ახალი ამბები

ცხინვალმა ხუთი ქართველი ახალგაზრდა დააკავა

„სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“ 28 აგვისტოს საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის უსაფრთხოების სამსახურმა ოთხშაბათს განაცხადა და აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გია ბაღდოშვილის, მზია გომურის, ვახტანგ გუბელაძის, ბექა მაღრაძისა და ქეთევან მაღრაძის საქმე შემდგომი განხილვისთვის, შესაძლოა, სასამართლოს გადაეცეს .

დაკავებულის ერთ-ერთმა მშობელმა, შალვა მაღრაძემ რადიო „თავისუფლების“ ქართულ სამსახურს განუცხადა, რომ მისი ქალიშვილი, ქეთევანი მეგობრებთა ერთად წინა პარასკევს თრუსოს ხეობაში ლაშქრობაზე წავიდა, მაგრამ მოგვიანებით, ისინი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს.

მაღრაძის თქმით, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები ჯარიმის გადახდის შემდეგ, ოჯახებში უვნებლად დაბრუნდებიან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ Civil.ge-ს განუცხადა, რომ მისიამ მათი ადგილსამყოფელის დადგენა მოახერხა და რომ ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან.

„მონაწილე მხარეები ერთად მუშაოებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მათი ოჯახებში დაბრუნება“, – განაცხადა მისიამ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას უწევს მონიტორინგს, უიარაღო დამკვირვებლები ჰყავს, რომელთაც ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ.

დაკავების ადგილი დაუზუსტებელია

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, დაკავება ჯავის რაიონში მდებარე ყელის ტბის მახლობლად მოხდა (წითელი ნიშანი რუქაზე).

შალვა მაღრაძის თქმითაც „მე როგორც ვიცი ყელის ტბასთან აიყვანეს ბავშვები, კარვიდან გამოიყვანეს და გადაიყვანეს ცხინვალის იზოლატორში“. თუმცა აქვე მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდები ხშირად მოგზაუროვბენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და თრუსოს ხეობაში მანამდეც რამდენჯერმე იყვნენ ნამყოფები და დაამატა რომ მათ „რაიმე ისეთი დანაშაული არაფერი არ ჩაუდენიათ” რადგან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რაც წინააღმდეგობაშია მის ცნობასთან, რომ დაკავება ყელის ტბაზე მოხდა.

სამაგიეროდ, ერთ-ერთი დაკავებულის, მზია გომურის ფეისბუკ გვერდზე ვხედავთ, რომ ახალგაზრდები ყელიცადის ტბის (და არა ყელის) ტბისკენ ლაშქრობდნენ (რუქაზე ფორთოხლისფრად).

ყელის ტბისაგან განსხვავებით, ყელიცადის ტბა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გამოღმა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა (ხაზი რუქაზე მწვანედაა მონიშნული) და ყაზბეგის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button