკურ პოპულიზმში არ აისახება [ძალიან ძლიერად]. სწორედ აქ უნდა მივაღწიოთ პროგრესს და არ უნდა დავუტოვოთ ღია მოედანი იმ პარტიებს, რომლებიც ამ იდეებს აიტაცებენ…

რაც შეეხება ნაკლოვანებებს, ჩვენ ვერ მოვაგვარეთ გაყინული კონფლიქტები და პირიქით, ოკუპაციისა და დამოუკიდებლობის აღიარების თვალსაზრისით სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, რაც ამ ორი რეგიონის იზოლაციის გაღრმავებაში გამოიხატება.

პოლიტიკური პოლარიზაცია

ჩვენ ყოველთვის ვიყავით პოლიტიზებული ქვეყანა. საბჭოთა კავშირის პირობებშიც კი საქართველო უფრო პოლიტიზებული და თავისუფლად მოაზროვნე იყო, ვიდრე სხვა რესპუბლიკები. ვფიქრობ, ეს ჩვენი მემკვიდრეობაა. ასევე, ვინაიდან სამხრეთული ქვეყანა ვართ, ჩვენ, ისევე როგორც ცხოვრების სხვა სფეროებში, ზედმეტად ჩართულები ვართ პოლიტიკაში. ამას შეგვიძლია დავუმატოთ პოლარიზაცია, რომელიც მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. იგივე ტენდენცია შეინიშნება იმ ქვეყნებშიც, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ სულაც არ იყვნენ პოლარიზებულები.

არსებობს სოციალური ქსელების გავლენა, მოდერნიზაციის დაძაბულობა, იმ არჩევანით, რომელიც სულ უფრო და უფრო რადიკალურია, ხალხს არ აინტერესებს შუალედური გზა.

ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, იყო რუსეთის ქმედებები, მისი „რბილი ძალა“, რაც ყალბი სიახლეების მეშვეობით უთანხმოებაზე ყურადღების გამახვილებაში ეხმარება.

მათი სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ არსებულ დაძაბულობებზე გაამახვილონ ყურადღება, სადაც არსებობს ისტორიული დაძაბულობა ქვეყნებს შორის, ესაა მათი სამიზნე. ამისთვის, მათ ძალიან დახვეწილი მეთოდები აქვთ.

ამრიგად, ერთ-ერთი ამოცანა, რომელსაც მე ჩემთვის ვხედავ, ამ უკიდურესად სასტიკი უთანხმოებების გადალახვაა. ეს არ ნიშნავს ერთნაირი შეხედულებების ქონას, ან პარტიული უთანხმოებების აღმოფხვრას, არამედ ეს ნიშნავს წარმატების მიღწევას, გარკვეულ თემებზე ერთად მუშაობას.

გარკვეულწილად პარადოქსია, მაგრამ [მიუხედავად აშკარა პოლარიზაციისა], მნიშვნელოვან საკითხებზე შეხედულებების ძლიერი თანხვედრა არსებობს [პოლიტიკურ ოპონენტებს შორის]. ესაა ნატო, ევროკავშირი, ქართული საზოგადოების ტრანსფორმაციის საჭიროება. მაგალითად, ევროპულ ქვეყნებთან შეთანხმება შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის თაობაზე. თუ კონკრეტულ თემებს ავიღებთ, დიდი სხვაობა არ არსებობს. ქართულ საზოგადოებაში კონსენსუსია მთავარ თემებზე, როგორიაა ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთთან ურთიერთობები.

პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით

ერთადერთი სხვაობა იმ პარტიებთან, რომელთაც ჩვენ „პრორუსულს“ ვუწოდებთ, თუმცა რეალურად არ არიან პრორუსულები, არის ის, რომ მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთთან დიალოგი ახლავე უნდა დაიწყოს, ხოლო დანარჩენები, მათ შორის მე, მივიჩნევთ, რომ

ჩვენ ვერ დავიწყებთ დიალოგს, სანამ ტერიტორიები ოკუპირებულია, თუ არ იქნება რაიმე სიგნალი რუსული მხრიდან, რომ მათი პოზიცია შეიცვლება, ან თუ არ იქნება რაიმე სიგნალი ჩვენი მოკავშირეების – ამერიკის და ევროპის მხრიდან, რომ ისინი მოითხოვენ [რუსეთის] პოლიტიკის ასეთ ტრანსფორმაციას.

იმისათვის, რომ პუტინთან დიალოგი დავიწყოთ, რომლის განცხადებებიც და ქმედებებიც დღითიდღე სულ უფრო მკაცრი ხდება, საჭიროა ერთი ან მეორე პირობა არსებობდეს… მე დიპლომატი ვარ და მიმაჩნია, რომ დიალოგი ყოველთვისაა ის ფორმატი, რომელზეც უარი არ უნდა ვთქვათ, თუ შედეგების მიღება გვსურს, მაგრამ პოზიტიური განვითარებისთვის გარკვეული [პოლიტიკური] კონტექსტი და მნიშვნელოვანი ელემენტებია საჭირო.

ამ ეტაპზე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია. საჭიროა, რომ არსებობდეს გარკვეული პირობები, არაფორმალური დისკუსიები და არაფორმალური დისკუსიებისთვისაც კი არ უნდა გამართონ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ასეთი დიალოგი, თუ ეს შთაბეჭდილებას უქმნის ჩვენს მოსახლეობას, რომ მათ არაფრის სანაცვლოდ პრინციპულ პოზიციაზე თქვეს უარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button