skip to content
რესპუბლიკა 100

რესპუბლიკის 20 მთავარი ფურცელი

ავტორი: დიმიტრი სილაქაძე

1918 წლის 26 მაისი, 17:10. გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

1918 წლის 26 მაისს დღის 3 საათზე ამიერკავკასიის სეიმმა ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა ყოფილი მეფისნაცვლის სასახლის თეთრ დარბაზში 16:50 წუთზე გაიხსნა.

საბჭოს თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ, საბჭოს წევრებს მოკლე სიტყვით მიმართა და შემდეგ 17:10 წუთზე წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად და ოვაციებით იქნა მიღებული.

სასახლესთან შეკრებილ, მომლოდინე მოსახლეობას სასახლის აივნიდან “საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი” წაუკითხა საბჭოს მდივანმა ილია ზურაბიშვილმა.

მოსახლეობის განწყობა საზეიმოსთან ერთად სიფრთხილითაც იყო სავსე, რადგანაც ახალი სახელწიფოს დაბადებას თან ერთვოდა ფიქრი უსაფრთხოებაზე საკმაოდ რთულ საერთაშორისო ვითარებაში, როდესაც ოსმალური არმია კავკასიას მომდგარიყო. მართალია საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტად ოსმალეთისავე მოკავშირე გერმანია უდგებოდა, თუმცა ეს კავშირი ჯერ ოფიციალურად არ გამოფრმებულიყო და ამიტომაც მოსახლეობის განწყობა საკმაოდ წინააღმდეგობრივი იყო. დაკომპლექტდა რესპუბლიკის კოალიციური მთავრობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სოციალ-დემოკრატი ნოე რამიშვილი, რომელიც ამავდროულად შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

ფერი-ხანუმ სოფიევა

15 ნოემბერი, 1918: მუსლიმმა ქალმა ერობის არჩევნებში გაიმარჯვა

1918 წლის 15 ნოემბერს თბილისის სამაზარო ერობის (თვითმართველობის) , ყარაიაზის ოლქში ჩატარდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები. ოლქში გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა უპარტიო კანდიდატმა, ყარაჯალელმა აზერბაიჯანელი ეროვნების მუსლიმმა ქალმა ფარი-ხანუმ სოფიევამ და თბილისის სამაზრო ერობის მეხუთე ხმოსანი გახდა ყარაიაზის ოლქიდან. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა მუსლიმი ქალის არჩევნებში გამარჯვებისა.

31 დეკემბერი, 1918: დასრულდა სომხეთ-საქართველოს ომი

თბილისში სომხეთ-საქართველოს ომის დასრულების აღსანიშნავად გამართული აღლუმი. ეროვნული არქივის ფოტო.

1918 წლის დეკემბერში სომხეთის რესპუბლიკამ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ. დავის საგანს ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრები წარმოადგენდა.

სომხური მხარის პრეტენზია ეთნიკურ ფაქტორს, ხოლო ქართული კი ისტორიულს ეყრდნობოდა.

თავდაპირველად, ბრძოლა სომხეთის უპირატესობით წარიმართა. ახალქალაქის მაზრაში მათ ქართულ ჯარს უკან ვერ დაახევინეს, მაგრამ ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილში კი მცირერიცხოვანი ქართული ნაწილები დაამარცხეს და დეკემბრის მეორე ნახევარში დაიკავეს დღევანდელი ბოლნისისა და მარნეულის რაიონები. თუმცა, მალე ქართული არმია კონტრშეტევაზე გადავიდა და მოწინააღმდეგე განდევნა აღნიშნული ქალაქებიდან, ასევე შულავერიდან და სადახლომდე დაახევინა.

ამ დროს ამიერკავკასიაში დიდი ბრიტანეთის ჯარები შემოვიდნენ. მათი შუამავლობით 1918 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათზე საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. 1919 წლის 9-17 იანვარს თბილისში გაიმართა სომხურ-ქართულ-ბრიტანული სამმხრივი მოლაპარაკებები. ახალქალაქის მაზრაზე სომხეთმა უარი თქვა. ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილი – ტერიტორია დღევანდელი სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამხრეთით. საბოლოო შეთანხმებამდე ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილი მორიგეობით 2-2 თვის განმავლობაში უნდა დაეკავებინა ქართულ და სომხურ მხარეს. კონფლიქტის ზონის სიახლოვეს აიკრძალა დიდი სამხედრო შენაერთების განთავსება

22 ნოემბერი, 1918: შედგა დამფუძნებელი კრების არჩევნები

სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო პლაკატი

1918 წლის 22 ნოემბერს, დამფუძნებელი კრების საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება. დებულების მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა საქართველოს ყველა მოქალაქეს, სქესის, რელიგიის, ეთნიკურობის და კანის ფერის მიუხედავად. ქალებისათვის საარჩევნო ხმის მიცემა და არჩევნებში კენჭისყრის უფლება ძალიან პროგრესულ ნაბიჯს წარმოადგენდა. საარჩევნო უფლება მოქალაქეებს 20 წლის ასაკიდან ჰქონდათ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა მოქმედ საარჩევნო უბანზე არჩევნები დაიწყო 14 თებერვალს და 16 თებერვლამდე გაგრძელდა. დიდთოვლობის გამო არჩევნები ჩაიშალა ზემო მთიულეთში და სვანეთში, ხოლო რაჭაში არჩევნები დაგვიანებით, 17 თებერვალს დაიწყო. საომარი მდგომარეობის გამო არჩევნების გამართვა ვერ მოხერხდა სოხუმის ოლქში, ბორჩალოს მაზრასა და სამხრეთ საქართველოს გარკვეულ ნაწილში. ამ ტერიტორიებზე არჩევნები გაიმართა იმავე წელს, მოგვიანებით გაიმართა.

