ახალი ამბები

პრემიერი და რესპუბლიკელები ერთმანეთს საყვედურობენ ნატოს საწინააღმდეგოდ მეჭიაურის განცხადებების ფონზე

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს დეპუტატის თამაზ მეჭიაურის განცხადებებს ნატოსა და ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ წინააღმდეგ და მათზე გაკეთებულ რეაქციებს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და რესპუბლიკური პარტიის ლიდერების ურთიერთკრიტიკა მოყვა.

ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო და რესპუბლიკური პარტია მმართველ კოალიციაში რჩებიან, რესპუბლიკელებს კი მთავრობაში სამი პოსტი უკავიათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განცხადების კომენტირებისას, რომელშიც მოახლოებული ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები „პროვოკაციულ ნაბიჯად“ არის შეფასებული, დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ასევე გააკრიტიკა დაგეგმილი წვრთნები და განაცხადა 7 მაისს, რომ ამ წვრთნების საქართველოში ჩატარებამ შესაძლოა „სერიოზულ საფრთხე“ შეუქმნას ქვეყანას და ასევე აღნიშნა თავდაცვის რესპუბლიკელ მინისტრზე თინა ხიდაშელზე მინიშნებით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ასეთი წვრთნების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, რათა ქართულ პოლიტიკაში „გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის არსებობის აუცილებლობაზე იყოს საუბარი“.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა, რომელიც ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრია, 8 მაისს მეჭიაურის განცხადებაზე პარტია ქართული ოცნების დუმილზე გააკეთა აქცენტი. „ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ქართული ოცნება ამას როგორ უყურებს. პარტია ქართული ოცნების დუმილი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ბატონი მეჭიაურის ესა თუ ის განცხადება“, – განუცხადა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს.

ცალკე გაკეთებულ კომენტარში, მეჭიაურმა 9 მაისს განაცხადა, რომ ის საქართველოს ნატოში წევრობის წინააღმდეგია იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია.

„ნატოში შესვლას მე, აი ამ მოცემულობით, მხარს არ ვუჭერ იმიტომ, რომ დღევანდელი მოცემულობით არავინ არ მიგვიღებს ჩვენ ამ პრობლემებიანად, თუ ჩვენ არ ვიტყვით უარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანუ სამაჩაბლოს დაბრუნებაზე… თუ ამას მოვითხოვთ ჩვენ ნატოსგან, რომ დაგვიბრუნოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, ამითი მან უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რომ ფაქტიურად ომი გამოუცხადოს რუსეთს. ახლა მითხარით, რომელი ქვეყანაა მზად ამისთვის?“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მისი ეს შეხედულება იმ პოლიტიკური პარტიების მიდგომებთან მოდის თანხვედრაში, რომელთაც ოპონენტები ამგვარი პოზიციის გამო „პრორუსულ“ ძალებს უწოდებენ. 
   
პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 9 მაისს გაკეთებულ კომენტარში მეჭიაურის განცხადებას გაემიჯნა, თუმცა იმავდროულად, მან მთავრობის წევრი, პაატა ზაქარეიშვილიც გააკრიტიკა მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ გამოთქმული პრეტენზიის გამო.

„ნამდვილად უნდა ვთქვა დიდი სინანულით, რომ ბატონი თამაზის განცხადება არის აბსოლუტურად აცილებული იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც ქართულ ოცნებას და საქართველოს მთავრობას გააჩნია, რომელიც, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, არის ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკური კურსის გამომხატველი. ამიტომ, ძალიან დასანანია, რომ ბატონი თამაზის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და პარტია ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„რაც შეეხება განცხადებას, რომელიც გააკეთა პაატა ზაქარეიშვილმა, რომ მას აკვირვებს ქართული ოცნების დუმილი, მე მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება. და მე მგონია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან და მათ შორის, პარლამენტარების მხრიდანაც გაკეთდა არაერთი განცხადება. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების დადასტურება არაერთხელ მოხდა არაერთ საერთაშორისო თუ შიდა ფორმატში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„მე ვფიქრობ, მთავრობის წევრის მხრიდან, მითუმეტეს არაობიექტური კრიტიკა, მმართველი ძალის არის ძალიან გასაკვირი, უპირველეს ყოვლისა და მეორე მხრივ, მიუღებელიც. ამიტომ ძალიან გული მტკივა ამ განცხადების გამო და არ შემეძლო არ გამეკეთებინა ვრცელი კომენტარი“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მიუხედევად იმისა, რომ „ძალიან დიდ პატივს სცემს“ პაატა ზაქარეიშვილს, მისი განცხადება „იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას დაშორებული“.

დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეა, უპასუხა, რომ ნაცვლად იმისა, რომ „ფორმალურად ემიჯნებოდეს“ მეჭიაურის განცხადებას, პრემიერ–მინისტრმა ის პარტია ქართული ოცნებიდან უნდა გარიცხოს, თუ ის ნამდვილად აპირებს პარტიის „განახლების“ გაცხადებული მიზანი შეასრულოს.

ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ პარტია ქართული ოცნების მომავალი ყრილობა, სადაც პრემიერ–მინისტრი კვირიკაშვილი, სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარე გახდება, აჩვენებს შეძლებს თუ არა პრემიერ–მინისტრი, რომ პარტიის „რეტროგრადული“ წევრების „მძევლად“ არ იქცეს. თუმცა ბერძენიშვილმა ასევე ეჭვი შეიტანა პრემიერ–მინისტრის მიერ პარტიის განახლების შესაძლებლობაში.  

მან მოუწოდა პრემიერ–მინისტრს, რომ დეპუტატი მეჭიაური და მისი მომხრეები გარიცხოს პარტიიდან და „არ გახდეს მათი მძევალი“.

„მე მინდა, მივმართო ასევე ბიძინა ივანიშვილს. როგორც მეჭიაური, ისე თოფაძე აცხადებენ, რომ ისინი არიან ივანიშვილის მეგობრები. საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ფეხს იკიდებს პოზიცია, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის პოზიციებს აჟღერებენ. ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება NATO-ს მიმართ ამჟამად როგორია, ამაზე, მე ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებას ძალიან მკაფიო, მყისიერი პასუხი უნდა გასცეს ბიძინა ივანიშვილმა, რომ არ მიეცეს პროვოკაციების თუ სპეკულაციების შესაძლებლობა მის მიერ ხელდასმულ, მისი პატრონაჟით მოყოჩაღებულ თოფაძეს, თუ მეჭიაურს – ეს პატრონაჟი რომ არის, არცერთ მხარეს დაუმალავს და არც მეორეს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა და ასევე დასძინა, რომ ივანიშვილს "ყოველთვის ჰქონდა პოზიცია, რომ ჩვენ ევროკავშირიც გვინდა და ნატოც".

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button