რესპუბლიკა 100

დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურები

საქართველოს რევკომის თავმჯდომარე, ფილიპე მახარაძე 1921 წლის 6 დეკემბერს რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს მოახსენებდა:

” მოხდა ის, რომ როდესაც დაიწყო წითელი ჯარების შეტევა, ამ შეტევის მიზანსა და განზრახვაზე არც ერთმა იაჩეიკამ, წარმოიდგინეთ, პარტიის არცერთმა წევრმა საქართველოში არაფერი არ იცოდა და იჭვიც კი არ ჰქონდა. ამიტომ ჩვენი ორგანიზაციების მხრივ, რამდენათ ისინი ჯერ კიდევ მიათრევდნენ თავის წუთი სოფელს, არავითარი გამაფრთხილებელი ზომის მიღება არ შეიძლებოდა. ცხადია ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაუადვილა მენშევიკებს, წითელი ჯარების შეტევისას, საბოლოვოთ გაესწორებინათ ანგარიში აქა იქ კიდევ დარჩენილი ჩვენი ორგანიზაციებისათვის და დაეჭირათ არამცთუ კომუნისტები, არამედ ცოტათ თუ ბევრათ მათი თანამგრძნობებიც.

ამრიგად მოხდა შემდეგი:

  1. საქართველოში წითელი ჯარის შესვლამ და საბჭოთა ძალაუფლების გამოცხადებამ მიიღო აშკარად გარედან დაპყრობის ხასიათი, ვინაიდან შიგნით ამ დროს არავინ არც კი ფიქრობდა აჯანყების მოწყობაზე.
  2. საბჭოთა ძალაუფლების გამოცხადებისას საქართველოში არ აღმოჩნდა არცერთი პარტიული იაჩეიკა, არც მეტი რომ არა ვსთქვათ პარტიის ცალკე წევრი, რომელსაც შეძლებოდა უფლების ორგანიზაციის მოწყობა, რომ ამ საქმეს ხელი მოჰკიდეს უმეტეს შემთხვევაში საეჭვო, ან და პირდაპირ ბოროტმოქმედმა ელემენტებმა.“

ამონარიდი მოხსენებიდან, სადაც ფილიპე მახარაძე კრიტიკულად მიმოიხილავს უკვე ოკუპირებულ საქართველოში დამყარებულ სიტუაციას და მსჯელობს, თუ რა „ფასი“ გადაიხადა საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ღია ოკუპაციით, მრავალმხრივ საინტერესო დოკუმენტია. 1922 წელს ის სრული სახით გამოაქვეყნა სტამბოლში გამომავალმა ემიგრანტულმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ჟურნალმა „თავისუფალი საქართველო“, ბოლოში მინაწერით „ასლი გადაღებული იმ მოხსენებიდან, რომელიც ინახება რუსეთის კომ. პარტიის ცენტრალურ კომიტეტში“.

იგი მკაფიო ილუსტრაციაა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების პოლიტიკის შეფასებისათვის – რადგანაც, ერთი მხრივ, თავად ამ საიდუმლო მოხსენების მოპოვება ოკუპაციის პირობებში წინააღმდეგობის მოძრაობის წარმატებულ ორგანიზებაზე მეტყველებს (რის ზურგს უკანაც დამოუკიდებელი რესპუბლიკის ძლიერი სპეცსამსახურის გამოცდილებაც დგას) და ასევე, თავად მოხსენებაშიც – საოკუპაციო ხელისუფლების ნომინალური მეთაური ღიად საუბრობს, რამდენად ეფექტიანი იყო რესპუბლიკის უშიშროების სამსახური ბოლშევიკური იატაკქვეშეთის განეიტრალებაში. ეს ტენდენცია, საშუალებას გვაძლევს, ვიმსჯელოთ, როგორ იმოქმედა საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მიერ ჩატარებულმა დაუნდობელმა წმენდამ და საქართველოს კომპარტიის ფაქტობრივად განადგურებამ საბჭოთა რუსეთის გადაწყვეტილებაზე, ღია აგრესიით დაემორჩილებინა საქართველოს რესპუბლიკა.

