ახალი ამბები

პრემიერი ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილთან ‘თანაარსებობაზე’


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს, 22 ნოემბერი. ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური.

არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნება“ აპირებს გამოვიდეს ინიციატივით, რომ ახალი კონსტიტუცია, რომელიც საპარლამენტო მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს, ამოქმედდეს უფრო ადრე და არა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილთან პოლიტიკური თანაარსებობის შესახებ საუბრისას.

22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის რანგში გამართულ პირველ ფართომასშტაბიან პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებში მისი კოალიციის გამარჯვების შემდეგ „ლოგიკური იქნებოდა“, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი „რაც შეიძლება სწრაფად დაექვემდებაროს ახალ კონსტიტუციას“.

2010 წლის შემოდგომაზე მიღებული ახალი კონსტიტუციური დებულებები, რომელიც ამჟამინდელი მდგომარეობით 2013 წლის ოქტომბერში არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს, პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცის ხარჯზე პრემიერ–მინისტრის როლს მნიშვნელოვნად ზრდის. ამჟამად პრეზიდენტის ფართო კონსტიტუციური უფლებამოსილებებით სარგებლობს.

ივანიშვილის განცხადებით, საჯარო კონსულტაციების პროცესის შედეგეგად „ვცილობთ და გვექნება მცდელობა, რომ დავარწმუნოთ ქართული საზოგადოებაც და უცხოელებიც“, რომ კონსიტუციური ცვლილებები „ძალაში შევიდეს არა 2013 წლის არჩევნების შემდგომ, არამედ ძალაში შევიდეს უფრო ადრე, როდესაც მოხერხდება კონსტიტუციური ცვლილება“. 

„ქართულ ოცნება“ პარლამენტში 83 დეპუტატით არის წარმოდგენილი და მას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა – სულ ცოტა 100 ხმა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად არის საჭირო.

„ჩემი გადმოსახედიდან იმაზე მეტი იქნება ხმა, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია საუბარია ზუსტად იმ ცვლილებებზე, რომელიც 2010 წელს იქნა მიღებული, თუ მასში დამატებითი შესწორებები შევა.
 
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი, უნდა „შევინაჩუნოთ“, მაგრამ „ახალი უფლება-მოვალეობებით“.

„[საპრეზიდენტო] არჩევნები დავტოვოთ ისევ 2013 წლის ოქტომბერში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით არსებული კითხვები „აბსოლუტურად ლოგიკურია“.

პრეზიდენტი სააკაშვილი 2008 წლის 5 იანვრის ვადამდელ არჩევნებზე 5 წლით იქნა მეორე ვადით არჩეული. თანამდებობაზე ყოფნის ხუთი წელი მას 2013 წლის იანვარში ეწურება. თუმცა კონსტიტუციაში არსებული იმ ჩანაწერის გამო, რომელიც მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დროდ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის თვეს განსაზღვრავს, პრეზიდენტ სააკაშვილს მისი უფლებამოსილების საბოლოო ვადა, დაახლოებით, 8 თვით უხანგრძლივდება.

„5-წლიანი ვადა აქვს პრეზიდენტს და რატომ დანიშნეს ოქტომბერში არჩევნები ეს კითხვა არსებობს, მაგრამ… რამდენადაც ეს შეიძლება გარკვეულ გაუგებრობებს გამოიწვევ,ს განსაკუთრებით, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, აღარ შევეხოთ ამ საკითხს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

საერთაშორისო საზოგადოებას, მისი თქმით, „ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა“ და „მე ძალიან კარგად მესმის ეს ყველაფერი“, როცა მან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ და შემდგომ რამდენიმე გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო იმპიჩმენტზე გააკეთა აქცენტი.

„აქედან გამომდინარე პოლიტიკურად და ჩვენი პარტიის მხრიდან და ჩემი მხრიდან იმპიჩმენტის დაყენება არ მოხდება“, – განაცხადა ივანიშვილმა, თუმცა იქვე ხაზი გასუვა, რომ „სამართლებრივად პროცესები მიმდინარეობს და ნურავის ნუ გაუკვირდება, რომ ეს პროცესი დადგეს. მაგრამ პოლიტიკურად ამ სკითხის დაყენება არ მოხდება“.

საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი ხელშეუვალია, თუმცა კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია ქვეყნის პირველი პირი თანამდებობიდან გადააყენოს, თუ კონსტიტუციის დარღვევა დადასტურდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით; ხოლო სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები უზენაესი სასამართლოს დასკვნით.

პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მიერ დასმულ კითხვაზე, ხომ არ დადგება მაღალი თანამდებობის პირების და პრეზიდენტ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გამოძიების შედეგად, ივანიშვილმა უპასუხა: „განუსაზღვრელი რაოდენობით დაპატიმრებები და პრეზიდენტის დაპატიმრება არ არის ჩემი სურვილი“.

მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ის რჩევა, რომელიც მან სააკაშვილს გადადგომასთან დაკავშირებით მისცა, თუმცა მალევე უკან წაიღო ეს სიტყვები.  

