skip to content
ევროპამთავარი თემა

ბრექსიტი: აურზაური ვესტმინსტერში

საბა ბრაჭველი, ლონდონიდან

გემახსოვრებათ, რომ ბრექსიტის „ფინალური სეზონი“ 11 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა სიტუაცია ისე განვითარდა, რომ პირველი ეპიზოდი შეგვიძლია უკვე გამოსულად ჩავთვალოთ. ტერეზა მეის (Theresa May) კაბინეტმა ჯერ ბრექსიტის შესაძლო შედეგების შესახებ მომზადებული მოხსენება პარლამენტს არ წარუდგინა, შემდეგ კი ევროკავშირთან შეთანხმებულ პროექტზე კენჭისყრა საერთოდ მოხსნა დღის წესრიგიდან, რამაც მოვლენები ელვის სისწრაფით განავითარა.

 

ტერეზა მეი დიდებული პოლიტიკოსია. მყვირალა სათაურებისა და ირონიის მიღმა ის არის ადამიანი, რომელმაც წლების განმავლობაში 47 ათასი პოლიციელი დაითხოვა, შემდეგ კი ტერორიზმის ზრდა საზოგადოებრივ გულგრილობას გადააბრალა. ის არის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერდა ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას, მაგრამ სწორი მანევრირების შედეგად შეძლო, ბრექსიტის ბილეთით გამხდარიყო პრემიერ მინისტრი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, მრავალი მხრიდან თავს დამტყდარი კრიტიკის ქარცეცხლის მიუხედავად, მან როგორღაც შეძლო და არცერთხელ არ უპასუხა კითხვას, თუ რას ნიშნავდა ბრექსიტი, ან კონკრეტულად რა შეიცვლებოდა 2019 წლის აპრილიდან. მეიმ გაგვაგებინა მხოლოდ ის, რომ ბრექსიტი „წითელ, ლურჯი და თეთრ ფერებში გამოიყურება” და საერთოდაც, Brexit means Brexit!

თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი და პრემიერის სავარძელს საძირკველი უკვე საფუძვლიანად მოერყა. გარდა ჯერემი კორბინისა (Jeremy Corbyn), გასულ დღეებში მისთვის უნდობლობის გამოცხადება მთავარი შოტლანდიური პარტიის, ვესტმინსტერის მესამე ძალის – SNP-ის ლიდერმა, ნიკოლა სტარჯონმაც (Nicola Sturgeon), ღიად ისურვა. თუმცა ყოფილი შს მინისტრისთვის ყველაზე შემაშფოთებელი თავად კონსერვატორთა იმ ნაწილის აშკარა გააქტიურება უნდა იყოს, რომელიც ტერეზა მეის ღიად დაუპირისპირდა.

ბეწვის ხიდზე

როგორც ადრე აღვნიშნეთ, ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან შეთანხმებულმა პროექტმა სამართლიანად დაიმსახურა როგორც „ბრექსიტერების“ (ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთა), ისე – „რიმეინერების“ (ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა) აღშფოთება. ამ პროექტის მიხედვით, გაერთიანებული სამეფო რჩება ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. შესაბამისად, ბრიტანეთი მილიარდობით ფუნტს გადაიხდის იმაში, რომ„გარდამავალი პერიოდის“ განმავლობაში შეასრულოს ევროკავშირის ყველა რეგულაცია, თუმცა ამ რეგულაციების მიღების პროცესში არ ჰქონდეს ხმის უფლება.

სამთავრობო კაბინეტის შიდა მონაცემებით აშკარა გახდა, რომ 11 დეკემბერს დაგეგმილი კენჭისყრა გარდაუვალი მარცხისთვის იყო განწირული, ამიტომ ტერეზა მეიმ გაურკვეველი ვადით მოხსნა კანონპროექტი. მან ასევე უარი თქვა ექსპერტთა მიერ მომზადებული ანგარიშის პარლამენტისთვის წარდგენაზე, რამაც პარლამენტართა ერთსულოვანი აღშფოთება გამოიწვია. 1970 წლის შემდეგ პირველად, ვესტმინსტერმა მთავრობა პარლამენტისადმი უპატივცემულობაში ამხილა.