როგორც წესი, საბჭოთა რუსეთს საგარეო „სახის“ შენარჩუნებისათვის უფრო „რევოლუციური“ სცენარის განვითარება აწყობდა ხოლმე – იგი უპირატესობას სამიზნე ქვეყნებში „აჯანყებას“ და სახელმწიფო გადატრიალებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ანიჭებდა, რისი შანსიც მათ საქართველოში ფაქტობრივად მოუსპეს და შეიძლება ითქვას ღია ოკუპაციის გარდა ალტერნატივა საბჭოთა რუსეთს აღარ დარჩა.

ამ ფონზე, საინტერესოა ვცადოთ და მიმოვიხილოთ – რა სტრუქტურები უზრუნველყოფდნენ საქართველოს რესპუბლიკის უსაფრთხოებას, ინსტიტუციურ დონეზე როგორ იყო უშიშროების სამსახური მოწყობილი და რამდენად წარმატებული იყო მათი მოქმედება, რომელმაც, მთავარი მტრის შეფასებასაც თუკი გავიზიარებთ – გარდა ღია შეაიარაღებული აგრესიისა, სხვა შანსი არ დაუტოვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მტრებს.

პირველი ნაბიჯი – სახალხო გვარდია, როგორც შინაგანი ჯარი

სახალხო გვარდიის წვრთნა

1917 წელს რუსეთში ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალება, დროებითი მთავრობის და რუსეთის ახლადარჩეული დამფუძნებელი კრების გარეკვა საბოლოო პოლიტიკურ წყალგამყოფად იქცა და ამიერკავკასიის რუსული სივრცისაგან საბოლოოდ ჩამოცილება გამოიწვია. თუმცა ადგილზე, ამან არათუ მოხსნა – უფრო გაამწვავა კიდეც კავკასიაში ბოლშევიკური გადატრიალების საფრთხე, რასაც ცოცხალი ძალით კვებავდა კავკასიის ფრონტიდან მოხსნილი გაბოლშევიკებული რუსული არმიის ნაწილების დინება თბილისისაკენ და აძლიერებდა თავად თბილისში გარნიზონის ჯარისკაცების ბოლშევიკური განწყობებიც.

თბილისის გარნიზონი იცავდა თბილისის არსენალს, თავისი სახელოსნოებითა და იარაღის საწყობებით. ამერიკავკასიის მმართველი პოლიტიკური ცენტრისათვის საჭირო გახდა სამხედრო საწყობების სწრაფად დაკავება, რაც კავკასიის ხელისუფლებას (ამიერკავკასიის კომისარიატი) საშუალებას მისცემდა საკუთარი შეიარაღებული ძალების ჩამოეყალიბება დაეჩქარებინა და უსაფრთხოება უზრუნველეყო.

თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დავალებით, 1917 წლის 12 დეკემბერს საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომისიის რაზმების 250 კაციანი დანაყოფმა, რომელიც ძველი სოციალ-დემოკრატი მებრძოლებით იყო დაკომპლექტებული (მათი ორგანიზება 1917 წლის შემოდგომიდან დაიწყო) ვალიკო ჯუღელის ხელმძღვანელობთ არსენალის მრავალრიცხოვანი გარნიზონი განაიარაღა – ეს დღე იქცა მუშათა წითელი გვარდიის დაარსების დღედ, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სახალხო გვარდია ეწოდა და მასში ყველა მოქალაქეს შეეძლო ჩაწერა, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა.

სახალხო გვარდია შეიარაღებული ძალების შინაგანი ჯარის ტიპის ფორმირებად ჩამოყალიბდა და ტერიტორიული პრინციპით იყო მოწყობილი. გვარდია შედგებოდა როგორც კადრირებული ასევე სარეზერვო ბატალიონებისგან, რომლებიც საომარ თუ საგანგებო სიტუაციებში უმოკლეს დროში ახდენდნენ მობილიზებას. გვარდიას მართავდა მისივე მთავარი შტაბი რომელიც ნიშნავდა გვარდიის სარდალს, რომლის მოვალეობასაც დამოუკიდებლობის წლებში უცვლელად ასრულებდა ვალიკო ჯუღელი. საომარი მდგომარეობისას გვარდია ემორჩილებოდა გენერალური შტაბის უფროსს. გვარდიას ჰყავდა შტაბები თბილისის უბნებში და სამაზრო და საქალაქო შტაბები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.

