Placeholder canvas
ახალი ამბები

კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა წარადგინა

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მისი მოხმარების ზრდასა და კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირებას ასახელებს.

კალაძემ 2018-2021 წლების სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია 24 ივლისს სამთავრობო გუნდის, დეპუტატებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების თანდასწრებით გამართა.

კალაძის განცხადებით, 2018-2019 წლებში, არსებული 511 ძველი ავტობუსი, „ახალი, თანამედროვე ევროპული ტიპის ავტობუსებით“ სრულად ჩანაცვლდება. ამისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 270 მილიონი ლარი გამოიყოფა. 2020 წლისთვის კი, ავტობუსების რაოდენობა 900-მდე გაიზრდება. მერიის ინფორმაციით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მეტროს მატარებლების არსებული რაოდენობა 43-დან 55-მდე გაიზრდება. 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნად შემცირდება მიკროავტუბუსის არსებული რაოდენობაც, რომელიც 2 000-ს შეადგენს და ისინი მხოლოდ ისეთ ადგილებში დარჩება, „სადაც გაბარიტებიდან გამომდინარე, შეუძლებელია უფრო დიდი ავტობუსის მოძრაობა“.

დედაქალაქის მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან, ტაქსების ლიცენზირება სავალდებულო გახდება, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან კი, მარჯვენასაჭიანი, ორკარიანი და განსხვავებული ფერის ტაქსებიც აიკრძალება. 2019 წლის პირველი იანვრიდან, თბილისის რამდენიმე უბანში, სატესტო რეჟიმში პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემაც ამუშავდება, საიდანაც შემოსული თანხები მთლიანად სატრანსპორტო სისტემის განვითარებას მოხმარდება.

მერიის გეგმით, სატრანსპორტო რეფორმის შედეგად, 2021 წლისთვის, კერძო სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება 30 %-დან 16 %-მდე უნდა შემცირდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება 39 %-დან, 55 %-მდე გაიზარდოს.

პრეზენტაციაზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც გამოვიდა და მთავარ პრიორიტეტად მწვანე ეკონომიკა დაასახელა. მისი თქმით, ბოლო წლებში, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პოლიტიკა იყო „უკიდურესად არაეფექტური“ და ხშირ შემთხვევაში, „დანაშაულებრივიც კი“, რასაც მისივე შეფასებით, „სასწრაფოდ გამოსწორება და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა“ სჭირდება. ბახტაძის განმარტებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისის სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისთვის „მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი“ გამოიყოფა და „უახლოეს პერიოდში, თბილისის სატრანსპორტო სისტემა იქნება ხარისხობრივად განსხვავებული და მართლაც რომ ევროპული“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button