Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს ‘იგნორირებას’ უკეთებს

პარლამენტმა 116 ხმით 17-ის წინააღმდეგ მიიღო ლაკონური დადგენილება შინაარსით ”მოისმინა და ცნობად მიიღო” სახალხო დამცველის 2006 წლის ანგარიში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. ამგვარი ფორმულირება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეაფასეს, როგორც ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებისაგან თავის არიდება.


სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 25 მაისს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას საკუთრების უფლებებზე, პოლიციის მიერ ძალაუფლების გადამეტებაზე და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.


პარლამენტის რეგლამენტი ავალდებულებს დეპუტატებს მიიღონ დადგენილება ანგარიშის მოსმენის შემდეგ.


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა დადგენილების ვარიანტი, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები აღმოჩნდა ოპოზიციისთვის.


ელენე თევდორაძის მიერ 11 ივლისს განსახილველად გამოტანილი პროექტი მოიცავდა რეკომენდაციებს, მათ შორის გენერალური პროკურატურისა და შსს-ს მიმართ ”სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების შესწავლის, გაანალიზების და შემდგომი აღმოფხვრის” თაობაზე. ეს პროექტი ასევე მოუწოდებდა გენპროკურატურას აღეძრა სისხლის სამართლის საქმეები  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე.


თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის გავლენიანმა წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მხოლოდ სახალხო დამცველის ანგარიშის ”ცნობად მიღებას”, რადგან არანაირი საჭიროება არ არსებობს იმისა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების გადმოტანა მოხდეს პარლამენტის დადგენილებაში.


”მოვისმინეთ და ცნობად მივიღეთ” – სრულიად საკმარისია, რაც შეეხება რეკომენდაციებს, ეს დარჩება, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციები,”- განაცხადა ბოკერიამ.


მისი თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშის ერთი ნაწილი ”პოლიტიზირებულია”, თუმცა ”ზოგი ნაწილი ადეკვატურია”. 


”ძალიან ვწუხვარ, რადგან სახალხო დამცველის მოხსენება არის საკმაოდ მძაფრი და ის რომ პარლამენტი ამაზე თუნდაც ნეიტრალურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს იქნება სირაქლემას პოზიციაში ჩადგომა,”- განაცხადა დღევანდელი განხილვის დროს ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button