სახალხო გვარდია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა სახელმწიფოში წესრიგის დამყარებაში და ანარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ზურგს უმაგრებდა სახალხო მილიციას კრიმინალის და ბანდიტიზმის წინააღმდეგ მოქმედებაში. 1918 წლიდან მოყოლებული, სახალხო გვარდიამ წარმატებით შეძლო არაერთი ანტისახელმწიფოებრივი აჯანყების თუ ორგანიზებული ჯგუფების მოქმედების აღკვეთა, სამხედრო ნაწილების ბოლშევიკური ელემენტებისგან გაწმენდა და ყველაზე მასშტაბური ბოლშევიკური აჯანყებების ჩახშობა ლეჩხუმში, სამეგრელოში, აფხაზეთში, გურიაში, დუშეთში, თელავში და ა.შ.

სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის საინფორმაციო განყოფილება რომელსაც ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი (გოგიტა) ფაღავა ხელმძღვანელობდა, აქტიურად მუშაობდა სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვებაზე პარტიული ქსელების და საკონტაქტო პირების გამოყენებით; მისი მოქმედება საქართველოს გარდა, ყოფილი რუსეთის და რიგ შემთხვევებში ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიებზეც ვრცელდებოდა.

სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი კორდინირებულად მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მასთან არსებულ უშიშროების სამსახურთან – განსაკუთრებულ რაზმთან, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებს და მმართველ პოლიტიკურ გუნდს საშუალებას აძლევდა ეფექტური ნაბიჯები გადაედგა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის და პოლიტიკური სტაბილიზაციის მიმართულებით.

სახალხო გვარდიამ მისი არსებობის განმავლობაში წარმატებით შეძლო სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი ყოფილიყო და საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგაც ყველა ანტისაბჭოთა აჯანყებებში და იატაკქვეშა ჯგუფებში, ხშირად მებრძოლ ძალებად ყოფილი გვარდიელები დომინირებდნენ, რაც მათ მიმართ განსაკუთრებილი სისასტიკისკენ უბიძგებდა საოკუპაციო რეჟიმის რეპრესიულ აპარატს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს უშიშროების სამსახური – განსაკუთრებული რაზმი

თბილისის სახალხო მილიციის თანამშრომლები

პირველი მსოფლიო ომის შედეგებით გამოწვეული ურთულესი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოს ახლადჩამოყალიბებულ რესპუბლიკას მძიმე პირობებში აყენებდა, რომელიც ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების და ძალოვანი აპარატის შექმნის აუცილებლობას კარნახობდა საგარეო თუ საშინაო საფრთხეებთან გასამკლავებლად.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი და ორგანიზატორი ნოე რამიშვილი ჩაუდგა.

თავისი მოცემულობით – შინაგან საქმეთა სამინისტრო, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, 1918-1919 წლების განმავლობაში, ძირითადად ითავსებდა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითად ფუნქციებს, რამდენადაც იგი აერთიანებდა, როგორც უშიშროების სამსახურს,  შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე მართავდა საპოლიციო ორგანოებს; მას უწევდა ეზრუნა ისეთ გამოწვევებთან გამკლავებაზე, როგორიც იყო  ანარქიულ გამოსვლები, ბოლშევიკური, მონარქისტული და პროოსმალური აგიტაცია, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული დანაშაული, სახელმწიფო ქონების დატაცება და ა.შ.

ნოე რამიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი. დააწკაპუნეთ ბიოგრაფიისათვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იქნა ინტეგრირებული მანამდე არსებული ე.წ მფრინავი და საგანგებო რაზმები. ამავე სამინისტროს იყო დაქვემდებარებული სისხლის სამართლის სამძებრო მილიციაც.