9 მარტს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგი გამოაცხადა. არჩევნებში გაიმარჯვა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელმაც 130-იდან 109 დეპუტატი გაიყვანა დამფუძნებელ კრებაში. რვა-რვა დეპუტატი გაიყვანეს სოციალისტ-ფედერალისტებმა და ეროვნულ-დემოკრატებმა. სოციალისტ-რევოლუციონერებმა 5 კანდიდატი. აღსანიშნავია რომ ხუთი არჩეული დეპუტატი ქალი გახლდათ.

დამფუძნებელი კრების არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა კანონიერი ხმების რაოდენობა იყო 616 150,

თუმცა არჩევნებზე მოსული ხალხის რაოდენობა 618 675 კაცს შეადგენდა, მაგრამ 2 525 ამომრჩევლის ხმა ბათილად იქნა ცნობილი მათ მიერ საარჩევნო ბიულეტენის არასწორად შევსების ან გამოყენების გამო. არჩევნებზე ამომრჩევლების აქტივობა 61 პროცენტს შეადგენდა.

1919 წლის 21 თებერვალი: ოპერა “აბესალომ და ეთერის” პრემიერა

ზაქარია ფალიაშვილი

1921 წლის 21 თებერვალს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა ზაქარია ფალიაშვილი ოპერა ,,აბესალომ და ეთერი”. ეს არ იყო პირველი ქართული ოპერა: მანამდე რევაზ გოგნიაშვილის ,, ქრისტინე” და დიმიტრი არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე” უკვე დადგმული იყო. თუმცა ფალიაშვილის ოპერას საზოგადოება დიდი  და განსხვავებული ინტერესით ელოდებოდა, მათი მოლოდინი გამართლდა კიდეც. ოპერის სიუჟეტს საფუძვლად დაედო ქართული ხალხური თქმულება ,,ეთერიანი.” ოპერის ლიბრეტო კი პეტრე მირიანაშვილმა დაწერა. ფალიაშვილი ოპერაზე რვა წლის განმავლობაში მუშაობდა, რა დროსაც დაეღუპა მცირეწლოვანი შვილი ირაკლი, ამ ტრაგედიამ გარკვეული პერიოდით შეაფერხა მისი მუშაობა, თუმცა საბოლოოდ ოპერა მაინც დაასრულა და შვილის ხსოვნას მიუძღვნა. ოპერის მელოდიურობამ, სიუჟეტმა, ბრწყინვალე არიებმა, გუნდებმა და საცეკვაო მელოდიებმა  საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია და პირველი რესპუბლიკის კულტურული ცხოვრების გვირგვინად იქცა. დღესაც ,,აბესალომ და ეთერი” ქართული საოპერო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად ითვლება.

1919 წლის 12 მარტი: სასახლეში დამფუძნებელი კრება გაიხსნა

1919 წლის 12 მარტს, 12 საათსა და 10 წუთზე თბილისში, დამფუძნებელი კრების თეთრ დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა, საქართველოს მოსახლეობის  მიერ ისტორიაში პირველად  არჩეული საკანონმდებლო ორგანო დამფუძნებელი კრება. კრებას თავმჯდომარეობდა და სიტყვით გახსნა დამფუძნებელი კრების უხუცესმა წევრმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა სილიბისტრო ჯიბლაძემ. საკუთარი სიტყვა მან პირადი  ემოციების გამოხატვით დაიწყო ,,ბატონებო! ამ დღესაც მოვესწარი! ჩემს გრძელ ცხოვრების მიწურულში ბევრი ბედნიერი დღე გამთენებია, მაგრამ ეს ყველაზე უნეტარესი” და ბედნიერი მომავლის რწმენით დაასრულა:

,,ხალხი, რომელსაც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში დაიცვა თავისი ვინაობა, ხალხი რომელსაც არ შეეშინდა ჩრდილოეთის სუსხიან  ზამთრის, რომელმაც გამოიჩინა უნარი თვითმპყრობელობის სქელი და ცივი ყინვის ქვეშ პოლიტიკური და მოქალაქეობრივი ზრდა განვითარებისა, ეს ხალხი არ დაიღუპება და არც დაღუპავს მოპოვებულ თავისუფლებას.”

