ახალი ამბები

პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 10 მაისს თბილისის სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

თბილისის სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში, რომელიც უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე დიალოგის რეგულარულ ფორმატს წარმოადგენს, დიპლომატები, პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებში უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების საკითხის განსახილველად.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ „ის ორგანო, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს, როგორც ჯარის, შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, ასევე სერიოზული გამოწვევების მიმართ მზადყოფნას, ფაქტობრივად გამქრალია კონსტიტუციიდან და ჩანაცვლებულია, ერთი მხრივ თავდაცვის საბჭოთი, რომელიც მხოლოდ ომიანობის დროს ფუნქციონირებს, ხოლო მეორე მხრივ ლოზუნგით – საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა უნდა გახდეს“.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ საქართველო კვლავ დგას რუსული ოკუპაციის საფრთხის წინაშე და რომ უსაფრთხოების გარემო რეგიონში 2008 წლის შემდეგ გაუარესდა – მას მხედველობაში ჰქონდა უკრაინასა და სირიაში განვითარებული მოვლენები.

მან ახალი ტიპის საფრთხეებზეც ისაუბრა, „რომლებიც არ გულისხმობს ყოველთვის ღიად კონვენციურ დაპირისპირებას შეიარაღებულ ძალებს შორის“ და დასძინა, რომ „ის, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით ჰიბრიდულ ომს, ფაქტიურად წარმოებდა საქართველოში 1990-ებში“. მარგველაშვილის თქმით, ასეთ ვითარებაში უშიშროების საბჭო განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოში. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საბჭო ასევე ეფექტურად მუშაობდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის კოორდინაციის თვალსაზრისით.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება არსებული გამოწვევების არაადეკვატური შეფასებიდან გამომდინარეობს.

„მიმაჩნია, ვითარების არასწორი გააზრებაა, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს ის მთავარი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო ძალების განვითარებას, უზრუნველყოფს სამოქალაქო კონტროლს შეიარაღებულ ძალებზე და ასევე უზურუნველყოფს ეფექტური გადაწყვეტილების მიღებას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხებთან მიმართებაში“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

„შემაშფოთებელია ის დამოკიდებულება, რომელიც დღეს არის – უშიშროების საბჭო პრეზიდენტისაა, ამიტომ მოდი გავაქროთ და გავაძლიეროთ სხვა სტრუქტურები“, – განაცხადა პრეზიდენტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს ჩამოშორებისკენ განხორციელებული ძალისხმევა ჯერ კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირებამდეც აშკარა იყო.

ეროვნული უშიშროების საბჭოს საკითხის გარდა, მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილიც გააკრიტიკა, რომელიც პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის უფლებამოსილებას ასუსტებს. მისი თქმით, მთავარსარდლის ფუნქციები პრეზიდენტს მხოლოდ „ფორმალურად“ აქვს დატოვებული და მისი ფუნქციები სრულადაა მოწყვეტილი გადაწყვეტილების მიღებას.

კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი. საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე საუბრისას რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, „მნიშვნელოვნად შესუსტდება დემოკრატიული კონტროლის მექანიზმები და გაჩნდება სამხედრო ძალების ბოროტად გამოყენების პირდაპირი რისკები. მივიღებთ გამოწვევებისადმი შეუსაბამო, პრაქტიკულად არაქმედით უსაფრთხოების სისტემას ფიქტიური უმაღლესი მთავარსარდლით.“

რაქვიაშვილმა სამი მთავარი პრობლემა ჩამოთვალა ცვლილებებთან დაკავშირებით: ფრაზის „სამხედრო და სხვა შეიარაღებული ძალების“ გამოყენება; ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და ქვეყნის მთავარსარდლის საკითხი საომარი მდგომარეობის დროს.

უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ სტატუსი „სხვა შეიარაღებული ძალები“ არ არის მკაფიოდ განმარტებული ცვლილებებში, რაც ქმნის შესაძლებლობას, რომ სამხედრო და სხვა შეიარაღებული ძალები გამოყენებულ იქნეს არა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, არამედ „უსაფრთხოების სხვა ამოცანების“ უზრუნველსაყოფად, მაგალითად, საპროტესტო აქციების დასაშლელად. მან ასევე განაცხადა, რომ ამგვარმა დებულებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ორი პარალელური შეიარაღებული ძალის ფორმირებას, საიდანაც მხოლოდ ერთი იქნება თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

ჰიბრიდული ომის საფრთხეზე საუბრისას, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ამგვარ საფრთხესთან გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ აქტიური პრევენციული მოქმედებებით და „ერთიანი ეროვნული მიდგომის უზრუნველყოფით“, რაც გულისხმობს „სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების, სამხედრო ძალების და საზოგადოების ძალისხმევების კონსოლიდირებას. რაქვიაშვილის თქმით, „ასეთი ფუნქციის უზრუნველყოფა დღეს მხოლოდ უშიშროების საბჭოს შეუძლია“.

რაქვიაშვილმა ის ახალი დებულებაც გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრს შეუძლია პარლამენტის მონაწილეობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე, რაც ასევე ეწინააღმდეგება პრეზიდენტის, როგორც ქვეყნის მთავარსარდლის ფუნქციას, ხოლო თავდაცვის მინისტრი „თავისუფლდება პარლამენტის თანხმობისგან – სამხედრო ძალები მოქმედებენ მხოლოდ მისი ბრძანებით“.

პრეზიდენტის და უშიშროების საბჭოს მდივნის კრიტიკის საპასუხოდ, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა კონფერენციას, განაცხადა, რომ „მოქმედი კონსტიტუციით ძალიან ბუნდოვნად არის მოწესრიგებული თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხები“ და სხვადასხვა ოფიციალური პირების კონკრეტული ფუნქციები გაურკვეველი რჩება. თალაკვაძის თქმით, ახალი ცვლილებები ამ პრობლემებს მოაგვარებს, ხოლო პრეზიდენტი საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის საბჭოს უხელმძღვანელებს.

არჩილ თალაკვაძემ აღმასრულებელი შტოს მიერ კრიზისების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაზე კონტროლი იმით გაამართლა, რომ ვინაიდან აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს მუდმივი კავშირი აქვთ უსაფრთხოების და სამხედრო სტრუქტურებთან, მათ უკეთ შეუძლიათ აწარმოონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

მსგავსი/Related

Back to top button