საერობო რეფორმის გატარების და დეცენტრალიზაციის შემდეგ, საპოლიციო ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვა სამაზრო და საქალაქო თვითმმართველობებს გადააბარა და თავად მხოლოდ კოორდინირება/კონსულტირების ფუნქცია შეინარჩუნა.

1918 წელს მთელი რიგი სირთულეები და ხარვეზები გამოვლინდა, ყველაზე ხშირად სახალხო მილიციის მუშაობაში. ეს მისი მრავალრიცხოვნების, სათანადო წვრთნის და გამოცდილების არქონის გამო ხდებოდა. თუმცა, მომდევნო წლებში როგორც მათი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფების მუშაობა და მომზადების დონე აშკარად უმჯობესდებოდა. უკვე 1920-1921 წლებისთვის, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, დანაშაულის დონე მკვეთრად შემცირდა და ანარქიული, ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები პრაქტიკულად აღარ ხდებოდა.

საპოლიციო ნაწილის დეცენტრალიზაციამ სამინისტრო გარკვეულად განტვირთა, თუმცა ის მაინც მრავალი პასუხისმგებლობით იყო დატვირთული. სამინისტროში ჩამოყალიბებული იყო ცენტრალური სამმართველო რომელშიც შედიოდა; ადმინისტრაციული, საერთო, საერობო, სამეურნეო, საანგარიშო, საპენსიო, სამზრუნველო, საექიმო-სასანიტრო განყოფილება, ადმინისტრაციული ნაწილის ინსპექცია, ლტოლვილთა ცენტრალური კომიტეტი და განსაკუთრებული რაზმის სამმართველო.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების ძირითად სამსახურად, სწორედ ეს უკანასკნელი – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული რაზმი იქცა, რომელიც  1918 წლის ზაფხულში შეიქმნა თავად მინისტრის – ნოე რამიშვილის ინიციატივით.

რაზმის შექმნას საფუძვლად დაედო მისივე მოხსენება, რომელიც მთავრობის კანცელარიაში იქნა შეტანილი 1918 წლის 6 ივლისს. მასში მინისტრი მიუთითებდა, რომ საქართველოში მწვავე ხასიათი მიიღო როგორც სისხლის სამართლის დანაშაულებებმა, ასევე სპეკულაციამ და სახელმწფოს წინააღმდეგ მიმართულმა ქმედებებმა, რაც საფრთხეს უქმნიდა ახალგაზრდა რესპუბლიკის არსებობას;

 „ამგვარი მოვლენები პოლიტიკურ და ეკონომიკურ დარღვევას უქადის საქართველოს რესპუბლიკას და ვინაიდან მილიციას არ ძალუძს ზემოხსენებულ მოვლენებთან ბრძოლა, საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაარსდეს განსაკუთრებული რაზმი, რომელსაც მიზნად ექნება აღმოაჩინოს ყოველგვარი სპეკულაცია, ძარცვა-მოპარვა, დაწვა, სასურსათო საწყობების დარბევა და აგრეთვე კონტრრევოლუციასთან და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ და სხვა გვარ ბოროტმოქმედებასთან ბრძოლა. რაზმი დაექვემდებარება შინაგან საქმეთა მინისტრს და მის უფროსს. ვალდებული იქნება ყოველდღე თავის მოქმედების ანგარიში წარუდგინოს მინისტრს.“

1918 წლის 26 ივლისის ეროვნული საბჭოს სხდომაზე, სადაც 10 საკითხი იყო გამოტანილი, მე-5 საკითხად იყო კანონპროქტი „შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონტრრევოლუციის, სპეკულაციის და ძარცვა-გლეჯის წინააღმდეგ საბრძოლველად განსაკუთრებული რაზმის დაარსების შესახებ“, მიუხედავად ოპოზიციის კრიტიკისა და გარკვეულ პუნქტებში წინააღმდეგობისა, კანონპროექტი მაინც მიიღეს და რაზმი მუშაობას შეუდგა.

განსაკუთრებული რაზმის უფროსად დაინიშნა მელქისედექ მიხეილს ძე კედია (რომელიც რუსეთის იმპერიის დროს ჟანდარმერიაში მსახურობდა, „პრისტავის“ თანამდებობაზე) რომლის თანაშემწედაც ითვლებოდა სისხლის სამართლის მილიციის უფროსი პლატონ ფაჩულია.