სილიბისტრო ჯიბლაძე

ამავე სხდომაზე აირჩიეს, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, რომელიც იმ დროისათვის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გამგზავრებულ ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. მის უფროს ამხანაგად (მოადგილედ) კი აირჩიეს ალექსანდრე ლომთათიძე. დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი

1919 წლის 17 აპრილი: გვარდიამ გაგრაზე კონტროლი დაიბრუნა

ფოტოზე: ქართველი გვარდიელები სოჭში

1919 წლის დასაწყისში შავიზღვისპირეთში ძალზე დაიძაბა ვითარება საქართველოსა და დენიკინის ჯარებს შორის. დენიკინი ქართველებისაგან სოჭისა და გაგრის ოლქების დაცლას მოითხოვდა, ქართველები გაგრას საკუთარ ტერიტორიად განიხილავდნენ, ხოლო სოჭი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დროებით ჰქონდათ დაკავებული. იქამდე სანამ რუსეთში სამოქალაქო ომი არ დასრულდებოდა და ტერიტორიების გამიჯვნის საკითხს კანონიერ ხელისუფლებასთან არ განიხილავდნენ. 1919 წლის 6-10 თებერვალს დენიკინის ჯარებმა, დაიკავეს სოჭი, ადლერი და გაგრა და მხოლოდ მდინარე ბზიფთან შეჩერდნენ. ამის შემდეგ ისინი სოხუმის ოლქსაც ითხოვდნენ, ხოლო მომავალში როდესაც რუსეთის სამოქალაქო ომი დასრულდებოდა მთელ ამიერკავკასიაზეც განაცხადებდნენ პრეტენზიას.

ბრიტანეთი, რომელიც თეთრებს ამარაგებდა რუსეთის სამოქალაქო ომში დენიკინის მიერ სოჭის ოლქის დაკავებას არაკეთილგანწყობით შეხვდა, ბრიტანელებმა აუკრძალეს დენიკის შეტევის გამეორება და წინააღმდეგ შემთხვევაში, დამხარების შეწყვეტით დაემუქრნენ. ამავდროულად მოსთხოვეს დენიკინს სოჭის ოლქის დატოვება, რაზეც დენიკინმა უარი განაცხადა. 1919 წლის მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში ქართულმა ჯარებმა დაიწყეს თავმოყრა მდინარე ბზიფთან. ამ დროს დენიკინს მძიმე ბრძოლები ჰქონდა მდინარე დონზე, ვოლგაზე, ჩრდილო კავკასიაში. ქართველებმა მოახერხეს დენიკინელების ზუგრში ადლერ-სოჭის რაიონში დენიკინით უკმაყოფილო გლეხთა ნაწილის აჯანყება, რის გამოც სოჭის ოლქში მდგარი დენიკინის ჯარების ნაწილი მათთან ბრძოლაში ჩაება. 17 აპრილს დილის 4 საათზე გენრალ იოსებ გედევანიშვილისა და ვალიკო ჯუღელის მეთაურობით 6000-მა ქართველმა ჯარისკაცმა მდინარე ბზიფი გადალახა და თეთრებს შეუტია. მცირე ბრძოლის შემდეგ ქართველებმა გაგრა დაიკავეს და 500 თეთრგვარდიელი ტყვედ ჩაიგდეს .18 აპრილს ქართველები გავიდნენ მდინარე მზიმთაზე. ბრიტანელთა პროტესტის გამო შეტევა შეჩერდა, ქართველები მდინარე მეხადირზე დადგნენ ხოლო მდინარე ფსოუზე თეთრები, ამ მდინარეებს შორის არსებული მცირე ტერიტორია ხუთი სოფლით ნეიტრალურ ზონად გადაიქცა.

ამ ამბავზე უფრომ მეტს აქ შეიტყობთ.

1919 წლის 11 ივლისი: მთავრობამ დროებითი ფული, ბონები გამოსცა   

საქართველოს რესპუბლიკის 500-მანეთიანი ბონი

დამოუკიდებელი საქართველოს დროებითი ფულის ერთეულის ,, ბონის” გამოცემა 1919 წლის 11 ივლისს დაიწყო, მანამდე საქართველო იყენებდა ჯერ რუსულ ფულის ერთეულს ხოლო 1918 წლის თებერვლიდან კი ამიერკავკასიის დროებით ფულის ერთეულს.  თავდაპირველად გამოიცა  50-კაპეიკიანი, აგრეთვე, 1, 3, 5, 10, 50, 100 და 500-მანეთიანი კუპიურები , რასაც 1920 წელს დაემატა 1000-მანეთიანები, ხოლო 1921 წელს კი – 5000-მანეთიანები.  ფულის კუპიურების დიზაინის ავტორები იყვნენ: იოსებ შარლემანი, ჰენრიკ ჰრინევსკი და დიმიტრი შევარდნაძე.  ბონებზე ინფორმაცია სამ ენაზე: ქართულად, ფრანგულად და რუსულად იყო დატანილი. ფულის ერთეულს ჰქონდა მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას და ფინანსთა მინისტრის კონსტანტინე კანდელაკის ფაქსიმილეები ქართულ ენაზე.

ბონების უმეტესობა ერთმანეთისგან მხოლოდ ფერით და ზომით განსხვავდებოდა და ყველა მათგანზე გამოსახული იყო რესპუბლიკის გერბი, ასევე შუა საუკუნეების ქართული ორნამენტები. განსხვავებულია ხუთას და ხუთაითას ნომინალიანი კუპიურები. ხუთასიანი კუპიურის ავერსზე (წინა მხარე) შუა საუკუნეების სტილით ნაგები თაღის ქვეშ, საკრცხლულზე ზის შუბითა და ფარით შეიარაღებული ქალბატონი, ხოლო ხუთიათასიანი კუპიურის ავერსზე აღბეჭდილია ოთხკუთხოვან ჩარჩოში ჩასმული საქართველოს მთავრობის სასახლე.

