ახალი ამბები

მარგველაშვილი პარლამენტს სოხუმისთვის რუსეთის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულებაზე რეაგირებას სთხოვს

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სთხოვა პარლამენტს „უსწრაფეს პერიოდში“ განიხილოს და  „შეიმუშაოს პოზიცია“ რუსეთის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისთვის შეთავაზებულ ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით, რომლის გაფორმებაც, მისი თქმით, „გააუარესებს უსაფრთხოებას შავი ზღვის აუზსა და კავკასიის რეგიონში“. 

„ხელშეკრულება არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავის სატელევიზიო განცხადებაში ოთხშაბათს საღამოს, „ხელშკრულების გაფორმება ეწინააღმდეგება სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების თაობაზე ჟენევის კონსულტაციების ფორმატს და სულისკვეთებას. ეს ხელშეკრულება უშუალოდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ამ ხელშეკრულების ამოქმედების შემთხვევაში გაუარესდება ჰუმანიტარული ვითარება და  ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები რეგიონში“.

მან ასევე განაცხადა, რომ „რეალური საფრთხის წინაშე დადგება აფხაზობის, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილის, თვითდამკვიდრება და იდენტობის მომავალი“.

„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო არის საქართველოს პარლამენტი, მივმართავ მას უსწრაფეს პერიოდში განიხილოს არსებული ვითარება და შეიმუშაოს პოზიცია. ამ პოზიციაზე დაფუძნებით ჩვენ მოვიწვევთ ეროვნული უშიშროების საბჭოს და დავგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ვითარების დასტაბილურებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ეს თხოვნა უკვე გადაიგზავნა პარლამენტში.

„მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, უსწრაფესად, ადეკვატურად შეაფასონ ვითარება და მისცენ შესაბამისი რეაქცია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ პარლამენტმა ეს საკითხი უნდა განიხილოს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობა მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს ორმხრივი მოლაპარაკებები, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი უძღვებიან.

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს მოლაპარაკებები, რომლებიც არაფორმალურად აბაშიძე–კარასინის ფორმატის სახელითაა ცნობილი, „ნორმალურობის ყალბ განცდას ქმნის“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და ის უნდა შეწყდეს.

ქართული ოცნების დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ, რომელიც პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, ასევე მოუწოდა ზურაბ აბაშიძეს, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში არ მიიღოს მონაწილეობა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა: „პირიქით, ასეთ ვითარებაში უფრო უკეთესია შეხვედრის ჩატარება“ და ამ საკითხის განხილვა.

აბაშიძე და კარასინი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს პრაღაში 16 ოქტომბერს გამართავენ. აბაშიძემ განაცხადა ოთხშაბათს პრაღაში, რომ ის ხელშეკრულების პროექტის შესახებ საკითხებს დააყენებს შეხვედრაზე.

რუსეთის მიერ ინიცირებულ ხელშეკრულებაზე კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა 15 ოქტომბერს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში ეს იქნება აფხაზეთის „ნამდვილი ანექსია“ რუსეთის მიერ.

„თქვენ ალბათ იცით იმის თაობაზე, რომ თავად აფხაზების მხრიდან არის საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება ამ ე.წ. ხელშეკრულების გამო. რასაკვირველია, ისინი სხვა ჭრილში განიხილავენ ამ ხელშეკრულებას, ვიდრე ჩვენ. თავად აფხაზებიც კი გრძნობენ, რომ ეს არის მათი უფლებების, მათი თვითმყოფადობის და მათი შევიწროების მცელობა“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ ხელშეკრულების პროექტს, რომელიც აფხაზურმა მხარემ გაასაჯაროვა, არ მოეწერება ხელი. ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მანამდე გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელმოწერის შემთხვევაში ხელშეკრულება „სერიოზულად დააზიანებს“ ჟენევის მოლაპარაკებებს და აბაშიძე–კარასინის ფორმატში მიმდინარე პირდაპირ მოლაპარაკებებს თბილისსა და მოსკოვს შორის.

„და ეს, რასაკვირველია, იქნება რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ძალიან დამაზიანებელი ქმედება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი/Related

Back to top button