თავდაპირველად სისხლის სამართლის მილიცია განსაკუთრებული რაზმის სტრუქტურაში მოქმედებდა, ხოლო მოგვიანებით გამოეყო მას და შსს ფარგლებში ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა. მის დაქვემდებარებაში გადავიდა ხსენებული „მფრინავი რაზმები“, რომლებიც სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების დანაყოფებს წარმოადგენდნენ.

განსაკუთრებული რაზმის სტრუქტურაში დაარსების დღიდან მუშაობდა – 20 უფროსი და 40 უმცროსი თანამშრომელი; დროთა განმავლობაში რაზმის თანამშრომელთა რიცხვი იზრდებოდა და 1920 წლისთვის უკვე – რაზმის უფროსს, მის ოთხ თანაშემწეს, 40 უფროს და 80 უმცროს თანამშრომელს აერთიანებდა.

დაარსების მომენტში, რაზმის უფლებამოსილება 6 თვის ვადით განისაზღვრა, მაგრამ სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით მას არსებობის ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა.

განსაკუთრებულ რაზმს მნიშვნელოვანი უფლებები ქონდა მინიჭებული: მას შეეძლო საეჭვო და ბრალდებულ პირთა დაპატმრება თანამდებობისა და მდგომარეობის მიუხედავად, მასევე შეეძლო საჭირო საბუთები და დოკუმენტები ამოეღო როგორც სახელმწიფო დაწესებულებებიდან ასევე კერძო საკუთრებიდანაც.

მიუხედავად მისი მცირერიცხოვნებისა განსაკუთრებული რაზმი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებდა: შემორჩენილი საარქივო დოკუმენტებიდან კარგად ჩანს რომ, მისი თანამშრომლები სპეციალური მივლინების საფუძველზე მუდმივად მოძრაობდნენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე და აგენტურის ფართო ქსელიც ჰქონდათ განვითარებული რომელიც, როგორც ახალი, ასევე ძველი –  რუსეთის იმპერიის  „ოხრანკის“ და ჟანდარმერიის აგენტებისგან შედგებოდა.

ამ აგენტების გადმობირება/გადაბარება ძირითადად 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მოხდა, როდესაც ახალმა რევოლუციურმა ხელისუფლებამ ძველი ადმინისტრაციის და სპეცსამსახურების არქივები ჩაიგდო ხელში.

სახალხო გვარდიის ნაწილები, სარკინიგზო მილიცია და არმია ვალდებული იყვნენ საჭიროების შემთხვევაში ყოველგვარი დახმარება აღმოეჩინათ განსაკუთრებული რაზმის თანამშრომლებისთვის. ასევე, ყველა სამოქალაქო დაწესებულების ხელმძღვანელები ვალდებული იყვნენ შეეშვათ რაზმის წარმომადგენლები მათ დაქვემდებარებულ უწყებებში, თუკი არსებობდა რაიმე ეჭვი იქ ანტისახელმწიფოებრივი თუ სამოხელეო დანაშაულის შესახებ.

სახელმწიფოს კონსტუტიციური წესრიგის უზრუნველყოფის გარდა, განსაკუთრებული რაზმი კონტრდაზვერვით ოპერაციებსაც ახორციელებდა. მის წინაშე ურთულესი ამოცანა იდგა, რადგანაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებდა როგორც საბჭოთა რუსეთის დაზვერვა, რომელიც ბოლშევიკურ იატაკქვეშა თუ შემდგომში ლეგალურ ჯგუფებთან კორდინირებულად მუშაობდა, ასევე დენიკინის „მოხალისეთა არმიის“ აგენტურა, რომლებიც ძველი მონარქისტებისგან, მეფის რუსეთის არმიის ოფიცრების გარკვეული ნაწილისგან და საქართველოში მცხოვრები რუსთა სხვადასხვა ორგანიზაციებისგან თუ რუსულენოვანი პრესის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. ასევე იყო ოსმალური აგენტურა – რომლებიც ძირთადად აჭარასა და საქართველოს სამხრეთ რეგიონებში აქტიურობდნენ.

