skip to content
ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და კენჭს მეორე ვადით აღარ იყრის. ამის შესახებ მან დღეს, სტუდენტებთან და აკადემიურ წრეებთან საჯარო შეხვედრაზე განაცხადა.

მარგველაშვილმა განმარტა, რომ ის ყოველთვის იყო და იქნება ქვეყნის სამსახურში. „ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებსხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორი იქნება საქართველო მომავალში“. „საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობით, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი და იდგეს სწორედ საქართველოს მოქალაქეების სამსახურში“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა იმ მთავარ კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რასაც მომავალი პრეზიდენტი უნდა აკმაყოფილებდეს. მისი შეფასებით, საქართველოს ახალი პრეზიდენტი, უპირველეს ყოვლისა, უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეებს და არა რომელიმე „ძალაუფლების მქონე ჯგუფს“ და მისი მიზანი ერის გაერთიანება უნდა იყოს.

„არ უნდა იყოს არცერთი მცდელობა იმისა, რომ ძალიან პატარა ერი დააპირისპირო ერთმანეთთან. ყველა საშუალება უნდა გამოიყენო და ყველა ხერხი უნდა იხმარო იმისთვის, რომ ერი ძირითად ღირებულებებზე გაერთიანდეს, და ამ გაერთიანების პროცესში, შენ არ დაკარგო მთავარიმრავალფეროვნება და განსაკუთრებულობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს „გამორჩეული“ მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა. „ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა არის დაპირისპირებული ერთ ადამიანთან და ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, რომ შეარყიოს მისი მმართველობა და ამ რთულ მომენტებში, მე მთავარი ბარომეტრი მქონდა ის, თუ როგორ მხვდებოდა ხალხი და ამის განცდა მე მუდმივად მარწმუნებდა იმაში, რომ სწორი გზით მივდივარ თქვენთან ერთად და ამ გზას მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ“, – დასძინა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტად 2013 წლის ოქტომბერში აირჩიეს. ის არჩევნებში ქართული ოცნების სახელით მონაწილეობდა. გაპრეზიდენტების შემდეგ მალევე, სხვადასხვა საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, მარგველაშვილმა ოცნების მხარდაჭერა დაკარგა და მათი მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა.

საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. ცესკოს მონაცემებით, ამ დრომდე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის მსურველი 36 კანდიდატია წარდგენილი. კანდიდატების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს იწურება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button