ახალი ამბები

ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატები მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ

Tags

ხვალ, 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს ბოლოჯერ აირჩევს. წინასაარჩევნო კამპანიები დაასრულეს საპრეზიდენტო კანდიდატებმაც და მათ არჩევნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოსახლეობასთან დასკვნითი შეხვედრა დუშეთში გამართა და შეკრებილებს არჩევნებში აქტიურობისკენ სწორედ იქიდან მოუწოდა. მისი თქმით, ხვალ მოსახლეობა არ ირჩევს ვაშაძეს და ნაციონალურ მოძრაობას, არამედ ვაკეთებთ არჩევანსა „საქართველოს და არასაქართველოს, ყოფნას და არყოფნას“ შორის.

გრიგოლ ვაშაძემ შეკრებილებს 28 ოქტომბრის არჩევნებზე იმ ამომრჩევლის მიყვანა, სთხოვა, რომელსაც ეს გეგმაში არ აქვს. „უთხარით ასეთი რაღაც, შენი წამოსვლა შენი შვილისთვის და შვილიშვილისთვის ხმის მიცემაა და შენი სახლში დარჩენა ივანიშვილისა და კრიმინალური ბანდებისთვის ხმის მიცემა“, – მოუწოდა მან მხარდამჭერებს და დასძინა „ნუ შეგეშინდებათ მეგობრებო, რომ ვინმე დაინახავს, რა შემოხაზეთ, შემოხაზეთ, რასაც გული, გონება და სინდისი გკარნახობთ”.

ვაშაძის შეფასებით, „სწორედ ამ არჩევნებზე არის დამოკიდებული, საერთოდ გვექნება თუ არა მომავალში არჩევნები, თუ გვეყოლება ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფება 2030 წლამდე”. მანვე ქალებს ცალკე მიმართა და განაცხადა “მოკიდეთ თქვენს მამაკაცებს ხელი და წაიყვანეთ არჩევნებზე”.

დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ამომრჩეველთან ბოლო კომუნიკაცია გუშინ Facebook-ის პირდაპირი ჩართვის სახით დაამყარა და მათ აქტიურობისკენ ამ ფორმით მოუწოდა. ბაქრაძემ განმარტა, რომ ნებისმიერ არჩევნები არის „რეფერენდუმი ჩვენს მომავალზე და ხვალინდელ დღეზე“. „თითოეულ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ არჩევნები არის მისი და არა ჩემი…თქვენია არჩევნები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ამიტომ, უნდა მოხვიდეთ, ბევრი ადამიანი უნდა მოხვიდეთ ამ არჩევნებზე და როდესაც ბევრი ადამიანი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და ბევრი ადამიანი მოითხოვს ცვლილებას, ვერანაირი გაყალბება აქ ვეღარ იმუშავებს. ამიტომ, პირველი რაც მინდოდა მეთქვა და მეთხოვა – მოდით არჩევნებზე და გამოხატეთ თქვენი აზრი“, – მიმართა მან ამომრჩევლებს.

დავით უსუფაშვილი

საკუთარ ამომრჩეველს დღეს ბოლოჯერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მიმართა შენების მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმაც და ხმის მიცემის დროს, დაფიქრებისკენ მოუწოდა. „მე ჩემთვის არ ვითხოვ ხმებს, რადგან ჩემი არავის არაფერი მართებს. მე ვთხოვ ყველა ამომრჩეველს, ხმა მომცეს არა მე, არამედ საკუთარ შეხედულებებს, რომლებიც ჩემსას ემთხვევა. ვთხოვ ყველას, ხმა მისცეს საკუთარ თავს და საკუთარ ადგილს საზოგადოებაში“, – განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

„მე საარჩევნო მოწყალების მისაღებად არ მაქვს ხელი გაწვდილი, მე ხელს პარტნიორული შეთანხმების გასაფორმებლად ვუწვდი თანამოქალაქეებს. საპასუხოდ გამოწვდილი ხელების რაოდენობა, ვინაობა და რაობა განსაზღვრავს ჩვენი შემდგომი ერთობლივი პოლიტიკური ნაბიჯების წარმატებას“, – მიმართა მან ამომრჩეველს.

შალვა ნათელაშვილი

ამომრჩეველთან დასკვნითი შეხვედრა გამართა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმაც. „ხვალ ქარიშხალია და ქარიშხლად უნდა გადაიქცეს ხალხი, რომელიც წალეკავს ივანიშვილის ნარკობარონულ ოლიგარქიულ რეჟიმს და სამუდამოდ წაიღებს ჩვენი ქვეყნიდან“, – განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

„მე მინდა მივმართო ყველა ამომრჩეველს, ვინც ხვალ მივა, არავინ დარჩეს სახლში“, – მიმართა მან ამომრჩეველს და ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მასობრივი აქციების ჩატარების პირობა დადო.

ამომრჩევლთან დასკვითი შეხვედრა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 25 ოქტომბერს სპორტის სასახლეში გამართა. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ქართული ოცნების სხვა ლიდერები, მთავრობის წევრები, დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
  • საპრეზიდენტო არჩევნების, კანდიდატებისა და მათი წინასაარჩევნო კამპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულებზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button