განსაკუთრებული რაზმის შტაბის შენობა დღეს. ლეონიძის N9

განსაკუთრებული რაზმის სასახელოდ უნდა ითქვას რომ მათ წარმატებით მოახერხეს მტრულად განწყობილი ქვეყნების აგენტურის, პროპაგანდის საშუალებების თუ დივერსიული ჯგუფების მოქმედების აღკვეთა ისე, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერცერთი ისეთი მოქმედების განხორციელება რომელიც რეალურ საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის დამოუკიდებლობას.

მაგალითისთვის, 1921 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში გადაგზავნილ – შინაგან საქმეთა მინისტრისადმი წარდგენილ – 1920 წლის წლიურ ანგარიშში ასახულია რაზმის მოქმედების შედეგები, სადაც ჩანს, რომ საქართველოს რესპუბლიკაში დაპატიმრებული ან ქვეყნიდან გაძევებული იყო  513 ბოლშევიკი და საბჭოთა რუსეთის აგენტი, რომელთაც დაუმტკიცდათ საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ფარული თუ გაცხადებული მოქმედება.

მოხსენებაში ნათქვამია:

„დაპატიმრებულ იქნა 513 ბოლშევიკ-კომუნისტები ამათ რიცხვში იყვნენ უცხო სახელმწიფოს აგენტები და ადგილობრივ კომუნისტთა პარტიის ჯაშუშები, რომელნიც ფარულად და გამოცხადებულად მუშაობდნენ წინააღმდეგ საქართველოს თვით არსებობისა და დემოკრატიული წესწყობილებისა, აგროვებდნენ იარაღს და აწვდიდნენ მოწინააღმდეგეთ, რომელთაც აძლევდნენ სხვა დასხვა საიდუმლო ცნობებს, შესახებ სამხედრო თუ სამოქალაქო ჩვეს რესპუბლიკაში მოწესრიგებულ მდგომარეობისა, ეწეოდნენ აგიტაციას, არიგებდნენ ფულებს პარტიის გასაძლიერებლად, ავრცელებდნენ ყალბ ხმებს დასაგებად ნიადაგისა, გამოსაწვევათ ხალხში ამბოხებისა და სხვა არა ლეგალურ მუშაობით ხელს უშლიდნენ მთავრობას მშვიდობიანობის დამყარებაში დემოკრატიულ პრინციპს.

ზემო აღწერილი ბოროტ-მოქმედების ჩადენა უკვე იქნა დადასტურებული სარწმუნო წყაროებიდან მიღებული აგენტურული ცნობებით, კვლევა-ძიებით და ნივთიერი დამამტკიცებელი წერილობითი საბუთებით. დამატებით მოგახსენებთ რომ პოლიტიკური დამნაშავენი, არაკეთილსაიმედო პიროვნებანი და სპეკულიანტები არიან დაჯარიმებულნი პატიმრობით და გაძევებით საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებიდან, ხოლო დანარჩენი ბოროტმოქმედნი პირები თავის დროზე გაიგზავნა საპყრობილეში. მათი საქმეები, კვლევა-ძიებით და ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთებით გადაეცა სასამართლო ბრალმდებელს არსებული წესით.“

წლის განმავლობაში ასევე გამოვლენილი და ნეიტრალიზებული იყო:
179 დენიკინის მოხალისეთა არმიის სასარგებლოდ მოქმედი პირი,
72 მძიმე დანაშაულში ბრალდებული,
24 ყალბი ფულის დამამზადებელი,
9 საბუთების გამყალბებელი,
54 სამსახურებრივი ბოროტმოქმედების ჩამდენი საიდანაც:
ყალბი საბუთების დამზადებისთვის 6,
ქრთამის აღებისთვის 17,
გაფლანგვისთვის 21,
დაუდევრობის და გულგრილობისთვის 4,
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 6 პირი,
ასევე დაპატიმრებული იქნა 56 პირი სპეკულაციის ბრალდებით.

