ახალი ამბები

ოთხი ქართველი სამხედრო, სავარაუდოდ, ავღანეთის ბაზაზე სავაჭრო ობიექტის ქურდობაში მონაწილეობდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გმობს 29 ივლისს ავღანეთის ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტს, რომელშიც ოთხი ქართველი სამხედროს სავარაუდო მონაწილეობა იკვეთება.

სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოლიციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ოთხი ქართველი სამხედრო იმ ეჭვმიტანილებს შორის არიან, რომლებიც დაახლოებით 3 600 აშშ დოლარის საქონლის ქურდობაში მონაწილეობდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკულ მხარესთან და „საქმის მასალების გადმოცემისთანავე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია ფაქტობრივ მდგომარეობას დაადგენს და საზოგადოებას მეტ ინფორმაცას მიაწვდის“.

სამინისტროს განცხადებით, „ეს ერთეული სამწუხარო შემთხვევაა, რომელსაც სისტემურ ხასიათთან კავშირი არ აქვს“ და „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია საქმის დეტალების გამოძიებით, დამნაშავეების გამოვლენით და ორიენტირებულია მსგავსი ერთეული ფაქტის პრევენციაზე“.

„ცალკეული სამხედრო მოსამსახურეების ქმედება არ შეიძლება გაიგივდეს მთლიანად ქართულ სამშვიდობო კონტინგენტთან, რადგან ქართველი სამხედროების თავგანწირვა და ავტორიტეტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამსახურებულად აღიარებული და დაფასებულია“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველო 872 სამხედრო მოსამსახურით, მეოთხე უმსხვილესი კონტრიბუტორია ავღანეთის ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ქართველი სამხედროები მტკიცე მხარდაჭერის მისიის ბაზაზე ქაბულში, ასევე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე არიან განთავსებულნი. მათი მოვალეობები უსაფრთხოებასა და სწრაფი რეაგირების ქმედებებზეა ფოკუსირებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button