Placeholder canvas
ახალი ამბები

სტოლტენბერგი: რუსეთს არ აქვს უფლება საქართველოს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება

„რუსეთს არ აქვს უფლება თავისი მეზობლების მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში 18 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს „აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის ის, თუ რა ტიპის უსაფრთხოების სისტემაში სურს ყოფნა“.

ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ამიტომ, მოსკოვის დამოკიდებულება „უკიდურესად უარყოფითი“ იქნება.

„მთელი ეს იდეა, რომ მეზობელი ეუბნება მეზოლებს, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას და რისი არა, სრულიად მიუღებელია, რადგანაც ეს ნიშნავს გავლენის სფეროების ძველი იდეის აღდგენას, სადაც დიდი სახელმწიფოები იღებდნენ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეეძლოთ პატარა მეზობლებს და რისი არა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ ნატოს წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, შეუძლიათ გადაწყვიტონ, „როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი“ და რომ რუსეთს ამ პროცესთან კავშირი არ აქვს. „მივესალმები იმ ფაქტს, რომ ნატოს ოცდაცხრავე ლიდერმა, როდესაც ისინი რამდენიმე დღის წინ, აქ, ბრიუსელში შეიკრიბნენ, გაიმეორეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, – დასძინა მან.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც თავის ახალ რანგში პირველი უცხოური ვიზიტით ბრიუსელს 18-20 ივლისს სტუმრობს, განაცხადა, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში „ვინმეს წინააღმდეგ არ არის მიმართული“ და რომ „ამის მიზანია, რომ რეგიონი უფრო ძლიერი, უფრო პროგნოზირებადი და უფრო უსაფრთხო გახდეს“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი მთავრობა ნატოში გაწევრიანების მიზნის ერთგული რჩება და ქვეყანა, „როგორც ნატოს მომავალი წევრი“, განაგრძობს წვლილის შეტანას საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ბახტაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და სხვა ოფიციალურ პირებსაც შეხვდება, მათ შორის, ბელგიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს დიდიერ რეინდერს, ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს, ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში ვალდის დომბროვსკისს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button