1919-1921 წლებში საქართველოს მთავრობამ განახორციელა ფულის ერთეულის ხუთი ემისია და მთლიანად დაბეჭდა 18 მილიარდ 400 მილიონი მანეთი.  რესპუბლიკის კანონმდებლობით ყალბი ფულის მბეჭდავები ისჯებოდნენ კანონის სრული სიმკაცრით. ბონი ყალბად ითვლებოდა, თუ არ იყო სრული ზომის, აკლდა  ხელმოწერა, ან არ ქონდა სერიული ნომერი. ქართული ფულის ერთეულის მსყიდველუნარიანობა ინფლაციის პარალელურად ეცემოდა, თუმცა კავკასიის რეგიონში ყველაზე მყარ ვალუტად ითვლებოდა.

1920 წლის 20 თებერვალი: გორში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

1920 წლის 20 თებერვალს დიდი მიწისძვრა მოხდა საქართველოში, რომლის ეპიცენტრიც გორის მაზრაში დაფიქსირდა. პირველი ბიძგი 02:55 საათზე აღინუსხა, ხოლო განმეორებით 14:45 საათზე. რიხტერის შკალით მიწისძვრის მაგნიტუდა (ადგილობრივი სიმძლავრე) 6,2 ერთეულს შეადგენდა, ხოლო მერკალის სკალის მიხედვით ინტენსივობა ეპიცენტრში 8-9 ბალს უტოლდებოდა. ყველაზე ძლიერი, 9-ბალიანი ბიძგები აღირიცხა გორიდან 3 კილომეტრში მდებარე სოფელ ხიდისთავში. გორში მიწისძვრის სიმძლავრე 8 ბალს შეადგენდა, ისევე როგორც გორის მაზრის სოფლების უმრავლესობაში. ბიძგები მთელი საქართველოს მასშტაბით იგრძნობოდა. თბილისში მისი სიმძლავრე 6 ბალს შეადგენდა, ხოლო ბათუმსა და ფოთში – 5 ბალს.

ღამის ბიძგს გორში დიდი ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა განმეორებითმა მიწისძვრამ ქალაქი გორი მიწასთან გაასწორა. თვითმხილველთა გადმოცემით, შუადღის მიწისძვრის დროს ქალაქში ისეთი მტვერი დადგა, კაცი ვერაფერს დაინახავდა. ქუჩებში საშინელი ხმაური ისმოდა – ძაღლების ყეფა, ადამიანთა ყვირილი, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრებს ეძებდნენ ან ნანგრევებიდან თავის დასაღწევად დახმარებისთვის მოუხმობდნენ ახლობლებს. 

გარდა 20 თებერვალს მომხდარი ორი დამანგრეველი სიმძლავრის ბიძგისა, რამდენიმე დღის განმავლობაში მიწა სუსტად, მაგრამ მაინც იძროდა, რაც ისედაც დაზაფრულ მოსახლეობაზე კიდევ უფრო დამთრგუნველად მოქმედებდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება გორელებზე შემდგომში გავრცელებული ხუმრობა, რომ შუა გზაზე სიარული იციანო. მართლაც, შეშინებული მოსახლეობა ერიდებოდა ტროტუარზე სიარულს, რათა შენობების ნანგრევებიდან რამე არ დასცემოდათ.  

მთავრობის მიერ შედგენილი სტატისტიკური კომისიის მონაცემებით, ქალაქ გორში აღწერილი 1336 შენობიდან დაზიანება არ მიუღია მხოლოდ 16-ს, 756 შენობა-ნაგებობა კი ან სრულად დაინგრა, ან დასაშლელი გახდა. 405 შენობა კაპიტალურ, ხოლო 156 – მცირე რემონტს მოითხოვდა. მიწისძვრის შედეგად ქალაქ გორში დაიღუპა 18 ადამიანი, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანები მიიღო 267-მა მცხოვრებმა. სრულად განადგურდა მიწისძვრის ეპიცენტრში მდებარე სოფლები ხიდისთავი და ოხერა, ასევე თითქმის მთლიანად დაინგრა სოფელი უფლისციხე, ატენი, გორიჯვარი, სკრა, ხოვლე, სასირეთი, დოესი და სხვა სოფლები. სტატისტიკური კომისიის მონაცემებით სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო მაზრის 75-მა სოფელმა. მიწისძვრამ შეიწირა 129 კაცის სიცოცხლე (სხვა მონაცემებით დაიღუპა 200-მდე), დაშავდა 661. სტიქიამ დააზარალა 7118 ოჯახი.

საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობა დაირაზმა გორელების დასახმარებლად. ამის შესახებ მეტს აქედან გაიგებთ.