მოხსენებაში, ბოლოს ასევე ნათქვამია, რომ 1920 წელს თბილისში ჩამოვიდა – 12 815 პირი, რომელთა ვინაობის გამოკვლევის შემდეგ, როგორც საეჭვო, ქვეყნიდან გაძევებული იქნა 8 749 მათაგანი.

რაზმი ახდენდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების აღსრულებას, რომლებიც საქართველოში გამომავალი სხვადასხვა გაზეთების დახურვას ეხებოდა, როდესაც მათ მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა ხორციელდებოდა. მათ შორის აღსანიშნავია “Кавказское Слово“-ს რომელიც დენიკინის მოხალისეთა მოძრაობას უთანაგრძნობდა; 1920 წლის ლეგალიზაციის შემდეგ ივნისში გამოსულ გაზეთ „კომუნისტის“ მალევე დახურვა, რომელიც შემდეგ „ახალმა კომუნისტმა“ და „საქართველოს კომუნისტმა“ ჩაანაცვლა, რომლებიც ასევე დახურულ იქნა მინისტრის ბრძანებით.

ვლადიმერ სულაქველიძე, თბილისის მილიციის უფროსი, ზურგის უფროსი. დეტალური სტატიისათვის, დააწკაპუნეთ.

1920 წელს მაისში საბჭოთა რუსეთის პირველი ფართომასშტაბიანი თავდასხმისას,  რომელიც საქართველოს რესპუბლიკამ მოიგერია, რესპუბლიკის უსაფრთხოების სისტემას დაემატა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობა -ზურგის უფროსი, რომელიც საომარ და საგანგებო მდგომარეობისას ხელმძღვანელობდა ყველა ძალოვან სამსახურს, რომლებიც უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ახორციელებდა. მას ემორჩილებოდა როგორც გვარდიის რეზერვში მყოფი

 

დანაყოფები ასევე მილიცია, სარკინიგზო მილიცია და განსაკუთრებული რაზმი. ზურგის უფროსის უფლებამოსილება საომარი თუ საგანგებო მდგომარეობის მოხსნისთანავე უქმდებოდა. ზურგის უფროსის მოვალეობას მუდმივად ასრულებდა თბილისის მილიციის უფროსი ვლადიმერ (ვალოდია) სულაქველიძე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღოდა კრიმინალის და ანარქიის დამარცხებაში და შინაგან საქმეთა მინისტრის დიდი ნდობით სარგებლობდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მუშაობა და მოქმედება დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან მტრულად განწყობილი ძალები განსაკუთრებით რუსეთის „თეთრი მოძრაობა“ და საბჭოთა რუსეთი, რომელთა ძირითადი მიზანიც ახალგაზრდა რესპუბლიკის შიგნიდან აფეთქება და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობით ხელისუფლების ხელში ჩაგდება იყო, მიუღწეველი დარჩა. 1919 წლის შემოდგომისთვის მთლიანად იქნა ნეიტრალიზებული „მოხალისეთა არმიის“ აგენტურა და მათი მტრული მოქმედებები აღიკვეთა, ხოლო 1920 წლის ბოლოსთვის საქართველოში აღარ არსებობდა ბოლშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაცია, რომელსაც რაიმე ზიანის მოტანა შეეძლო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. ასევე გაშიფრული და დაპატიმრებული იქნა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში ჩანერგილი საბჭოთა რუსეთის აგენტებიც.

განსაკუთრებული რაზმი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ  სახალხო გვარდია გაუქმდა, მაგრამ მისი შემადგენლობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი წავიდა ემიგრაციაში. მებრძოლთა ძირითადი მასა საქართველოში დარჩა და  მომდევნო წლებში მათი უმრავლესობა იატაკქვეშა და წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა.

გოგიტა ფაღავა. დააწკაპუნეთ ბიოგრაფიისათვის.

სახალხო გვარდიის ერთერთი მთავარი ორგანიზატორი და მთავარი შტაბის წევრი გოგიტა ფაღავა მალევე იქცა წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და  გავლენიან ფიგურად. მის წარმატებულ ორგანიზატორულ მოქმედებას უკავშირდება წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის ხელმძღვანელი ორგანიზაციის – „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ ჩამოყალიბება, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად იყო მცირე ხნით.

