ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავარი პროკურორის შესარჩევ კონსულტაციებში ჩართვას არ აპირებენ და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ერთობლივი პრესკონფერენცია, იუსტიციის სამინისტროს გუშინდელ განცხადებას მოჰყვა, სადაც ნათქვამია, რომ იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები დაიწყო.

„მივმართავთ საქართველოს მთავრობას, რომ გადააყენოს იუსტიციის მინისტრი“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრმა მართლმსაჯულების სექტორში რეფორმას „თავი ვერ გაართვა“. მისივე თქმით, „ეს ადამიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ მართლაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავარი პროკურორი აარჩიოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის სულხან სალაძის განმარტებით, მოქმედი იუსტიციის მინისტრის პირობებში, კონსულტაციებში ჩართვა მათთვის არის „პრინციპულად მიუღებელი“. 

„ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა, ერთი პირობით, თუ ეს პროცესი იქნება წარმართული და ხელმძღვანელობას განახორციელებს არა მოქმედი იუსტიციის მინისტრი, არამედ სხვა კონკრეტული პიროვნება, რომელიც დაიკავებს ამ პოზიციას“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

არასამთავრობო სექტორი იუსტიციის სამინისტროს სიასაც აკრიტიკებს, სადაც იმ ორგანიზაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალია, რომელიც უწყებამ ახალი მთავარი პროკურორის შესარჩევად საჭირო კონსულტაციებისთვის მოიწვია.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, მათ განცხადებაში „იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც სრულიად მიუღებელია“. პრემიერი არასამთავრობოებს მოუწოდებს, რომ „ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს“ და „მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს“.

„რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის მე-91  მუხლის თანახმად, მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო კანდიდატურის შესარჩევად იწყებს დაუყოვნებლივ კონსულტაციებს „აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან“.

კონსულტაციების შემდეგ, იუსტიციის მინისტრი შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს არანაკლებ სამ კანდიდატს, რომელთა 1/3 მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. პროკურორობის კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე, ფარულად ეყრებათ. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ისა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, მთავარი პროკურორის პოსტზე უკვე წარდგენილია ორი კანდიდატურა. პირველი კანდიდატი იურისტი პაატა შავაძე, წარდგენილია 18 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ. ხოლო მეორე კანდიდატი იურისტი ზურაბ ჯორბენაძე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს“ მიერ.

მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ერთ-ერთი მოკლულის მამის ზაზა სარალიძისა და საზოგადეობის ფარტომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. ისინი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომას და მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვდნენ. ირაკლი შოთაძემ თანამდებობა იმავე დღეს დატოვა.

ორ ივნისს ხელისუფლებას მთავარი პროკურორის თანამდებობაზე თავისუფალი დემოკრატების წევრის შალვა შავგულიძის კანდიდატურა შესთავაზა ევროპულმა საქართველომ. მთავარი პროკურორის კანდიდატურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე დაასახელა დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის კანდიდატურები განიხილება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button