ახალი ამბები

საქართველო ადამიანის უფლებების შესახებ Human Rights Watch-ის ყოველწლიურ ანგარიშში

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch 17 იანვარს ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2018 წელს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

საქართველოსთან მიმართებაში ანგარიშში წუხილებს შორის ჩამოთვლილია „გაუმართებლად მკაცრი“ ნარკოპოლიტიკა, სამსახურებრივი უსაფრთხოება და შრომის უფლებები, დისკრიმინაცია ლგბტ პირების მიმართ, მედია პლურალიზმის წინაშე არსებული საფრთხეები, სამართალდამცავების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოუძიებლობა და სხვა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში სამართალდამდამცავების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება.

„ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები იმ მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც სამართალდამცავების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას გამოიძიებს, თუმცა მას სრული დამოუკიდებლობა არ მიანიჭა… გამოძიებას, დაწყების შემთხვევაში, ისეთი ბრალის წარდგენა მოყვებოდა, რომელიც ნაკლებ, არასათანადო სანქციებს ითვალისწინებდა და იშვიათად თუ სრულდებოდა გასამართლებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

უფლებადამცველი ორგანიზააცია ასევე აღნიშნავს, რომ მართალია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული საქმეების რაოდენობა შემცირდა, ხელისუფლება „კვლავ იყენებს მკაცრ კანონებს ნარკოტიკების მოხმარებისა და პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკების ფლობისთვის პირთა დასასჯელად“.

„ნარკოდანაშაული ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით, ჯარიმით და სხვა უფლების ჩამორთმევით სრულდება, მათ შორისაა მანქანის ტარების უფლება და რიგი პროფესიული საქმიანობის განხორციელება“, – ნათქვამია ანგარიშში.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებები „საზოგადოებაში ფართოდგავრცელებულ ჰომოფობიას წარმოშობენ“.

ანგარიში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ სამართლებრივ დავასაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ ამგვარმა განვითარებამ „ხელისუფლების მიერ მედიის საქმიანობაში ჩარევის თაობაზე წუხილები წარმოშვა“.

ორგანიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ არჩევნებმა „ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში წარსულში და ამჟამად არსებული პრობლემები პოლიტიკური დებატების წინა ხაზზე წამოწია“.

Human Rights Watch-ი მიესალმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ჩამოყალიბებას, რომელიც ოჯახში ძალადობის, სიძულვილთან დაკავშირებული დანაშაულების და ბავშვების მიერ და მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას კურირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button