ახალი ამბები

ადგილობრივი დამკვირვებლები: ‘წინასაარჩევნო გარემო იყო მკვეთრად უთანასწორო’

სამი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „წინასაარჩევნო გარემო იყო მკვეთრად უთანასწორო“ და მოუწოდებს პარტიებს და სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების „კენჭისყრის დღე მშვიდ გარემოში და კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით წარიმართოს“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ, რომლებიც საარჩევნო პროცესის მონიტორინგს ახორციელებენ, ასევე განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია „ამომრჩევლებს მიეცეთ საკუთარი ნების თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობა და აღნიშნული ნება შესაბამისად იქნას ასახული არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესში“.

წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივად შეფასებისას სამმა ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა, რომ ეს პერიოდი „გამორჩეული იყო მაღალი პოლიტიკური კონკურენციით, დაძაბული ატმოსფეროთი და მრავალრიცხოვანი დარღვევებით“.

„სამწუხაროდ ამ პერიოდში საზოგადოება მოკლებული იყო საარჩევნო პროგრამების განხილვაზე ორიენტირებულ კამპანიას და თემატურ პოლიტიკურ დებატებს. აღნიშნულის ნაცვლად, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა უხვი კომპრომატებით დაპირისპირების, მრავალრიცხოვანი კანონდარღვევების, სიძულვილის ენის აქტიური გამოყენების, ძალადობრივი და აგრესიული შეჯახებების ფონზე“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მათ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ისეთ ძირითად ტენდენციებსა და დარღვევებს გაუსვეს ხაზი, როგორიცაა სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება, მათ შორის ისეთი კანონების შემოღების გზით, რაც „ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა“, ასევე კანონის შერჩევითი გამოყენება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, რაც „ნაციონალური მოძრაობისადმი” ლოიალობასა და ოპოზოციური პარტიების მიმართ გადამეტებულ სიმკაცრეში გამოიხატებოდა“; სახელმწიფო სახსრების საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვა და სახელმწიფო ინსტიტუციური რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით გამოყენება.

ერთობლივი განცხადებაში შეშფოთებაა გამოთქმული "პოლიტიკური ნიშნით" ადამიანების დაკავების თაობაზე, რამაც 19 სექტემბრის შემდეგ "უპრეცედენტოდ" იმატა და „დაახლოებით, 40–ზე მეტი აქტივისტი იქნა ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული“. სადამკვირვებლო ორგანიზაციები "პოლიტიკური ნიშნით" სამსახურიდან გათავისუფლების 57 შემთხვევის შესახებ, ხოლო ძალადობისა და მუქარის 50-მდე მათ მიერ დაფიქსირებული შემთხვევის შესახებ იტყობინებიან.

მედია გარემოს კუთხით, სამი ორგანიზაცია მიესალმება ე.წ. Must Carry-ისა და Must Offer-ის პრინციპების ამოქმედებას სააგიტაციო პერიოდში, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი შეწყვეტის ალბათობამ არჩევნების დღეს „შესაძლოა მნიშვნელოვნად  ნეგატიური გავლენა იქონიოს არჩევნების მიმდინარეობის თაობაზე ამომრჩევლის ინფორმირების კუთხით“. ერთობლივ განცხადებაში ასევე გაკრიტიკებულია ხელისუფლების მიერ სატელიტური თეფშების დაყადაღების ფაქტი და ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომელიც საარჩევნო უბნებზე ფოტოვიდეო გადაღებაზე ახალ წესებს ადგენს და „რაც ცალსახად ნეგატიურად აისახება პროცესის გამჭვირვალობაზე და მნიშვნელოვნად შეზღუდავს არსებული დარღვევების დაფიქსირების შესაძლებლობას“.

სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიესალმებიან ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის იმ ნაწილს, რომლის შედეგადაც 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით, დაზუსტებულ იქნა მონაცემები საზღვარგარეთ გასული, გარდაცვლილი და რეგისტრაციის მისამართზე არმცხოვრები მოქალაქეების თაობაზე, თუმცა მეორეს მხრივ აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებამ, რეგისტრაციიდან მოხსნილი და რეგისტრაცია გაუქმებული ამომრჩევლების საარჩევნო სიაში დაბრუნების თაობაზე, „კიდევ უფრო გაზარდა ამომრჩეველთა რიცხვი საარჩევნო სიაში და არჩევნების დღეს აღნიშნული ამომრჩევლებით უკანონო მანიპულირების საშუალება დატოვა“.

„შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო მკვეთრად უთანასწორო“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, „იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კონკურენცია მიმდინარეობდა არა პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ, სახელმწიფოსა და ოპოზიციას შორის, რაც განპირობებულია მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ფუნქციას შორის ზღვარის არ არსებობით. აღნიშნული საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს და თითქმის შეუძლებელს ხდის ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციას".

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button