skip to content

ოფიციალური პირები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების შესახებ კომენტარს აკეთებენ

1 ივნისს მთავრობის სხდომაზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე „წინასწარი დასკვნების“ გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„ძალიან კარგად მესმის მოქალაქეებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო სექტორის წუხილი, თუმცა, წინასწარი დასკვნების გაკეთება მიუღებელია. მით უმეტეს მიუღებელია, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„თუ ჩვენ ხელი შევუწყვეთ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რეალურად დაცვა“, – განაცხადა მან.

მან მოუწოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ „მაქსიმალურად მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეს საკითხი იყოს გამოძიებული და ჩვენს ქვეყანაში არავის გაუჩნდეს ეჭვი იმაზე, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული“.

პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოების მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის მუხთარლის სავარაუდო გადაცემის შესახებ არსებული „სპეკულაციები“ „კატეგორიულად დაუშვებელია“. „რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ რამე ამდაგვარში ჩართული“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ასევე გააკეთა კომენტარი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე და გაიმეორა პრემიერ-მინისტრის მოწოდება წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავის შეკავების თაობაზე.

1 ივნისს სპეციალურ ბრიფინგზე საუბრისას მღებრიშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხარემ აცნობა თბილისს, რომ მუხთარლი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ბელაქნის რაიონის მიმართულებით, საქართველოს მხრიდან სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და დიდი ოდენობით არადეკლარირებული უცხოური ვალუტის საქართველოდან აზერბაიჯანში კონტრაბანდის სახით გადატანის გამო დააკავეს.

„საზოგადოებას გვინდა ვამცნოთ, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია სახელმწიფო საზღვრის დაცვას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს გამშვები პუნქტების გარდა ტერიტორიების ე.წ. მწვანე ზოლის სასაზღვრო პოლიციის მორიგე ჯგუფების მიერ კონტროლს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

„ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი შეიძლება ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს დაბალია, მაგრამ არსებობს. აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით აფგან მუხთარის შემთხვევაში სწორედ მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე. ეს არის საქმეში არსებული ერთადერთი ოფიციალური და სამართებლივი გამყარებული გარემოება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს აფგან მუხთარს ქონდა საზღვრის გვერდის ავლის წინასწარ შემუშავებული სქემა, რომ ეს არ იყო პირველი პრეცედენტი და იგი რეგულარულად ახორციელებდა არადეკლარირებული უცხოური ვალუტის კონტრაბანდული გზით შეტანას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში“, – განაცხადა მან.

მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე „ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ ზემოხსენებულ გარემოებებს. გამოძიებით ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის ამ ვერსიის უტყუარობა და ავთენტურობა. ასევე ის, ქონდა თუ არა რაიმე წინასწარი ინფორმაცია აზერბაიჯანულ მხარესთან და ახორციელებდნენ თუ არა საზღვრის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გაძლიერებულ კონტროლს“.

იმავდროულად, მღებრიშვილმა განაცხადა, რომ „განსხვავებულ ვერსია აქვს მეუღლეს, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და აქტივისტს ლეილა მუსტაფაევას და მუხთარის ადვოკატს ელჩინ სადიკოვს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ის თბილისიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს. მისი თქმით თავდამსხმელებს სამოქალაქო სამოსი ეცვათ და ვარაუდობს, რომ შესაძლოა საქართველოს სპეცსამსახურის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ“.

„სამწუხაროდ, მუხთარლის ადვოკატის განცხადება სრულიად ცალმხრივად და დაუსაბუთებლად იქნა ატაცებული გარკვეული პირების მხრიდან და ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხდება ამ ვერსიის ტირაჟირება. ჩვენ კარგად გვესმის ზოგიერთი ჩვენი მოქალაქის და ორგანიზაციის ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, თუმცა ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად არასწორად და დაუშვებლად მიგვაჩნია საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება, მითუმეტეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მღებრიშვილის თქმით, საქართველოს არის „სამართლებრივი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იზიარებს მათ ფასეულობებს, აღიარებს კანონის უზენაესობას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქმის ამგვარ ვერსიასთან საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს არავითარი შემხებლობა არ აქვთ და არც შეიძლება ქონდეთ“.

„ჩვენ ქვეყანაში აზერბაიჯანული ეროვნების ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და სახელმწიფო არასდროს დაინტერესებულა მათი დამოკიდებულებით აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი“, – განაცხადა მან. „ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აზერბაიჯანელ პარტნიორებასაც არასდროს მოუმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ოფიციალური ან არაოფიციალური თხოვნით პოლიტიკური შეხედულებების გამო აზერბაიჯანის მოქალაქეების უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვასთან ან სამშობლოში მათ იძულებით დაბრუნებასთან დაკავშირებით“.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ არც თავად აფგან მუხთარლის მხრიდან დაფიქსირებულა რაიმე მიმართვა შესაბამისი უწყებებისადმი, მისი პირადი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

„მხოლოდ დაკავებულის ადვოკატის განცხადების საფუძველზე და მედიაში გავრცელებული სხვადასხვა ვერსიებზე დაყრდნობით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე საქართველოს ან აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებების დადანაშაულება უსამართლობაა. პირველ რიგში სწორედ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესშია ამ საქმეში არავითარი კითხვა არ დარჩეს. გამოძიებით დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები და ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, – დასძინა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 31 მაისს, რომ აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button