skip to content
ახალი ამბები

ლიეტუვა საქართველოს მიერ შავ სიაში შეყვანილ პირებს შეზღუდვებს დაუწესებს

ლიეტუვა იმ პირებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევებზე არიან პასუხისმგებლები, სანქციებს დაუწესებს, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

2 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრომ აღნიშნა, რომ მან უკვე მიმართა მიგრაციის დეპარტამენტს, რათა „არასასურველი ადამიანების სიაში“ ის პირები შეიყვანოს, რომლებსაც რუსეთის მიერ ორ ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევაში წვლილი მიუძღვით.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი ნაბიჯი „საქართველოსთან სოლიდარობის მიზნით“ გადაიდგა.

სამინისტრომ ყურადღება გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს ოფიციალურ პირებს გამოძიების ჩატარებასა და საკუთარი მოქალაქეების მკვლელობებში დამნაშავე პირების დასჯაში კვლავ ხელი ეშლებათ.

უწყებამ მოსკოვის მიერ საქართველოს „მცოცავი ანექსიაც“ დაგმო, რაც რეგიონის უსაფრთხოებას ძირს უთხრის და კრემლს მოუწოდა „ისეთი პირობები შექმნას, რომელიც დამნაშავეების დასჯას უზრუნველყოფს, ასევე შეაჩეროს ყველა უკანონო ქმედება საქართველოს ტერიტორიაზე“.

საქართველოს მთავრობამ 26 ივნისს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია დაამტკიცა, რომელიც საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს უფლებამოსილებას ანიჭებს, რომ შავ სიაში შეყვანილი პირების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე, ასევე მათი ფინანსური და ქონებრივი ტრანზაქციების აკრძალვაზე უცხოელ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმუშაონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button