იგი ჯერ 1921 წლის გაზაფხულზე დააპატიმრეს, მაგრამ პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტის პირობით მალევე გაანთავისუფლეს; იგი განთავისუფლებისთანავე ისევ იატაკქვეშეთში გადავიდა და გააგრძელა არალეგალური ორგანიზაციების ხელმძღვანელობა, თუმცა აზერბაიჯანის წინააღმდეგობის მოძრაობის მეთაურის წარმომადგენელთან შეხვედრისას, რომელიც საგანგებო კომისიის საიდუმლო თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდა, ისევ დააპატიმრეს 1924 წლის 15 თებერვალს და სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან რუსეთში გადააგზავნეს.

1924 წლის დასაწყისში საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნდა სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი, რომელიც აჯანყების სამზადისს შეუერთდა, მაგრამ აჯანყებამდე ცოტა  ხნით ადრე 6 აგვისტოს ისიც დაპატიმრებული იქნა. ფაღავა და ჯუღელი 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მსვლელობისას დახვრიტეს.

განსაკუთრებული რაზმის ხელმძვანელი ოფიცრები და თანამშრომლების უმრავლესობა, 1921 წლის მარტში, მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა და თან წაიღო თავისივე და ასევე მემკვიდროებით დარჩენილი ჟანდარმერიის საიდუმლო მასალებიც. ისინი ჯერ სტამბოლში მოქმედებდნენ ფრანგულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებთან ერთად ბოსფორის სრუტის კონტროლის და საბჭოთა დაზვერვის წინააღმდეგ ოპერაციებში, ხოლო მომდევნო წლებში საფრანგეთში გადავიდნენ და ფრანგულ კონტრდაზვერვასთან თანამშრომლობდნენ ანტიკომუნისტურ ოპერაციებში.

მარცხნიდან მეორე: მელქისედეკ (მექი) კედია სტამბოლში, 1921 წელი. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი.

საქართველოს ოკუპირების შემდეგ, საბჭოთა სპეცსამსახურები – საგანგებო კომისია „ჩეკა“ და შემდეგ „გეპეუ“ აღმოჩნდნენ ფაქტის წინაშე –  მათ ხელი არ მიუწვდებოდათ ძალიან მნიშვნელოვან წყაროებზე – ქართული სპეცსამსახურების საიდუმლო დოკუმენტებზე და აგენტურულ მონაცემებზე, რომელთანაც კავშირს არ წყვეტდა ემიგრაციაში წასული ხელმძღვანელობა; 1920-1930-იანი წლების განმავლობაში საბჭოთა სპეცსამსახურების ძირითადი მიზანი იყო როგორმე მოეხერხებინათ კვალზე გასვლა და ასეთი პირების გამოვლენა, რისთვისაც ისინი აქტიურად იყენებდნენ თბილისში დარჩენილ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის და მასში არსებულ განსაკუთრებული რაზმის შესახებ დაცულ მასალებსაც, რაზეც მეტყველების ის ფაქტი, რომ საქართველოს შსს მასალები სახელმწიფო არქივს 1940 წელს გადასცეს შესანახად.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების პოლიტიკის და უშიშროების სამსახურის შესახებ სრული სურათის ჩვენებას და გაანალიზებას შეუძლებელს ხდის ის გარემოება, რომ ამ პროცესების ამსახველი დოკუმენტების უმრავლესობა 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსული ოკუპაციისას, მთავრობამ ემიგრაციაში თან წაიღო – დღემდე უკვალოდაა გამქრალი განსაკუთრებული რაზმის ოპერატიული და აგენტურული მასალები, რომლებიც დიდი ალბათობით საფრანგეთის სპეცსამსახურების არქივებში უნდა ინახებოდეს და მისი აღმოჩენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ბევრ მნიშვნელოვან საკითხს მოჰფენს ნათელს.

დავით ხვადაგიანი

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი

Back to top button