1920 წლის 28 აპრილი: ბოლშევიკებმა ბაქო აიღეს

ფოტოზე: წითელარმიელების ჯავშანმატარებელი ბაქოში

საბჭოთა რუსეთმა მას შემდეგ რაც 1920 წლის დასაწყისში,  სამოქალაქო ომში გენერალ ანტონ დენიკინის თეთრგვარდიული ჯარები დაამარცხა, ამიერკავკასიისკენაც მოაპყრო საკუთარი მზერა. პირველ რიგში მიზნად აზერბაიჯანის გასაბჭოება იქნა დასახული, რასაც განაპირობებდა ორი ფაქტორი. ერთი გეოგრაფიული და საკუთრივ აზერბაიჯანში ადგილობრივ ბოლშევიკთა გავლენა.

1920 წლის 27 აპრილს საბჭოტა მეთერთმეტე არმია აზერბაიჯანში შეიჭრა, აზერბაიჯანის არმიის ძირითადი ნაწილი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით სომხეთის საზღვარზე იყო განლაგებული. ამავდროულად სანამ მეთერთმეტე არმია ბაქოში შევიდოდა, ადგილობრივმა ბოლშევიკებმა კანონიერ ხელისუფლებას გადაგომა აიძულეს. 28 აპრილს ბაქოში რუსული წითელი არმია შევიდა.

ეს დიდი დარტყმა გამოდგა არ მხოლოდ აზრებაიჯანის, არამედ მთელი ამიერკავკასიის და მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებისათვის. ამიერიდან რუსულ არმიას კარგი პლაცდარმი ჰქონდა საქართველოზე შემოსატევად, ამავდროულად დიდი ბრიტანეთისათვის კავკასიის, როგორც ერთიანი  რეგიონისადმი ინტერესი იკარგებოდა, რაც საქართველოსთვის ნიშნავდა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ პირისპირ მარტო დარჩენას. 

1920 წლის 7 მაისი: საქართველომ საბჭოთა რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადო

ფოტოზე: გრიგოლ ურატაძე, ხელშეკრულებაზე ხელმომწერი საქართველოს სახელით

1920 წლის მაისში , მას შემდეგ რაც საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ აზერბაიჯანი დაიპყრო, საქართველოსაც შემოუტია, თუმცა იმ დროს კავკასიაში რუსული ძალები არცთუ მრავალრიცხოვანი იყო და ქართულმა ჯარმა და გვარდიამ რუსების ეს შემოტევა მოიგერიეს.

ამავდროულად საბჭოთა რუსეთს უწევდა ომის წარმოება პოლონეთთან და კავკასიაში დამატებითი ძალების გადმოსროლის შესაძლებლობა არ გააჩნდა. საქართველო-რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებების პარალელურად ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მოსკოვში, რაც საბოლოოდ დასრულდა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით.

ხელშეკრულების მიხედვით საბჭოთა რუსეთი ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. ამის გარდა საბჭოთა რუსეთი აღიარებდა საქართველოს საზღვრების განუყოფლობას. შეთანხმების მიხედვით საქართველო რუსეთს შორის საზღვარი იწყებოდა მდინარე ფსოუზე და მიუყვებოდა კავკასიონის ქედს და მოიცავდა ყოფილი თბილისისა და ქუთაისი გუბერნიის ტერიტორიებს. რუსეთი საქართველოს შემადგენლობაში აღიარებდა ზაქათალის ოლქსაც რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის იყო სადავო ტერიტორია, თუმცა ხელშეკრულების 12 მაისის დამატებით ეს ტერიტორია ისევ სადავო ზონად გამოცხადდა. საქართველოს საზღვრების შესახებ მეტს ამ სტატიიდან შეიტყობთ.

რუსეთი უარს ამბობდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე. ამავდროულად საქართველოში უნდა მომხდარიყო ბოლშევიკური პარტიის ლეგალიზაცია. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელს აწერდა, დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან გრიგოლ ურატაძე, ხოლო რუსეთის მხრიდან საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის (მინისტრის) მოადგილე ლევ კარახანი. ხელშეკრულება ძალაში შედიოდა ხელმოწერისთანავე.

1920 წლის ივლისი: ბრიტანელებმა ბათუმის ოლქი საქართველოს რესპუბლიკას გადმოაბარეს

ფოტო: მოკავშირეთა ჯარები ბათუმში, აჭარის საქართველოსთვის გადმოცემის ცერემონიაზე. ფოტო დაცულია ბრიტანეთის იმპერიის ომის მუზეუმში, ვეინის კოლექციაში.

ქალაქი ბათუმი და ბათუმის ოლქი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მხოლოდ 1920 წლის ივლისში დაუბრუნდა. ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ამიერკავკასიის სეიმის პერიოდში, ბათუმის ოლქი ოსმალურმა არმიამ დაიკავა. პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, 1918 წლის ბოლოს  ოლქი დროებით ბრიტანულმა ჯარებმა დაიკავეს. ბათუმის ოლქში ბევრი ინტერესი ეჯახებოდა ერთმანეთს, ოლქზე და თავად ქალაქზე  პრეტენზიას სხვადასხვა სახით ამიერკავკასიის სამივე სახელმწიფო, ოსმალები და დენიკინიც კი აცხადებდა. საბოლოოდ ბრიტანელებმა მხოლოდ საქართველოს უფლებები აღიარეს ამ ტერიტორიაზე და 1920 წლის 4 ივლისს კი საკუთარი ჯარები გაიყვანეს ოლქიდან. მათი გასვლა კავკასიიდან, ბაქოს დაცემის გამო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორდი კერზონის კავკასიური პოლიტიკის მარცხმა განაპირობა. გაიმართა ქალაქის საქართველოსათვის გადმობარების ოფიციალური ცერემონიალი, სამხედრო აღლუმი, საზეიმო ბანკეტი. სამუსლიმანო საქართველო, როგორც მაშინ ეძახდნენ ისევ უბრუნდებოდა საქართველოს. სიხარულს თან სევდაც ახლდა, კავკასიიდან გადიოდა ანტანტის სახელწმიფოთა ჯარის უკანასკნელი ნაშთები და საბჭოთა რუსეთის ჯარებს სამოქმედოდ ხელ-ფეხი ეხსნებოდა. 

