skip to content
ახალი ამბები

ბათუმის პორტს აშშ-ის სამხედრო ხომალდი სტუმრობს

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Donald Cook (DDG 75) 21 იანვარს რეგულარული გადაადგილების ფარგლებში ბათუმის ნავსადგურს ესტუმრა.

აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპული სარდლობის ინფორმაციით, სამხედრო ხომალდმა შავი ზღვისკენ გეზი 19 იანვარს აიღო და მისი მიზანი „საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელება და რეგიონში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან საზღვაო სტაბილურობის, ერთობლივი მზადყოფნის და საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაა“.

გემის კაპიტანმა მეთიუ პაუელმა განაცხადა, რომ შავ ზღვაზე ხომალდის შესვლის მიზანი საზღვაო ძალების უსაფრთხოების საერთო მიზნებთან თავსებადობის დემონსტრირებაა.

21 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ „შავ ზღვაში ყოფნისას სამხედრო ხომალდი Donald Cook მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და მეექვსე ფლოტის მიზნებს“.

საელჩომ ასევე აღნიშნა, რომ „ხომალდის ვიზიტი ხელს შეუწყობს აშშ-ის რეგიონული პარტნიორების საზღვაო უსაფრთხოების, სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას“.

სამხედრო ხომალდი Donald Cook პირველად საქართველოს 2007 წელს სტუმრობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button