skip to content
ახალი ამბები

გიორგი კვრიკაშვილის გადადგომას პოლიტიკოსები აფასებენ

გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლას შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში მოჰყვა. უმრავლესობის ნაწილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეს ნაბიჯი „ახალი ენერგიის“ საჭიროებით ახსნა, ხოლო საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ მისი გადადგომა „ქვეყანაში არსებულ კრიზისს“ და საზოგადოების პროტესტს დაუკავშირა.

თამარ ჩუგოშვილი – ქართული ოცნება: ჩემთვის მთავარია, როგორი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობის ურთიერთობა პარლამენტთან. მთავრობა მეტად უნდა იყოს ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანოსთან. ბევრად უფრო დინამიური და აქტიური უნდა იყოს პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა, ღიად, საზოგადოების თვალწინ, სწორედ საპარლამენტო პლატფორმებზე. თუ ჩვენ შევძლებთ და შევქმნით რეალურ, პასუხისმგებლიან, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულ დისკუსიას და პროცესს პარლამენტში, შედეგებიც ხელშესახები იქნება ყველა სფეროში. მე პირადად სწორედ ამ კრიტერიუმით ვაპირებ მთავრობის ახალი შემადგენლობის შეფასებას. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ჩემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე ჩემს როლს და ადგილს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, გაძლიერებაში ვხედავ.

მამუკა მდინარაძე – ქართული ოცნება: სახელმწიფოს სჭირდება ახალი ენერგია ახალი ხედვები, ახალი რეფორმები. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, პრემიერ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, საკმაოდ წარმატებული რეფორმები განხორციელდა და ამას ყველა საერთაშორისო ექსპერტი ადასტურებს, გუნდის განწყობა იყო და ეს ბატონმა გიორგიმაც დაადასტურა, რომ ახალი ენერგია იქნება, ალბათ, კიდევ უფრო პოზიტიური შედეგის მომტანი მოსახლეობისთვის. ქვეყანას სჭირდება კიდევ უფრო სწრაფი განვითარება, კიდევ უფრო მეტი დინამიკა და ამისათვის უფრო უკეთესია, ეს მისია საკუთარ თავზე ახალმა გუნდმა აიღოს, მათ შორის, ეკონომიკურმა გუნდმა.

ლევან კობერიძე – ქართული ოცნება: მართლმსაჯულების ნაწილში უფრო გვაქვს ჩვენ პრობლემები და გამოწვევები, რომელსაც დარწმუნებული ვარ ახლანდელმა და მომავალმა მთავრობამაც უნდა უპასუხოს გაცილებით მეტი კონკრეტული ნაბიჯებით და არა მარტო მთავრობამ, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლებამ, პროკურატურამ, იმიტომ, რომ მე ვთვლი, ჩვენ სწორედ პრობლემები და გარღვევები გვაქვს ამ ნაწილში და თუ ჩვენ ამ ნაწილში ვერ ვახერხებთ რამე მნიშვნელოვან წინსვლას, მაშინ მეტსაც გეტყვით, რომ თუ კი ეს ასეა, ალბათ, მთავრობის კი არა, საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნების საკითხსაც დავაყენებდი, მე პირადად. გუნდში უნდა ვიმსჯელოთ ბევრ საკითხზე, მათ შორის, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებითაც. ჩემი პოზიციით, თუ სამართლის აღსრულებასთან დაკავშირებით ყველა კითხვას დროული პასუხები არ გაეცემა, მაშინ სრულიად ლეგიტიმური იქნება მოსახლეობის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

დავით ჭიჭინაძე – ქართული ოცნება: თუ იგივე გაგრძელდა, რაც დღეს არსებობს, ეს შემწყნარებლური პოლიტიკა [ბანკების მიმართ] და შემრიგებლური პოზიცია ჩვენს ოპონენტებთან, მაშინ მე ვთვლი, რომ პარლამენტი უნდა დაიშალოს და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, იმიტომ, რომ ამ დაპირებებმა და ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ხალხში გაჩნდა უსამართლობის გრძნობა.

