ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილი ციხეში „პოლიტიკური ნიშნით არის ჩასმული“

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 8 ოქტომბერს, „ტელეკომპანია პირველთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ამ ხელისუფლების პირობებში ის არის პოლიტიკური ნიშნით ჩასმული ციხეში“.

გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც პრეზიდენტი 2013 წელს პრეზიდენტი ქართული ოცნების სახელით გახდა, მისივე პრეზიდენტობის ვადის პერიოდში მმართველი გუნდისადმი კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. მარგველაშვილის თქმით, „ეს ხელისუფლება არის ავტორიტარული“ და მას სააკაშვილის „გასამართლების მორალური უფლება აღარ აქვს“.

„მე არ ვამტკიცებ, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი დაუშავებია“, – თქვა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ინტერვიუში, თუმცა დასძინა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალის ნაწილი „აბსურდულია“. ამ კონტექსტში მან ე.წ. „პიჯაკების საქმე“ გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ ეს „აბსოლუტურად კომიკური და თითიდან გამოწოვილი“ საქმეა. რაც შეეხება გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებას, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს „მორალური“ საკითხია და არა“ სამართლებრივი“.

„იურიდიულად აბსურდი არის კონსტიტუციური უფლების სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით განსჯა, სადაც სააკაშვილმა შეიძლება პოლიტიკურად მიუღებელი ნება გამოავლინა…, მაგრამ ერთი არის მორალურად მიუღებელი, მეორე არის სამართლებრივად“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ „თეორიულად“, „სადღაც x ვითარებაში“ სააკაშვილს შეიძლება ჰქონდეს „გარკვეული პასუხი გასაცემი სასამართლოს წინაშე“, მაგრამ „არა საქართველოში, არა ამ ხელისუფლების პირობებში და არა იმ სასამართლოს პირობებში, რომელშიც მას სთხოვენ პასუხს“.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილს „ეს ბრალეულობები წარედგინა“, „არცერთ ქეყანას არ მოსვლია თავში“, რომ იგი დაეპატიმრებინა და საქართველოსთვის გადმოეცა. „არცერთი ჩვენი პარტნიორი არ აღიარებს ჩვენი მართლმსაჯულების სამართლიანობას“, – დასძინა მანვე.

ხაზი გაუსვა რა, რომ იგი პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ თავიდანვე კრიტიკული იყო, გიორგი მარგველაშვილმა თქვა – „არ შემიძლია, არ გამოვხატო, არ ვაღიარო მისი ნაბიჯის პოლიტიკური წონა და მისი პიროვნული თვისება და სიმამაცე, ამ ნაბიჯის გადადგმისას“.

მისივე თქმით, არ შეიძლება არ იყო შეშფოთებული იმით, რომ „საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზის და შიმშილობს“. „რამდენადაც უნდა მომწონდეს ან არ მომწონდეს, მე ვარ საქართველოს მოქალაქე და ვიცი, რომ ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ქვეყნის ბიოგრაფიისთვის ეს არის რთული მოვლენა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.


მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ქვეყანა, 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და მმართველობაში ქართული ოცნების გუნდის მოსვლიდან ერთი წლის თავზე დატოვა, ქართული მართლმსაჯულების მხრიდან ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი. 2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. მას ჯამში 6 წელი აქვს მისჯილი.

ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

გენერალურმა პროკურატურამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ შსს სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმესაც იძიებს, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button