1920 სექტემბერი: მეორე ინტერნაციონალის წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ

1920 წლის სექტემბერში საქართველოს ეწვია დასავლეთ ევროპის სოციალისტთა მეორე ინტერნაციონალის დელეგაცია. დელეგაციაში შედიოდნენ ცნობილი სოციალისტები: კარლ კაუცკი, რამზეი მაკდონალდი, პიერ რენოდელი, ემილ ვანდერველდე, კალრ ჰიუსმანსი და სხვები. მათი ინტერესის საგანს წარმოადგენდა, თუ როგორ ფუნქციონირებდა პრაქტიკაში სოციალისტური სახელმწიფო. დელეგაციის წევრებს საქართველოში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, ისინი დაესწრნენ დამფუძნებელი კრების სხდომებს, ესტუმრნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს,  კარლ კაუცკი  რომელიც რამდენიმე თვის განბმავლობაში დარჩა საქართველოში მონაწილეობას იღებდა საქართველოს კონსტიტუციის პროექტის განხილვაში. საქართველოდან დაბრუნების შემდეგ კი, ეს გავლენიანი სოციალისტები საკუთარი ქვეყნების პარლამენტებში საქართველოს აღიარების საკითხს ლობირებდნენ და ამავდროულად პრესის საშუალებით აცნობდნენ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, კულტურასა და ამ სახელმწიფოს არსებობის მნიშვნელობას.  საქართველოში ვიზიტის შემდეგ კარლ კაუცკიმ კი დაწერა წიგნი – ,,საქართველო. სოციალ-დემოკრატიული გლეხთა რესპუბლიკა.”

იყო კი ეს ვიზიტი რამის მომტანი? ამის შესახებ ამ სტატიაში ვსაუბრობთ.

1920 წლის 15 დეკემბერი: საქართველო ერთა ლიგაში არ მიიღეს

ფოტოზე: ერთა ლიგის სხდომა.

 ერთა ლიგაში განიხილეს საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი. ერთა ლიგაში გაწევრიანება ნიშნავდა საქართველოს უსაფრთხოების საკითხის გადაჭრას, რადგანაც ორგანიზაციის წევრი სახელმწიუფოები ვალდებულნი იყვნენ აგრესიის შემთხვევაში ერთმანეთს დახმარებოდნენ. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 24-მა სახელმწიფომ, ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის საჭირო იყო 16 ხმა. საქართველოს კი ხმა მისცა ათმა სახელმწიფომ: ბოლივიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, პარაგვაიმ, სპარსეთმა, პორტუგალიამ, ჩილემ, შვეიცარიამ, სამხრეთ აფრიკამ და კოლუმბიამ. ქვეყანა ერთა ლიგის წევრი ვერ გახდა, რაც უმეტესწილად განსაზღვრა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის უარმა, რადგანაც თუ საქართველო ორგანიზაციის წევრი გახდებოდა პირველ რიგში ამ ორ სახელმწიფოს უნდა ეზრუნა მის უსაფრთხოებაზე.

1921 წლის 26-27 იანვარი: მოკავშირეებმა საქართველო დე იურედ აღიარეს. მოსკოვში ოკუპაციის გადაწყვეტილება მიიღეს

ფოტო: საქართველოს ხელმძღვანელობა აღიარებისამი მიძღვნილ აღლუმზე

1921 წლის 21921 წლის 12 იანვარს საფრნგეთის მთავრობის სათავეში მოვიდა სოციალისტი არისტიდ ბრიანი, რომელიც საქართველოს მხარდმაჭერი იყო. დაიწყო მოლაპარაკება საფრანგეთის მხრიდან საქართველოსათვის იარაღის გადმოცემის თაობაზე, რაც მალევე წარმატებით გადაიჭრა, თუმცა იარაღის მოწოდებას გარკვეული დრო ჭირდებოდა.  1921 წლის 26 მაისს საფრანგეთის და კონკრეტულად არისტიდ ბრიანის ინიციატივით ინიციატივით, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის , იაპონიის, იტალიის და ბელგიის მიერ  საქართველო დე-იურე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ  იქნა აღიარებული,  თუმცა მეორე დღეს 27 იანვარს მოსკოვში საბჭოთა რუსეთის მთავრობამ საქართველოს ოკუპაციის გადაწყვეტილება მიიღო და მზადება საქართველოს დასაპყრობად  აქტიურ ფაზაში გადავიდა.