„როდესაც სააკაშვილს შევხვდი, ვუთხარი, რომ გამოდი, ბოდიში მოიხადე და გადადექი. რჩევა მივეცი და არა ულტიმატუმი, მერე როგორც გადათარგმნეს თვითონ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„გამოსავალი აქ მხოლოდ ერთშია, რომ მათ საზოგადოება უნდა დაარწმუნონ, რომ იგრძნეს და განიცდიან იმ დანაშაულებებს, რომლებიც მათ ჩაიდინეს“, – აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან ‘კოჰაბიტაცია’, რისკენაც საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს, "კანონის და სამართლიანობის" ფარგლებში წარიმართება და არა საზოგადოების „ზურგს უკან შეთანხმებებით“. 

„არა ისე, როგორც ესენი ცდილობენ, რომ დამნაშავეებს ჩვენ არ შევეხოთ და ნებისმიერ დამნაშავეს აუცილებლად ისინი გააფორმებენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და სამაგიეროდ, ისინი რაღაცეებზე ხელს მოაწერენ, რაც პრეზიდენტს გაურკვეველი მიზეზებით აქვს მითვისებული და კი ბატონო, ჰქონდეს ეს, არ ვეხებით ამას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 1-2 კვირაში ერთხელ გრძელდება ის შეხვედრები, რომლებიც ხელისუფლების გადაცემის მიზნით ოქტომბერის არჩევნების შემდეგ დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის ჯგუფს ამ შეხვედრებზე, მისი თქმით, კვლავაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.

ივანიშვილმა, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტ სააკაშვილთან კიდევ ერთი შეხვედრა არ გამორიცხა, განაცხადა, რომ თანამშრომლობა უნდა მოხერხდეს „გამჭირვალედ“ და  „საზოგადოებამ უნდა იცოდეს ჩვენ რაზე ვსაუბრობთ და რაზე ვთანხმდებით“.

მისი თქმით, ამ „მუშა ჯგუფების“ ფორმატში „შეიძლება პატარა საკითხების კოორდინაცია მოხდეს“ და „არა ის, რომ იქ შევათანხმოთ კიდევ ბოკერიასთან პროკურორი ვის დაიჭერს და ვის არ დაიჭერს“.

„საზოგადოების ზურგს უკან შეთანხმებებს არ გავაკეთებ“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ აღარ ხდება წინა ხელისუფლების მსგავსად, რომ „მე ვკარნახობდე პროკურატურას ვინ უნდა დაიჭიროს და ვინ არა“.

„ზუსტად მათი ქცევა ზრდის რიგებს პროკურატურასთან“, – განაცხადა ივანიშვილმა ოპონენტების მისამართით, რომლებსაც შეახსენა, რომ „გასაღები მათ ხელშია“ და ურჩია შეცვალონ „აგრესიული, ძალადობის და სიცრუის“ რიტორიკა.

„დღეს მაინც თქვან, რომ რაღაც შეეშალათ“, -განაცხადა მან.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილის თქმით, ის, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ პერსპექტივას ვერ ხედავს.

„მე ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავ ამ პარტიის, რამდენადაც ძალიან კომპრომეტირებულია“, – განაცხადა ივანიშვილმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ ეს პარტია პოლიტიკურ „ხელწერას“  არ შეცვლის, თავისუფალ არჩევნებში მას ნაკლები შანსი ექნება.

პრემიერ-მინისტრმა ასევე არ გამორიცხა ის ვარიანტიც, რომ საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს, თუ ამას ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს.

ნაციონალური მოძრაობის რეაქცია

ვანო მერაბიშვილმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პრემიერ-მინისტრს ივანიშვილის განცხადებები შეაფასა, როგორც ოპოზიციის „დევნა და შანტაჟი“.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს შეცვალოს რიტორიკა და სანაცვლოდ მოუწოდებს ივანიშვილს თავად გააკეთოს ეს.

„ნაციონალური მოძრაობა თვითონ გადაწყვეტს რა რიტორიკა ჰქონდეს და რა განცხადებები გააკეთოს“, – განაცხადა მერაბიშვილმა 22 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე, „ის კვლავაც დარჩება კრიტიკოსი ამ ხელისუფლების, ის ყოველწუთიერად შეახსენებს ხელისუფლებას, რომ მას აქვს ვალდებულება აღებული ქართველი ხალხის წინაშე. ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკური დევნის, კანონის დარღვევის შემთხვევაში, ის გააკრიტიკებს და არ შეცვლის რიტორიკას“.

„მე ვურჩევ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ მან თვითონ შეცვალოს რიტორიკა და იყოს ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის ხელმძღვანელი და არ მიაყენოს საქართველოს იმიჯს დიდი ზიანი“, – აღნიშნა მან.

მერაბიშვილის თქმით, თუ პრემიერ-მინისტრს სურს ოპოზიციის დასუსტება, მან "უპირველეს ყოვლისა უნდა შეასრულოს ის დაპირებები, რომელიც ქართველი ხალხის წინაშე აიღო".

მსგავსი/Related

Back to top button