skip to content
ახალი ამბებიკონფლიქტის ამბები

საქართველო ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ აშშ–ის ანგარიშში

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ 27 ივნისს გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველო, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით და იძულებითი შრომის თვალსაზრისით, ადამიანთა ტრეფიკინგის წყაროს, ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყანას წარმოადგენს.
 
ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშში, რომელიც 2016 წლის მოვლენებს მოიცავს, საქართველო სამჯგუფიან სისტემაში პირველ ჯგუფში მოხვდა, რომელიც, მართალია, არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემა არ დგას, მაგრამ მიუთითებს, რომ მისი მთავრობა გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს და ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს.
 
2016 წლის ანგარიშში საქართველო იმავე ჯგუფში იყო, თუმცა მანამდე ქვეყანა სამი წლის მანძილზე მეორე ჯგუფში რჩებოდა, რომელიც იმ ქვეყნებს მოიცავს, რომელთა მთავრობებიც სრულად არ აკმაყოფილებენ მინიმალურ სტანდარტებს მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავენ. მესამე ჯგუფი ყველაზე დაბალი კატეგორიაა, რომელიც იმ ქვეყნებს ენიჭებათ, რომელთა მთავრობებიც სრულად არ აკმაყოფილებენ ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს და მნიშვნელოვან ძალისხმევასაც არ მიმართავენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
 
ახალი ანგარიშის თანახმად, მთავრობამ „სერიოზული და მტკიცე ძალისხმევა განახორციელა 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღების, ასევე აქტიური გამოძიების გაგრძელებისა და ტრეფიკინგის მაჩვენებლებზე მოწყვლადი მოსახლეობის შემოწმების გზით“.
 
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ბავშვებზე მორგებული მექანიზმი შეიმუშავა, გააფართოვა იმ აქტორების რაოდენობა, რომლებიც მსხვერპლთა იდენტიფიცირებაში მონაწილეობდნენ და უფასო საიდენტიფიკაციო დოკუმენტები გასცა ქუჩის ბავშვებზე.  „ხელისუფლებამ განაგრძო ყველა იდენტიფიცირებული მსხვერპლისთვის ყოვლისმომცველი მზრუნველობის გაწევა და ცნობიერების ამაღლების კამპანიები ჩაატარა“, – ნათქვამია ანგარიშში.
 
თუმცა, ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობამ არ გაზარდა სამართალდამცავი სტრუქტურების ძალისხმება ტრეფიკინგთან ბრძოლის საქმეში და საანგარიში პერიოდში სულ უფრო ცოტა მსხვერპლი იქნა გამოვლენილი. დოკუმეტში ასევე ნათქვამია, რომ „შრომის ინსპექციამ კვლავ განაგრძო მუშაობა გაურკვეველი მანდატით და დამსაქმებელთა შემოწმების შეზღუდული შესაძლებლობით“.
 
ანგარიშის თანახმად, კვლავ არასათანადოდ ხორციელდება იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომელთა ექსპლოატაციაც ხდება ქუჩებში, მათ შორის იძულებითი მათხოვრობის და დანაშაულში მონაწილეობის კუთხით; ასევე, არ არის იდენტიფიცირებული ის ქართველი და უცხოელი მუშახელი, რომელსაც სავალალო შრომის პირობები აქვს.
 
ანგარიშის თანახმად, საქართველო ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების და გოგონების,  ასევე მამაკაცების, ქალების და ბავშვების იძულებითი შრომის თვალსაზრისით ადამიანთა ტრეფიკინგის წყაროს, ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყანას წარმოადგენს.
 
„ქალები და გოგონები საქართველოდან ქვეყნის შიგნით, ასევე თურქეთში და გარკვეულწილად, ჩინეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. საქართველო ასევე სატრანზიტო ქვეყანაა ქალებისთვის ცენტრალური აზიიდან, რომელთა ექსპლოატაცია თურქეთში ხდება. ქალები აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან იძულებითი პროსტიტუციის მსხვერპლნი ხდებიან საქართველოს კომერციულ სექსვაჭრობაში აჭარის ტურისტულ ზონაში, ასევე საუნებში, სტრიპტიზ კლუბებში, კაზინოებსა და სასტუმროებში. ტრეფიკინგის იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა უმეტესობა ახალგაზრდა, უცხოელი ქალია, რომელიც სამუშაოს ეძებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
 
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „ქართველ, ბოშა და ქურთ ბავშვებს საქართველოში იძულებით მათხოვრობას, ან დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობას აიძულებენ“.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button