კაბინეტისადმი დამტყდარი კრიტიკის ქარცეცხლი შესაფერის მომენტად მიიჩნია ახლად გადამდგარმა მინისტრმა, დომინიკ რააბმა (Dominic Raab) და რადიკალი ბრექსიტერების მეშვეობით შიდაპარტიულ გადატრიალებას შეეცადა.

საქართველოს მსგავსად, მთავრობის შეცვლა გაერთიანებულ სამეფოშიც ორი გზით შეიძლება – მთავრობას უნდობლობა უნდა გამოუცხადოს პარლამენტმა (vote of no confidence), ან საკუთარმა პარტიამ (leadership challenge). პირველ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება, ხოლო მეორე შემთხვევაში მთავრობას ისევ უმრავლესობის მქონე პარტია აკომპლექტებს (მაგალითად, როგორც კვირიკაშვილი შეცვალა ბახტაძემ).

რეგლამენტის თანახმად, თუ ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მოისურვებს, მაგრამ კენჭისყრას წააგებს, ამ საკითხის განმეორებით განხილვა მინიმუმ 1 წლის განმავლობაში აღარ დაიშვება. შესაბამისად, ლეიბორისტული პარტია ჯერ კიდევ არ იყენებს ამ შესაძლებლობას და შესატევად ყველაზე შესაფერის მომენტს ელოდება.

შიდაპარტიული უნდობლობის გამოცხადება ასეთ რეგულაციას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ბრექსიტერებმა მეის უნდობლობის გამოცხადება მოითხოვეს. ოთხშაბათს ტერეზა მეიმ კიდევ ერთხელ გაიარა ბეწვის ხიდზე. და კიდევ ერთხელ გადარჩა.

ბრძოლა მოწამლული მანტიისთვის

ბრექსიტი თანდათან ემსგავსება უფსკრულისკენ გაქანებულ მატარებელს, რომელიც, პირველ რიგში, მისივე მესაჭის პოლიტიკურ კარიერას დაასამარებს.

რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე პრემიერის პოსტის დატოვება დევიდ კამერონის (David Cameron) ერთ-ერთ ყველაზე გამჭრიახი მოქმედება იყო. თუმცა, პრემიერობის მსურველთა რიცხვი კვლავ არ მცირდება.

ტერეზა მეის მთავარ მეტოქედ, დომინიკ რააბის აქტიურობის მიუხედავად, ბორის ჯონსონი (Boris Johnson) უნდა ჩაითვალოს – მეის კაბინეტის კიდევ ერთი ყოფილი წევრი. ჯონსონი როგორღაც ახერხებს და პოლიტიკური ისთებლიშმენთის შუაგულში ტრიალს თავისუფლად უთავსებს „ხალხის კაცად“ თავის წარმოჩენას. წარუმატებელი მინისტრობისა და კომპეტენციასთან დაკავშირებით არსებული კითხვის ნიშნების მიუხედავად, ის ‘არჩევადია’, ამიტომაც მეისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

„ხალხის კაცად“ თავის წარმოჩენაზე არ ზრუნავს სხვა პრეტენდენტი – ჯეიკობ რის-მოგი (Jacob Rees-Mogg). მას უფრო ვიქტორიანული ყაიდის მორალითა და შეხედულებებით მოაქვს თავი და ამ ყოველივეს მეცხრამეტე საუკუნის დროინდელ მანერებსა და ლექსიკას წარმატებით უხამებს.

რაც შეეხება ნაიჯელ ფარაჟს (Nigel Farage) – UKIP-ის ყოფილ ლიდერსა და ბრექსიტის მთავარ შემოქმედს, ამ დროისთვის ის აშკარა აუტსაიდერია. კონსერვატორული ისთებლიშმენთი მის მიმართ დადებითად არაა განწყობილი, მოხშირდა ხმები რუსულ ფულთან მისი კავშირის შესახებ და ცოტა ხნის წინ საკუთარი პარტიის დატოვებაც მოუხდა.

მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მანევრირებისა და პოლიტიკური ალღოს კუთხით ვერც ერთი პრეტენდენტი მოქმედ პრემიერს ვერ შეედრება.

ტერეზა მეი მართლა განსაკუთრებული პოლიტიკოსია. ქარიზმატული კემერონისგან განსხვავებით, ის თითქმის არავის უყვარს, მაგრამ ყველა აფასებს, რადგან მხოლოდ მას ახასიათებს განსაცვიფრებელი შესაძლებლობა, როგორღაც აირიდოს ყველა შეტევა და უმძაფრესი კრიზისის დროს, კრიტიკის ქარცეცხლშიც კი, არ დაკარგოს მთავარი – ძალაუფლება. ტერეზა მეის განსაკუთრებულობას ყველაზე იდეალურად და ლაკონიურად ფრენკი ბოილი აღწერს აუცილებლად სანახავ კლიპში.

ამჟამად პრემიერმა 200 ხმით 117-ის წინააღმდეგ გაიმარჯვა. ერთი მხრივ, ეს დამაიმედებელია, რადგან აჯანყებული კონსერვატორების ენთუზიაზმი ცოტა ხნით დაცხრება. თუმცა, საკუთარი პარტიის მესამედზე მეტის უნდობლობა მალე შეიძლება დაბრუნდეს უკან.

 

საგულისხმოა, რომ გამარჯვების შემდეგ ტერეზა მეი ბრიუსელისკენ გაემართა. ვიზიტის მიზანი ბრექსიტის შეთანხმების გაუმჯობესებაა, რასაც ევროკავშირი კატეგორიულად გამორიცხავს. ჯერჯერობით, მოლაპარაკებას კარგი პირი არ უჩანს – რთული წარმოსადგენია, შიდა განხეთქილებებით  დასუსტებულმა პრემიერმა ევროკავშირს მომგებიანი პოზიცია შეაცვლევინოს. ოთხშაბათს იაპონიასთან მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ბრიუსელში ნამდვილად კარგ ხასიათზე იმყოფებიან.

საინტერესოა შესაძლებლობაც, რომელიც ევროკავშირის სასამართლომ ბრიტანეთის პარლამენტს დაუტოვა. პარლამენტს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ბრექსიტის პროცესი და დარჩეს ევროკავშირში მომგებიანი პირობებით. კაბინეტმა ამ შესაძლებლობის გამოყენება გამორიცხა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელახალი რეფერენდუმისა და საპარლამენტო კენჭისყრისთვის მხოლოდ 3 თვე რჩება, მოვლენების მსგავსი განვითარება კიდევ უფრო ფერმკრთალდება.

თუმცა, სანამ ბრექსიტის პერსპექტივასა და კონსერვატორთა ამბოხს განვიხილავთ, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. პარლამენტარები ტრიბუნების გარეშე, ერთმანეთის გვერდით და პირისპირ სხედან, კამათობენ, ერთმანეთს აკრიტიკებენ და თუნდაც სიმხდალეში ადანაშაულებენ, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება წესრიგის დაცვით, ჩხუბისა და გინების გარეშე.

ბრიტანელ პრემიერ მინისტრებს, პარლამენტის წევრებსა და თავმჯდომარეებს შეუძლიათ არა მხოლოდ აიტანონ, არამედ მწარედ იხუმრონ თუნდაც საკუთარ დამარცხებაზე, ან მიწასთან გაასწორონ საკუთარი პარტიის წარმომადგენელი გავლენიანი მინისტრი ირიბი სექსიზმის გამო. წესრიგის შენარჩუნებისთვის მიკროფონის გამორთვა, ან მანდატურთან ჯაჯგური საჭირო არაა. იქნებ, სანამ უფრო მაღალ მატერიებზე გადავიდოდნენ, ჯერ მსგავსი კულტურის დამკვიდრებაზე ეფიქრათ ქართველ პოლიტიკოსებსაც.

 

 

მსგავსი/Related

Back to top button