ახალი ამბები

პარლამენტმა უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ რეზოლუცია მიიღო



უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები ცეცხლს უკიდებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კომპიუტერულად დამუშავებულ ფოტოებს, თბილისი 29 აგვისტო. ფოტო: ინტერპრესნიუსი

პარლამენტმა 81 ხმით არცერთის წინააღმდეგ, თუმცა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერის გარეშე,  უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციების მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის „აგრესიას“ და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ქვემოთ მოცემულია 3 სექტემბერს მიღებული რეზოლუციის სრული ტექსტი:

"საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ თავის 2014 წლის 23 იანვრის განცხადებასა და 2014 წლის 6 მარტის რეზოლუციაში ჩამოყალიბებულ მიდგომებზე.

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორი სახელმწიფოების ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია არათუ მხარს უჭერს, წვრთნის, აიარაღებს და აფინანსებს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედ სეპარატისტულ ძალებს, არამედ დაუფარავ სამხედრო აგრესიას ახორციელებს მეზობელი, სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ.

აშკარაა დაძაბულობის ესკალაციის და ორი სახელმწიფოს ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების პერსპექტივა, რაც საფრთხეს უქმნის როგორც რეგიონალურ, ისე საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ იზრდება დაღუპული და  უსახლკაროდ დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა და დევნილთა ნაკადი.

საერთაშორისო თანამეგობრობის გამაფრთხილებელი მოწოდებების და სხვადასხვა ფორმატით წარმოებული მოლაპარაკებების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, ისევე, როგორც ეს დღემდე ხდება საქართველოს მიმართ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტი

1.        კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს და სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

2.       სრულად უჭერს მხარს უკრაინაში შექმნილ კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატულ პოზიციას და მის ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად.

3.       გმობს  სუვერენული უკრაინის მიმართ აგრესიას, რომელიც არა მარტო ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, არამედ შეუქცევადს ხდის საომარი მოქმედებების ესკალაციის პროცესს, რაც საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის კატასტროფულ შედეგს გამოიღებს, განაპირობებს ჰუმანიტარულ კრიზისს და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას. 

4.       მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას,  უარი თქვას ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური უთანხმოების ძალისმიერი გზით მოგვარების მცდელობაზე და მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობისა და უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევას კრიზისის მოლაპარაკებების მეშვეობით დასაძლევად.

5.       მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებისა და აგრესიის შეჩერების, დაძაბულობის დეესკალაციის და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების მიზნით.

6.       მოუწოდებს ნატოსა და ევროპის კავშირს განახორციელონ ეფექტიანი ღონისძიებები უკრაინის, აგრეთვე საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და ამ მიზნით მათი ერთიან ევროატლანტიკურ სისტემაში ინტეგრაციის დაჩქარებისათვის".

3 სექტემბერს რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა დებატები ქართული ოცნების დეპუტატებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის.

მართალია ოპოზიციონერი დეპუტატები მიესალმებოდნენ რეზოლუციაში რუსეთის აგრესიის დაგმობას, თუმცა აცხადებდნენ, რომ ეს დაგვიანებული პოზიცია იყო და საქართველომ კიდევ უფრო მკვეთრად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას.  

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ რუსეთის პირისპირ მყოფი საქართველო, რომელიც არ არის ნატოს წევრი, ვერ გაასწრებს  მოქმედებებში ან რიტორიკაში თავის დასავლელ პარტნიორებს, რომელთაც კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიები გააჩნიათ.

ნაციონალურის მოძრაობის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი წარადგინა სხდომაზე, სადაც ნახსენები იყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან საქართველოს შეერთების საჭიროება, ასევე მოწოდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე, ხაზგასმული იყო უკრაინის მოვლენებში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „პირადი პასუხისმგებლობა“  და მოწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი უკრაინაში ვიზიტის განხორციელების თაობაზე.

ვინაიდან ეს საკითხები არ იყო ასახული ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში, ნაციონალურმა მოძრაობამ თავი შეიკავა მისი მხარდაჭერისგან, ხოლო ოპოზიციის ალტერნატიული ვარიანტი კენჭისყრაზე არ დადგა იმის გამო, რომ  საკითხის ინიცირებისათვის საჭირო საპარლამენტო პროცედურები არ ჰქონდა გავლილი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტმა უკრაინის შესახებ რეზოლუციის მიღებისას ერთსულოვნება ვერ გამოავლინა.  2014 წლის მარტშიც ნაციონალური მოძრაობამ უარი განაცხადა უკრაინის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერაზე, რადგან ქართულმა ოცნებამ არ ასახა ტექსტში მათი მოთხოვნა რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესების მოწოდებაზე.

2013 წლის დეკემბრის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა უკრაინის შესახებ ორი განცხადება და ორი რეზოლუცია მიიღო.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button