1921 წლის 11-12 თებერვალი: საბჭოთა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო

ქართველი ჯარისკაცები წვრთნებისას. ეროვნული არქივის ფოტო.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომი დაიწყო 11/12 თებერვლის ღამეს ბორჩალოს მაზრის საქართველო-სომხეთს შორის არსებულ სადავო ნეიტრალურ ზოლში, სადაც განლაგებულ ქართულ ნაწილებს თავს დაესხა საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის შენაერთები და ადგილობრივი სომხური მოსახლეობის ნაწილი, რომლებიც წინასწარ იყვნენ გაწრთვნილნი .  სომხეთის მიმართულებაზე მდგარი ქართული ჯარების ერთი ნაწილი პირველივე ბრძოლაში ჩავარდა ტყვედ, ქართულმა არმიამ რომელსაც გენერალი ილია ოდიშელიძე სარდლობდა 14 თებერვლიდან ცადა სომხეთის მიმართულებიდან შემოჭრილი მტრის წინააღმდეგ კონტრშეტევაზე გადასვლა მაგრამ მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მიმართა საბჭოთა რუსეთის მთავრობას, რომ შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები, თუმცა ამ უკანასკნელმა უარყო საბრძოლო მოქმედებებში მათი ჯარების მონაწილეობა და შუამავლობა შესთავაზა ,,აჯანყებულებთან“, საბჭოთა რუსეთის ელჩმა საქართველოში შეინმანმა კი ქართულ-სომხურ ომად მონათლა მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, თუმცა 14 თებერვალს მოსკოვში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება რომ 16 რიცხვიდან ღიად ჩაბმულიყვნენ საქართველოსთან ომში,  ,,აჯანყებული საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად.“

1921 წლის 19-21 თებერვალი: საქართველოს ჯარებმა თბილისის პირველი შტურმი მოიგერიეს

წითელარმიელი ტყვეები რუსთაველის გამზირზე, 1921 წლის 19 თებერვალი, ფოტო კინოქრონიკიდან. დაცულია ეროვნულ არქივში.

ქართული არმიის მთავარსარდალმა გენერალმა გიორგი კვინიტაძემ თბილისში მდგომი ნაწილებისა და რეგიონებიდან გადმოსროლილი მცირე ძალებით თბილისთან თავდაცვის სამი სექტორი მოაწყო. მარჯვენა კოჯორ-ტაბახმელას სექტორი გენერალ ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მეთაურობით, ცენტრალური – თელეთის ქედის გაყოლებით მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირომდე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით, მარცხენა – მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ორხევამდე გენერალ ალექსანდრე ჯიჯიხიას მეთაურობით.

პირველი შეტევა მოწინააღმდეგემ 18-19 თებერვლის ღამეს მოიტანა გენერალ მაზნიაშვილის პოზიციებზე, ქართულმა არმიამ მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია. ამ ბრძოლამ თითქმის სრულად გაანადგურა რუსეთის მე-11 არმიის მეოცე მსროლელი დივიზიის 58-ე მსროლელი ბრიგადა, მოწინააღმდეგემ დაღუპულთა სახით 500-ზე მეტი მებრძოლი დაკარგა, ხოლო 1000-1600-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა.

19-21 თებერვალს რუსულმა არმიამ დიდი იერიში მიიტანა თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორზე, თუმცა მოწინააღმდეგის ყველა შეტევა მოიგერიეს კოჯორ-ტაბახმელაში განლაგებული იუნკრების, არმიისა და გვარდიის ძალებმა. ამავე დროს მოწინააღმდეგის შეეტევები მოგერიებულ იქნა თბილისის თავდაცვის მარცხენა სექტორში.

თბილისში გამარჯვებას ზეიმობდნენ, ჯარისკაცების და მოსახელობის საბრძოლო სულისკვეთება ამაღლდა. მთავრობის თავმჯდომარე , მინისტრები და დამფუძნებელი კრების წევრები ფრონტზე ეწვივნენ ჯარისკაცებს. ნოე ჟორდანიამ თბილისს მეორე ვერდენი უწოდა.  ამავდროულად მოსახლეობა გლოვოდა ომში დაღუპულებს , მათ შორის მოწყალების და მარო მაყაშვილს, რომელიც 19 თებერვალს შეიწირა ყუმბარის ნამსხვრევმა.

1921 წლის 21 თებერვალი – დამფუძნებელმა კრებამ კონსტიტუცია მიიღო

ორ წელიწადზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი  კონსტიტუცია მიიღო. კონსტიტუცია შედგებოდა 17 თავისა და 149 მუხლისაგან. პოლიტიკური წყობის ფორმად აღიარებულ იქნა დემოკრატიული რესპუბლიკა.  კონსტიტუციამდე მიღებული ყველა კანონი და დეკრეტი ძალაში დარჩებოდა თუ არ ეწინააღდეგებოდა კონსტიტუციას.  საკანომდებლო ხლისუფლება ეძლეოდა პარლამენტს, რომელიც უნდა აერჩიათ სამი წლის ვადით. პარლამენტი აირჩევდა მთავრობის თავმჯდომარეს ერთი წლის ვადით, რომელიც აკომპლექტებდა მინისტრთა კაბინეტს. ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულიყო ზედიზედ ორჯერ.

