ახალი ამბები

შტაინმაიერმა საქართველოს ევროპულ გზას ბერლინის მხარდაჭერა აღუთქვა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიესალმა თბილისთან ახლო ორმხრივ ურთიერთობებს, კიდევ ერთხელ გამოხატა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ და განაცხადა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს; მან ასევე გამოხატა ბერლინის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის იმ არსებითი პაკეტის უკან, რომელიც ალიანსმა საქართველოს უელსის სამიტზე შესთავაზა, გერმანია იდგა.     

შტაინმაიერმა ორდღიანი ვიზიტი თბილისში, რომელიც უკვე მეორეა წელს, ორშაბათს თავის ქართველ კოლეგასთან თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრით დაიწყო. ორშაბათს საღამოს ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, ხოლო სამშაბათს დილით პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ძალიან ინტენსიურია და ორმხრივი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასე ახლო.

„პირობას ვდებ, რომ ჩვენ აქტიურად დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ გზას და არჩევანს“, – განაცხადა  შტაინმაიერმა და დასძინა, რიომ საქართველოს ხელისუფლება „განაგრძობს ევროპულ კურსს“.

მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოში „მოდერნიზაციისა და რეფორმებისთვის“ სტიმულია. „ამ შეთანხმების განხორციელება ახლა დაიწყო და ის ყველასგან დიდ ენერგიას და დროს მოითხოვს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა მისგან სარგებელი მიიღონ“, – განაცხადა შტაინმაიერმა და კიდევ ერთხელ გამოხატა მისი ქვეყნის მზადყოფნა, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს ამ პროცესში.

საქართველოს და ევროკავშირს შორის ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ფაქტიურად ერთი ნაბიჯი რჩება“ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამდე. საქართველომ შეასრულა ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის პირველი ფაზის მოთხოვნები და მეორე ფაზაზე გადავიდა, რაც შესაბამისი კანონმდებლობის ეფექტურ განხორციელებას გულისხმობს.       

უარყო რა შეხედულებები იმის თაობაზე, რომ გერმანიას „კონსერვატიული მიდგომები“ აქვს საქართველოს ნატოში წევრობის მიმართ, შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ბერლინის მიდგომა სწორი და ადეკვატურია; მისი თქმით, გერმანია ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ალიანსის წევრი, როგორც კი ის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

შტაინმაიერმა ასევე განაცხადა, რომ „პროცესი წინ წავიდა“ მას შემდეგ, რაც ნატომ სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი არსებითი პაკეტი დამტკიცა.

მან ხაზი გაუსვა, რომ სწორედ გერმანია იყო საქართველოსთვის ამ პაკეტის ინიციატორი და დასძინა, რომ პროცესი „ლოგიკურად“ ვითარდება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე მათ უკრაინის კონფლიქტიც განიხილეს.

Die Welt am Sonntag–თან ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთი მოლდოვასთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის „პრობლემების შექმნაში“ დაადანაშაულა იმ ფონზე, როცა ამ ქვეყნებს ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობები სურთ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა  შტაინმაიერმა განაცხადა, რომ საქართველოს და მთელ ევროპას „ადვილი პერიოდი არ უდგას“.  აღნიშნა რა, რომ გერმანია არ ცნობს ახალ ხელშეკრულებას მოსკოვსა და სოხუმს შორის, რომელიც თბილისმა დაგმო როგორც რუსეთის მიერ მისი სეპარატისტული რეგიონის „ანექსიისკენ“ გადადგმული ნაბიჯი,  შტაინმაიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ  „დღეს, როდესაც საქართველო და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მინისტრ შტაინმაიერის ვიზიტი უნდა განვიხილოთ, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი გერმანიის ურყევი მხარდაჭერის და სოლიდარობის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება“.

მან განაცხადა, რომ გერმანიის აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში „განსაკუთრებული მნიშვნელობა“ აქვს.

„გერმანული ექსპერტიზა პრაქტიკულად გადამწყვეტი იქნება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების წარმატებული განხორციელებისთვის, საქართველოს მოდერნიზაციისა და ევროპეიზაციისთვის“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

„დინამიურად ვითარდება საქართველო–გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში“, – განაცხადა მან, „ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის მიერ შემოთავაზებული არსებითი პაკეტის წარმატებით რეალიზაციის პროცესში ჩვენ გერმანიის აქტიური ჩართულობის და მხარდაჭერის იმედი გვაქვს“.

მან მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოს შეიარაღებული ძალების ავღანეთში  „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში განთავსებისთვის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის.  საქართველო, რომელიც ავღანეთის მისიაში 2014 წლის შემდგომაც მიიღებს მონაწილეობას, ასეულის გაგზავნას გეგმავს მაზარ–ი–შარიფში გერმანული სარდლობის ქვეშ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია იზიარებს თბილისის წუხილებს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის მოსკოვსა და სოხუმს შორის ახალი ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს ე.წ. ხელშეკრულება ნათლად წარმოაჩენს რუსეთის განზრახვას, რომ განაგრძოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და „წინ აღუდგეს საქართველოს ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებთან წარმატებული დაახლოების პროცესს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button