საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, 4 სექტემბერი. ფოტო: ნატო
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს 4 სექტემბერს უელსში ნატოს ლიდერთა ორდღიანი სამიტის გახსნის წინ შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება იმ პაკეტზე გამახვილდა, რომლის შეთავაზებასაც ალიანსი სამიტის ფარგლებში საქართველოსთვის გეგმავს.
მანამდე, 4 სექტემბერს ატლანტიკური საბჭოს მომავალ ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, რასმუსენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 5 სექტემბერს ნატო დაამტკიცებს „არსებით პაკეტს, რომელიც დააახლოვებს საქართველოს ნატოსთან“.
ეს პაკეტი, მისი თქმით, მოიცავს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივას, ნატოს საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებას საქართველოში და "ხანდახან" ნატოს სამხედრო წვრთნების ჩატარებას საქართველოში.
პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველომ, როგორც ნატოს არაწევრმა ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანმა ავღანეთის ISAF-ის მისიაში, „თავი უსაფრთხოების ექსპორტიორად წარმოაჩინა“.
„ხვალ ჩვენ თანამშრომლობის ახალ პაკეტს დავიწყებთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს თავდაცვის გაძლიერებას, მოვამზადოთ წევრობისთვის“, – დაწერა რასმუსენმა თავის Twitter-ზე. მისი კიდევ ერთი პოსტის თანახმად: „საქართველომ შთამბეჭდავი დემოკრატიული და თავდაცვის რეფორმები განახორციელა. ნატო მოუწოდებს საქართველოს განაგრძოს რეფორმები, დაიცვას კანონის უზენაესობა“.
4 სექტემბერს ატლანტიკური საბჭოს მომავალ ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ფრანგმა გენერალმა ჟან-პოლ პალომეროსმა, რომელიც ალიანსში განათლებისა და წვრთნების მიმართულებას კურირებს, ხაზი გაუსვა ნატოს თანამშრომლობის მნიშვნელობას მის პარტნიორებთან.
„გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა სპეციალურ ინიციატივას საქართველოსთვის – ეს შესანიშნავია, რადგან თქვენ ყველას კარგად გესმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა საქართველოსთან წარმატებული იყოს სამომავლოდაც და დღესაც“, – განაცხადა გენერალმა პალომეროსმა.
ივნისში გამართულ შეხვედრაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ ნატოს სამიტის დღის წესრიგში საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი არ შევა და სანაცვლოდ, ისინი შეთანხმდნენ, რომ „არსებითი პაკეტი" შეიმუშაონ, რომელიც თბილისს ალიანსთან შემდგომ დაახლოებაში დაეხმარება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)