ახალი ამბები

შს მინისტრი გახმაურებულ საქმეებზე საუბრობს

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, კატეგორიულად გამორიცხავს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გაუჩინარებაში ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობას და აცხადებს, რომ საქმე „სახელმწიფოებრივ მიდგომებს საჭირეობს“.

ამ და სხვა გახმაურებულ თემებზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, 9 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემისთვის – „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

„მე კატეგორიულად გამოვრიცხავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობას მასში (გატაცებაში), უფრო მეტიც, მე კატეგორიულად გამოვრიცხავ ყველა ძალოვანი უწყების ჩართულობას ამ მოცემულობაში, რასაც გვთავაზობს მუხთარლი და მისი ადვოკატი. არ მჯერა, რომ ვინმეს სჯერა ის, რომ შუადღისით, შუაგულ თბილისის ცენტრში, ფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები იტაცებენ ჯანღონით სავსე ადამიანს და დამნახავი არავინ არ არის… არ არსებობს არც ერთი ვიდეო ჩანაწერი, სადაც შეიძლება, რომ ჩანდეს ფორმაში გამოწყობილი ადამიანების გადაადგილებაც კი“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისი თქმით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები, იმ ადგილებიდან, სადაც 29 მაისს სავარაუდოდ მოხდა ჟურნალისტის გაუჩინარება და რომელზეც მუხთარლის ქართველმა ადვოკატმა მიუთითა გამოძიებას.

„ეს ჩანაწერები გადაეცა მის ადვოკატსაც, მაგრამ მას არ მოეწონა იმდენად, რამდენადაც იქ არ ჩანს გატაცების მომენტი. ჩვენ ახლა, სიმართლე, რომ გითხრათ, ხელოვნურად ვერ დავდგამთ გატაცების სცენებს და მისთვის სასურველ სცენას ვერ დავდგამთ. ობიექტურად, რა მოცემულობაც გვაქვს, მივყვებით მას და როგორც გითხარით გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ამ საქმით დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს დაელოდონ გამოძიებას, მათ შორის „ვითომ გულშემატკივრებს, ვითომ აღშფოთებულებს მე მინდა ვუთხრა, რომ გამოძიება აუცილებლად დასრულდება და დაიდება კონკრეტული დასკვნა“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ასევე ისაუბრა სამართალდამცავების მიერ 9 ივნისს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ორი მუსიკოსის, ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების თაობაზე, რომელთაც საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შემდეგ გათავისუფლდნენ.

ორი რეპერის დაკავებას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა: დემონსტრანტების განცხადებით, პოლიციამ მუსიკოსებს ნარკოტიკი იმ ვიდეო კლიპის საპასუხოდ ჩაუდო, სადაც პოლიცია იყო გაშარჟებული.

მინისტრის თქმით, ჯგუფის მიერ შექმნილი სიმღერა და კლიპი, მათი დაკავების დროს ნანახი არ ჰქონდა, თუმცა მისი ნახვის შემდეგ „მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა“ მასზე, მისი შეფასებით, ეს იყო არა ერთი პოლიციელის, არამედ მთელი „სისტემის დაკნინების მცდელობა“.

„მე გულწრფელად გეტყვით, რომ ნამდვილად არ მქონდა ნანახი ეს კლიპი. მე პასუხისმგებლობით გეუბნებით იმასაც, რომ არავითარ შემთხვევაში მათი დაკავება არ უკავშირდება მათ ნამუშევარს და არ შეიძლება, რომ შური იძიოს ვინმემ, მითუმეტეს ამ ფორმით და მითუმეტეს პოლიციელებმა“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა,  რომ „სასტიკად არ მომეწონა ეს კლიპი და იმ ქვეყანაში, სადაც პოლიციელს და ჯარისკაცს პატივს არ სცემენ იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებებზე, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხდება კონკრეტული პიროვნებებისთვის ნარკოტიკული ან იარაღის ჩადების ფაქტები, მათი დაკავების მიზნით.

მინისტრის თქმით, მაშინ, როცა სისტემაში 40 ათასი თანამშრომელია, ცალკეულ დარღვევებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, თუმცა „ასეთ გამოვლინებებს ჩვენ ხელს არ დავაფარებთ“.

„რა თქმა უნდა პრობლემები არის, მაგრამ ეს პრობლემები არ არის სისტემური ხასიათის. არის ცალკეული პრობლემები, რომელსაც ჩვენ ეტაპობრივად ვასწორებთ, მაგრამ ის, რომ ვინმე, ვინმეს ნარკოტიკს ან იარაღს უდებდეს, ამის თეორიული შანსი რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ასეთ გამოვლინებებს ჩვენ ხელს არ დავაფარებთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button