მოსკოვი: 2011 წლის ვმო-ს შეთანხმების განხორციელებამ ‘შესაძლოა საერთაშორისო ვაჭრობას შეუწყოს ხელი’

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ანატოლი ბიბილოვის „კონსტრუქციულ და პასუხისმგებლიან პოზიციას“, რომლის თანახმადაც რეგიონი მზად არის რეგიონის ტერიტორიაზე საერთაშორისო ტვირთების ტრანზიტი დაუშვას.

„ყურადღება მივაქციეთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, რომელიც მან პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გააკეთა, და სადაც ის გამოხატავს ცხინვალის მზადყოფნას, რომ თანაბარი უფლებებით მონაწილეობა მიიღოს რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით სატვირთო ტრანზიტის ორგანიზებაზე მუშაობაში“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრომ 6 ივნისს გავრცელებულ მოკლე კომენტარში.

„მივესალმებით ამ კონსტრუქციულ და პასუხისმგებლიან პოზიციას, რომელიც ამიერკავკასიაში სავაჭრო-ეკონომიკური კომუნიკაციის სისტემის განვითარების რეალურ პერსპექტივას ხსნის, რაც რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებშია“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მოვუწოდებთ თბილისს, რომ მსგავსი კონქტრუქციული მიდგომა გამოხატოს“, – განაცხადა სამინისტრომ. „პირველ რიგში, მხედველობაში გვაქვს რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და საქართველოს შორის 2011 წლის 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმება საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმის და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების შესახებ. მისი პრაქტიკული განხორციელების უსწრაფესი დაწყება მნიშვნელოვანი წვლილი გახდებოდა რეგიონში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საქმეში“.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, ქართული მხარე დიდი ხნის მანძილზე თავს არიდებს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დადასტურებას. იმედი გვაქვს, რომ ამგვარი მიდგომა შეიცვლება“.

2 ივნისს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“- სთან ინტერვიუში, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ის გზა, რომელიც ცხინვალის რეგიონზე გადის, „ყველაზე მოსახერხებელია თურქეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, სომხეთისა და საქართველოსთვის“.

„იმისათვის, რომ ეს გზა გაიხსნას, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო და პირველ რიგში საქართველოს მხრიდან. ჩვენი მხრიდან, არა მგონია, რომ რაიმე პრობლემები შეიქმნას. ერთდაერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება ქართულმა მხარე წამოწიოს, სამხრეთ ოსეთის სტატუსია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ და ეს არც მოხდება, რომ სამხრეთ ოსეთმა თანასწორუფლებიანი პარტნიორის სახით არ მიიღოს მონაწილეობა… სამხრეთ ოსეთი თანასწორუფლებიანი პარტნიორი უნდა იყოს და ისევე უნდა მიიღოს მონაწილეობა, როგორც სხვებმა“, – განაცხადა ბიბილოვმა.

საქართველო მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, რაც თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის ნოემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. შეთანხმება ითვალისწინებს „ნეიტრალური კერძო კომპანიის“ დაქირავებას სამი „სავაჭრო დერეფნის“ გავლით ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. ორი სავაჭრო დერეფანი სეპარატისტულ რეგიონებში მდებარეობს, ხოლო მესამე ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე.

შეთანხმების თანახმად, კომპანიის წარმომადგენლები ვაჭრობის მონიტორინგის მიზნით თითოეული დერეფნის თავში და ბოლოში განთავსდებიან ისე, რომ მათი განლაგება არ მოხდება უშუალოდ სეპარატისტულ რეგიონებში.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button