არჩევნები 2018ახალი ამბები

საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის დათვლა დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოში ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად საღამოს 8 საათზე დაიხურა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო.

ცესკოს განმარტებით, 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 1 975 845 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 56.23 %-ია. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 46.74 % იყო (1 637 956 ამომრჩეველი).

ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა – 72.72 % ქედაში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი 43.12 %კი წალკაში. რაც შეეხება თბილისს, საღამოს 8 საათის მონაცემებით, აქ ამომრჩევლის აქტივობა 55.9 % იყო.

ცესკოს განმარტებით, ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად საღამოს 8 საათზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო. ცესკო-ს ცნობით, არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო შემჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე, ეტაპობრივად, სპეციალურ ვებგვერდზე – www.results.cec.gov.ge – ზე განათავსებს.

საარჩევნო უბნების დახურვასთან ერთად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ მათივე დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ეგზიტპოლის ორივე შედეგის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იგებს („რუსთავი 2“ – 55 %, „იმედი“ – 58 %).

თუკი, ეგზიტპოლის შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს დაემთხვევა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდება და ის ამ პოსტზე მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეცვლის. გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მეთაურის მოვალეობას 2013 წლიდან ასრულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button