ახალი ამბები

MDF: საჯარო გამოსვლებში ქსენოფობიური განცხადებები გაიზარდა

არასამთავრობო ორგანიზაცია MDF-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს 1 926 დისკრიმინაციული შინაარსის გზავნილი გამოვლინდა, მათგან 49 % კი ქსენოფობიური ხასიათის იყო. MDF-ის ცნობით, ამ მიმართულებით, 2016 წელთან შედარებით, ვითარება მკვეთრად გაუარესებულია.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთწლიანი მონიტორინგის შედეგები დღეს გაასაჯაროვა. მონიტორინგის ფარგლებში, ორგანიზაცია ექვს ტელევიზიას, ოთხ გაზეთს და შვიდ ონლაინ გამოცემას დააკვირდა. მედიის გარდა, მონიტორინგში, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ცალკეული პირებიც მოხვდნენ.

ანგარიშის თანახმად, 2016 წელთან შედარებით, ქსენოფობიური გზავნილების მკვეთრი ზრდა, ანტიმიგრანტული, თურქოფობიური და არმენოფობიური განწყობების მოჭარბებით არის განპირობებული.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თურქოფობიური გზავნილები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის კონტექსტში ფიგურირებდა. მაგალითად, ის, რომ თურქეთი არა საქართველოს პარტნიორი ქვეყანა, არამედ „ისტორიული მტერია“. ამასთან, ზოგიერთი რესპონდენტის მიერ თურქეთი რუსეთის მსგავს საფრთხესთან იყო გაიგივებული.

ანგარიშის თანახმად, სიძულვილის ენის გამოხატვის თვალსაზრისით, პრორუსული გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“, ეთნონაციონალისტური გაზეთი „ასავალ-დასავალი“ და პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ტელეკომპანია ობიექტივი გამოირჩეოდა, რომელიც ასევე ეთნონაციონალისტური სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელია და პრორუსული განწყობებით გამოირჩევა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტიებიდან, სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები აჟღერებენ, მათ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა მოსდევს. შემდეგ ადგილებს კი თავისუფალი საქართველო, ქართული დასი, მემარცხენე ალიანსი, ეროვნულები, ჩვენი სამშობლო და ქართული იდეა ინაწილებენ. ათეულში მმართველი პოლიტიკური პარტია ქართული ოცნებაც მოხვდა.

ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის შედეგად, ქსენოფობიურ გზავნილებს ჰომოფობიური შინაარსის მქონე გზავნილები მოსდევს (38 %). გამოვლინდა რელიგიური დისკრიმინაციის 140 შემთხვევაც, მათგან 90 ისლამოფობიაზე მოდის. შემდეგ ადგილზე არიან იეჰოვას მოწმეები (29 კომენტარი) და შედარებით ნაკლებად სხვადასხვა კონფესიები. მონიტორინგის პერიოდში, ერთი ანტისემიტური კომენტარიც გამოვლინდა.

ორგანიზაციის განმარტებით, მონიტორინგისას ასევე გამოიკვეთა რასიზმისა (1 %) და გეოგრაფიული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებიც. 20 რასისტული კომენტარიდან ყველაზე მეტი (9) მედიაზე მოდის.

ანგარიშში ის ხუთი ორგანიზაციაც არის დასახელებული, რომლის წარმომადგენლებიც სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებს აჟღერებდნენ. ესენია: ქართული მარში, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება, სახალხო კრება, უფლებადამცველთა გაერთიანება და კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი.

ანგარიშის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

შენიშვნა: ანგარიში civil.ge-ს მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციის გაეროს ასოციაციის დაფინანსებით გამოიცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button