უმაღლეს სასამართლო ხელისუფლების ორგანოდ ცხადდებოდა სენატი, რომელსაც ირჩევდა პარლამენტი. კონსტიტუციით  საფუძვლიანად იყო დაცული ქალთა, რელიგიურ და ეროვნულ უმცირესობათა უფლებები. გაუქმდა სიკვდილით დასჯა. ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობის უფლება მიენიჭათ აფზახეთს, ბათუმის ოლქს და ზაქათალის ოლქს. კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციატივის უფლება ჰქონდა არა ნაკლებ პარლამენტის ნახევარს ან კიდევ 50 000 ამომრჩეველს. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა მოხდებოდა დეპუტატების 2/3-ის უმრავლესობით. მსოლოდ  არსებული მართვა-გამგეობის ფორმა არ შეიძლება გამხდარიყო კონსტიტუციის გადასინჯვის საგანი.

1921 წლის 24-25 თებერვალი: თავდაცვის ბოლო დღე. თბილისი დაეცა

მეთერთმეტე ბოლშევიკური არმია თბილისში, 1921 წლის 25 თებერვალს.

 24 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისთან. დედაქალასის შტურმში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 20-22 000-მდე წითელარმიელი, ხოლო ქალაქს იცავდა 10 000 ქართველი ჯარისკაცი.  მოწინააღმდეგე განსაკუთრებულად უტევდა თბილისის თავდაცვის მარცხენა ფლანგს, ასევე თბილისის თავდაცვის მარჯვენა ფლანგზე არსებულ სტრატეგიულ სიმაღლეებს. დღის ბოლოს არსებული მდგომარეობით, მოწინააღმდეგემ თბილისის თავდაცვის გარღვევა პრაქტიკულად ვერ შეძლო.  

თბილისის თავდაცვის მთავარი პრობლემა მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის აზრით იყო ის, რომ მოწინააღმდეგის ცხენოსანი შენაერთები უვლიდნენ ქართველთა ფლანგებს და იქმნებოდა მთელი არმიის ალყაში მოხვედრის და განადგურების საფრთხე. მთავარსარდალს რეზერვში არცერთი ჯარისკაცი აღარ ყავდა და ამიტომ მან თბილისიდან მცხეთისაკენ უკანდახევა გადაწყვიტა, რათა ფრონტის ხაზი შეემოკლებინა და იქიდან გაეგრძელებინა ბრძოლა. მთავარსადლის გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება კი კანონით არავის არ ჰქონდა.

24 თებერვალს, ღამის 12 საათზე ქართულმა ჯარმა უკანდახევა დაიწყო. 25 თებერვალს თბილისში რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოვიდა. კავკასიის ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრმა   სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვს ახარა: ,,თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!”

1921 წლის 17-18 მარტი  – რესპუბლიკის დასასრული

ფრანგული ჯავშნოსანი კრეისერი “ვალდეკ რუსსო”, რომელიც ჯერ ქართულ არმიას ეხმარებოდა ბოლშევიკებთან ბრძოლაში, შემდეგ კი ბათუმიდან მთავრობის ევაკუაციისთვის გამოიყენეს.

თბილისის დაცემით საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არსებობა არ დაუსრულებია. მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ ჯერ ქუთაისიდან, ხოლო შემდეგ კი ბათუმიდან განაგრძო ქვეყნის მართვა. ქართული არმია თბილისის დაცემიდან კიდევ სამი კვირის მანძილზე იბრძოდა და  წინააღმდეგობას უწევდა მტერს. დიდი ბრძოლა გაიმართა 4-6 მარტს ხაშურის რაიონსა და ლიხის ქედზე, 3 მარტს ახალი ათონის პოზიციებზე, 9 მარტს დაეცა ქუთაისი. 13 მარტს რუსებმა დაიკავეს სამტრედია და ფოთი. რესპუბლიკის მთავრობა ამ დროისათვის აკონტროლებდა მხოლოდ ბათუმის ოლქსა და გურიას, სადაც საჯავახოს ხაზზე იდგა ქართული ჯარი. ვითარება კიდევ უფრო მძიმდებოდა რადგანაც ბათუმისკენ სამტრედიისა და ფოთის მიმართულების გარდა მიიწევდა კიდევ ერთი რუსული რაზმი გოდერძის უღელტეხილის გავლით. ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა უმაღლესი ძალაუფლების მქონე ორგანომ – დამფუძნებელმა კრებამ, რომელმაც თავი დაშლილად გამოაცხადა 16 მარტს მთავრობას  და დამფუძნებელი კრების გაფართოებულ პრეზიდიუმს საზღვარგარეთ გამგზავრება და დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლა დაავალა.  მთავრობის წევრთა და დამფუძნებელი კრების წევრთა დიდი ნაწილი საქართველოში დარჩა, რათა იატაკქვეშა საქმიანობა ეწარმოებინათ საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ. 

17-18 მარტს საქართველო მთავრობის წევრთა, დამფუძნებელი კრების ხმოსანთა და სამხედროთა ერთმა ნაწილმა საქართველო დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა, მათ კაპიტულაციისათვის ხელი არ მოუწერიათ. როგორც ისტორიკოსი ვახტანგ გურული აღნიშნავს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დაუტოვა სამართლებლივი  უფლება ებრძოლა დამოუკიდებლობისათვის.