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი: ეს არის შედეგი ხალხის მობილიზაციის, ხალხის აქტიურობის, უკიდურესი უკმაყოფილების და იმის, რომ საქართველოს პრაქტიკულად ხელისუფლება არ ჰყავს, ხელისუფლება ჩამოიშალა. ხელისუფლება ახლა არის თავმოწყვეტილი ქათამივით. ამ ყველაფრის შედეგი არის გაეროს ბოლო მოხსენებაში, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, საქართველოში სიღარიბე პროცენტულად 2-ჯერ შემცირდა, ივანიშვილის დროს სიღარიბე გაიზარდა 2-ჯერ. ივანიშვილის ხელისუფლება არის ჩამოშლის პირას. ივანიშვილი, როგორც პითონი ახლა იცვლის კანს, მაგრამ ძალიან თხელი აქვს უკვე კანი და ძალიან ადვილია მასთან მისვლა. ივანიშვილი ახლა არის უფრო სუსტი ვიდრე არასდროს და ჩვენ არ უნდა ვიყოთ ძალიან სუსტები. უნდა ვთქვა, რომ ახლა, როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის მთელი ძალების ერთიანობა და ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკაში.

დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიდან ნათლად გამოჩნდა ორი რამ, პირველი, მან ღიად დაასახელა, რომ ის მიდის ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო, რომელიც არის ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები და მეორე, მან ისაუბრა ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სხვა ტიპის წარმატებებზე, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადადგომის მომენტშიც მთავრობა არის არაადეკვატური და ვერ ხედვას იმ პრობლემებს, იმ კრიზისებს, იმ სირთულეებს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. ამიტომ, ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, არა სახელების და გვარების ცვლილება, არამედ გამოსავალი არის მთლიანად იმ გუნდის ცვლილება, რომელსაც არ შეუძლია ქვეყნის წინ წაყვანა, არ შეუძლია ქვეყნის ნორმალურად მართვა და არჩევნების გზით, მშვიდობიანად ქვეყნის სათავეში ისეთი გუნდის მოსვლა, რომელიც შეძლებს საქართველოს განვითარებას, სიღარიბის დამარცხებას და ქვეყანაში სტაბილურობის უზურნველყოფას.

ნინო გოგუაძე – თავისუფალი დემოკრატები: გუშინ მოხდა რაღაც გაუთვალისიწინებელი რამ, გუნდმა შესთხოვა ბატონ ბიძინას, რომ ეს გადადგომა გარკვეული პერიოდით გადადებულიყო, რადგან არ დაკავშირებოდა საპროტესტო აქციებს და საზოგადოების პროტესტს და დაკავშირებოდა ეკონომიკურ გამოწვევებს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა ეს თხოვნა შეუსრულა და შეუსრულა მხოლოდ ერთი დღით. ასე რომ, დღეს გადადგა პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი და უცნაური მდგომარეობა გვაქვს, გადადგა მთავრობა და სახელმწიფოში არაფერი შეიცვლება, რადგან არ შეიცვლება მართვის მთავარი პრინციპი, რომელიც თავიდან ბოლომდე მორგებულია ბიძინა ივანიშვილის გემოვნებაზე და სურვილებზე. ეს მართვის პრინციპი არის არადემოკრატიული. ვინც არ უნდა მოვიდეს ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში, ისიც სწორედ იმ მთავარი პრინციპის შემსრულებელი იქნება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი მართავს.

შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია: შეფასება იგივეა, ხალხის ძალას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. როგორც მოგახსენებდით, საპროტესტო მოძრაობამ, ქუჩის იმ გამაჯანსაღებელმა პროცესებმა, რაც შვილმკვდარი მამებისადმი სოლიდარობით დაიწყო და რომელ პროტესტშიც იყო მთელი საშინაო-საგარეო, სოციალურ-ეკონომიკური და სახელმწიფო პოლიტიკისადმი ძალიან დიდი შეურიგებლობა, მოიტანა ეს შედეგები, რომ მთავრობამ დაიწყო დაშლა. ეს არის ძალიან მისალოცი ამბავი. ეს არის ჩვენი მებრძოლი, ამაყი, უკანონობასთან შეურიგებელი ხალხის დამსახურება და, ამიტომ, ეს დღე უნდა მოგილოცოთ, მაგრამ ჩვენ უნდა შევცვალოთ რეჟიმი. [მთავრობაში] კრიზისი შეიქმნა, კრიზისიდან ვერ გამოდიოდნენ და [ივანიშვილმა] გადმოაგდო სატყუარა, მაგრამ ეს კრიზისი ოფიციალურად საპროტესტო მოძრაობის შედეგია. კრიზისი იყო ადრევე, მაგრამ ამის აღიარება არ სურდათ, ამას არავინ არ აფიქსირებდა და ხალხმა აიძულა.

ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა: მე ამ გადაწყვეტილებას იმ პროტესტს ვუკავშირებ, რომელიც იყო საზოგადოებაში და ქვეყანაში და ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დიდი გამარჯვებაა, ყველა იმ ადამიანის, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს, რომელსაც უნდა ქვეყანაში რეალურად და ძირეულად შეიცვალოს ის სისტემა, რომელიც შეინარჩუნა და კიდევ უფრო გაამყარა ბიძინა ივანიშვილმა. მე ვთვლი, რომ ეს იყო შედეგი იმ მართლაც ერთსულოვნების, რომელიც საზოგადოებაში იყო და ამავდროულად, შედეგი აბსოლუტურად უხერხემლობის ხელისუფლების და შედეგი იმის, რომ რეალურად ერთი ადამიანის გუნება-განწყობაზე არის დამოკიდებული. გუშინ [ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე] პოლიტიკურ სპექტრში ყველამ ვიცოდით, რომ უმრავლესობაში განხილვა სამი საათის განმავლობაში მიდიოდა და ეს არ იყო UNICEF-ის ანგარიშის განხილვა, ეს იყო სწორედ სამთავრობო ცვლილების განხილვა. ვიცოდით, რომ მოხდა უმწვავესი დაპირისპირება კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და გუშინ, კვირიკაშვილმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებდა. თუმცა, დღეს მივიღეთ მისი ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველამ მოვისმინეთ.

დავით უსუფაშვილი – შენების მოძრაობა: ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე როგორი იქნება, იმიტომ, რომ კრიზისი მომწიფდა, კრიზისი განვითარდა, მთავრობა გადადგა. ახლა, რა? მე მაქვს ერთი რჩევა ამ შემთხვევაში, ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარისადმი, ბიძინა ივანიშვილისადმი, რომ ახლა მაინც, იქნებ სწორად შეაფასოს, თუ რა ხდება ქვეყანაში და გადადგას ის ნაბიჯი, რაც მას შეუძლია გადადგას და მე მგონი, ერთადერთი სწორი ნაბიჯია, აიღოს პასუხისმგებლობა ყველაფერზე. პოლიტიკური პარტიის ლიდერი, როდესაც არ არის პრემიერ-მინისტრი, მაშინ ჩვენ ვიღებთ იმ ტიპის ვითარებებს, რაც მივიღეთ 2015 წლის ბოლოს, წინა პრემიერთან დაკავშირებით, მივიღეთ დღესაც. ეს არის პოლიტიკური ცხოვრების წესი და კანონი და ისევე, როგორც ბიზნესში, ბუნებაში არის კანონები და წესები, პოლიტიკაში და სახელმწიფო ცხოვრებაშიც ასევე არის ანბანური ჭეშმარიტებები – პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ღიად და რეალურად უნდა უხელმძღვანელოს მთავრობას, აიღოს პასუხისმგებლობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button