Placeholder canvas
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე აღარ არის

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე აღარ არის. ამის შესახებ მან 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულებების მიხედვით, ის 23 აგვისტოდან საფრანგეთის მოქალაქედ აღარ ითვლება.

„დღეს უკვე აღარ ვარ ორმაგი მოქალაქე…ეს გადაწყვეტილება, რომელიც მარტივი არ არის, ამავე დროს მიმაჩნია, რომ არის აუცილებელი, არ შეიძლება, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე ამავდროულად“, – განმარტა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება სრული პასუხისმგებლობით მიიღო. „მე ვარ ძალიან ბედნიერი და ამაყი, რომ დღეიდან ვარ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე“, – დასძინა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 6 აგვისტოს განაცხადა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც 5 წლის განმავლობაში მაინც უცხოვრია საქართველოში, აქედან მინიმუმ სამი წელი არჩევნების დანიშვნის დღემდე.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში 1921 წელს ემიგრირებულ ოჯახში დაბადებული კარიერული დიპლომატია და ის საქართველოსა და საფრანგეთის ორმაგ მოქალაქეობას ფლობდა. 2004-2005 წლებში, ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწვევით მას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ის ოპოზიციაში გადავიდა.

2010 წელს ზურაბიშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა, რის გამოც მან საქართველო დატოვა. ქვეყანაში ის 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დაბრუნდა, თუმცა ორმაგი მოქალაქეობის გამო, ის ცესკომ არ დაარეგისტრირა. 2016 წელს ზურაბიშვილი პარლამენტში დამოუკიდებელი დაპუტატის სტატუსით მოხვდა, თუმცა მმართველი გუნდის მხარდაჭერით სარგებლობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button