ახალი ამბები

ბრიუსელში ივანიშვილს მოუწოდეს თავი აარიდოს ‘შერჩევით სამართალს’



პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი (მარცხნივ) და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო (მარჯვნივ), ბრიუსელი, 12 ნოემბერი. ფოტო: ევროკომისიის აუდიო–ვიზუალური სამსახური

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ მოუწოდა საქართველოს ახალ მთავრობას თავიდან აიცილოს „შერჩევითი სამართლის სიტუაციები“, რომლებიც დაასუსტებს კანონის უზენაესობას და ზიანს მიაყენებს საქართველოს იმიჯს საზღვარგარეთ.

ბრიუსელში 12 ნოემბერს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბაროზომ შეაქო როგორც საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრი, ისე პრეზიდენტი სააკაშვილი „იმ გზის გამო, რომლითაც მათ ახალი მთავრობისთვის ხელისუფლების გადაცემა განახორციელეს“.

მან საქართველოში კონსტრუქციული და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პროცესის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„დემოკრატია არის უმრავლესობის მმართველობა, მაგრამ ამავე დროს უმცირესობების პატივისცემა. დემოკრატია უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ არჩევნები; ეს დემოკრატიულ გარემოში პოლიტიკური ურთიერთობების კულტურაა“, – განაცხადა ბაროზომ.

„ამ თვალსაზრისით, შერჩევითი სამართლის სიტუაციები თავიდან უნდა იქნას აცილებული, ვინაიდან მათ შეიძლება ზიანი მიაყენონ ქვეყნის იმიჯს საზღვარგარეთ და კანონის უზენაესობა შეასუსტონ“, – განაცხადა მან.

„მე ეს საკითხი პრემიერ–მინისტრთან დავაყენე და მან ძალიან კონკრეტულად მიპასუხა“, – დასძინა ბაროზომ.

მისი თქმით, მას პრემიერ ივანიშვილთან „ძალიან ღია და ნაყოფიერი“ აზრთა გაცვლა–გამოცვლა ჰქონდა იმ გზების შესახებ, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ბაროზომ განაცხადა, რომ ივანიშვილის არჩევანი, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს სტუმრებოდა, „ევროკავშირთან საქართველოს შემდგომი ჩართულობის მკაფიო ნიშანია“.

მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი და საქართველო „რეალურ პროგრესს აღწევენ“ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

„ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანაში ვაჭრობის სფეროში მიმდინარე რეფორმების ტემპი საშუალებას მოგვცემს დროულად დავასრულოთ ეს მოლაპარაკებები აღმოსავლეთ პარტნიორობის 2013 წლის ვილნიუსის სამიტისთვის“, – განაცხადა ბაროზომ და დასძინა, რომ ევროკავშირი და საქართველო „წინ მიდიან“ ვიზების ლიბერალიზაციაზე მიმდინარე დიალოგის თვალსაზრისით.

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი ერთგულება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და განაცხადა, რომ „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავაღრმავოთ და დავაჩქაროთ ეს პროცესი“.

„მე დავარწმუნე ბატონი პრეზიდენტი, რომ საქართველო და ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში დაცული იყოს ადამიანის უფლებები. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაღრმავებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა მოვახერხოთ ვილნიუსის სამიტამდე ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა“, – განაცხადა მან.

პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მოუთმენლად ელის საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისრის სესილია მალმსტრომის ვიზიტს დეკემბერში, რომელიც ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს – ეს არის დეტალური მოთხოვნების ნუსხა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღწევად.

ასევე 12 ნოემბერს ივანიშვილი  ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის შეხვდა. ამ უკანასკნელმა ხაზი გაუსვა „ევროკავშირის მტკიცე მზადყოფნას ახლოს და ინტენსიურად იმუშავოს როგორც მის მთავრობასთან, ისე პრეზიდენტთან“.

შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი მოუთმენლად ელის ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის ვიზიტს საქართველოში 26 ნოემბერს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button