skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ უგულავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა თბილისის უფლებამოსილება შეჩერებულ მერს და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ივლისს კიევში გაფრენის წინ დააკავეს. 

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა გადაწყვეტილება თითქმის ხუთსაათიანი სასამართლო მოსმენის შემდეგ, პარასკევს გვიან ღამით გამოაცხადა. უგულავას ადვოკატმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამო გაბრაზებული ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი მხარდამჭერი და აქტივისტი, რომლებიც სასამართლოს შენობის მიმდებარედ აქციას მართავდნენ, შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმართავდნენ პროკურორებს, რომლებიც სასამართლო მოსმენის შემდეგ პოლიციის ესკორტით ტოვებდნენ ტერიტორიას; ამას ქაოტური და სპონტანური დაპირისპირებების ინციდენტები მოჰყვა პოლიციასთან. პოლიციამ სულ ცოტა რვა ადამიანი დააკავა, მათ შორის ყოფილი ელჩი იტალიაში, ყოფილი დეპუტატი კოტე გაბაშვილი და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი. შსს–ის ინფორმაციით, ბეჟაშვილი მოგვიანებით გაათავისუფლეს. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.

ფულის გათეთრების ბრალდებასთან ერთად, პროკურატურამ 4 ივლისს უგულავას ასევე წაუყენა ბრალი ერთი თვის წინ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე პროკურატურის მოთხოვნის თაობაზე სასამართლო მოსმენის დასაწყისში ადვოკატებმა მოსამართლის, გიორგი გოგინაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს; გოგინაშვილმა ივნისში უგულავას ქვისლს გიორგი ღონიაშვილს, რომელიც ამავე საქმეშია ბრალდებული, როგორც  შუამავალი ფულის გათეთრების სქემაში, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

განაცხადეს რა, რომ ეს მოსამართლე ვერ იქნებოდა ობიექტური, უგულავას ადვოკატებმა მოსამართლის აცილების საკითხი დააყენეს, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ უგულავა დაკავებული უნდა იყოს სასამართლო განხილვის პროცესში, რათა მან ქვეყანა არ დატოვოს, ან სხვა მხრივ არ შეუშალოს ხელი მართლმსაჯულების აღსრულებას. პროკურორების განცხადებით, დანაშაული, რომელშიც უგულავას ბრალი ედება, 2014 წლის თებერვალში მაშინ იქნა ჩადენილი, როცა ის გირაოს გადახდის სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული სხვა საქმეზე.

უგულავა, რომელიც მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, ეუბნებოდა მოსამართლეს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში მან სულ ცოტა 19–ჯერ დატოვა ქვეყანა და დაბრუნდა უკან საქართველოში და სურვილის შემთხვევაში მას შეეძლო დიდი ხნით ადრე დაეტოვებინა ქვეყანა. „ეს ჩემი შეგნებული არჩევანი იყო იმიტომ, რომ უნდა დავრჩე და ვიბრძოლო ბოლომდე, მათ შორის ციხეში თუ ვიქნები, იქიდანაც უნდა ვიბრძოლო“, – განაცხადა უგულავამ.

უგულავა 3 ივლისს დილით დააკავეს თბილისის აეროპორტში კიევში გაფრენამდე. მას უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ჰქონდა აღებული და მოგვიანებით იმავე დღეს უნდა ჩამოფრენილიყო, რათა 4 ივლისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე გამოცხადებულიყო.

2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის თაობაზე; სასამართლოს თქმით, უგულავას წინააღმდეგ ამგვარი ზომის მიღების საჭიროება არ არსებობდა, რადგანაც არ არსებობდა მისი „მიმალვის“ ან  მის მიერ მართლმსაჯულებისთვის სხვა მხრივ  ხელშეშლის საფრთხე. უგულავამ უკვე რამდენჯერმე დატოვა ქვეყანა და დაბრუნდა უკან მას შემდეგ, რაც მას 2013 წლის თებერვალში პირველად წაუყენეს ბრალი. მას რამდენიმე საქმეზე აქვს წაყენებული ბრალდებები, რაზეც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

უგულავამ უთხრა მოსამართლეს 4 ივლისს, რომ მისი დაკავებით ხელისუფლებამ „სახეში შეაფურთხა“ სასამართლოს – ის გულისხმობდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მას აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ შეეფარდა, მათ შორის არც პასპორტის  ჩამოერთვა.

ფულის გათეთრების ბრალდების თანახმად, უგულავამ 760 000 აშშ დოლარის ოდენობის „შავი ფული“ მიიღო ოფშორული კომპანიიდან ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.

მარნეულის საოლქო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პროკურატურა აცხადებს, რომ უგულავას ქმედებები წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 150–ე და 226–ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, რომლებიც ეხება „იძულებას“ და „ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს“. 

2013 წლის თებერვალში, როცა თბილისის მერად მუშაობდა, უგულავას  დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ორ დამოუკიდებელ საქმეზე  წაუყენეს ბრალდებები, რომელსაც სასამართლო იხილავს.

ამის შემდეგ, დეკემბერში უგულავას პროკურატურამ ბრალი დასდო დედაქალაქის განვითარების ფონდიდან 48.18 მლნ ლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გამოყენებაში ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ხარჯების დასაფარად 2011–2012 წლებში. ამ ბრალდების გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას მერის უფლებამოსილება შეუჩერა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი არაკონსტიტუციურად ცნო. ამის შემდეგ უგულავამ  სასამართლოს თანამდებობაზე აღდგენის თხოვნით მიმართა, თუმცა თავისი შუამდგომლობა უკან გაიტანა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უგულავას დაპატიმრება ხელისუფლების მიერ მთავარი ოპოზიციური პარტიის „პოლიტიკური დევნის“ კამპანიის ნაწილია.

„ამითი ნაციონალურ მოძრაობას ისინი ვერ გააჩუმებენ“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ 4 ივლისს და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ფიგურების დაჭერის „გზას თუ ადგები და შემდეგ ძალადობას ახალისებ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და არ სჯი ხალხს, ვინც ფიზიკურად ესხმის თავს, ეს გარდაუვლად მიგვიყვანს ბევრად უფრო არანორმალური სცენარებისკენ და შეანელებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პრობლემას შეუქმნის ჩვენს ევროინტეგრაციას“.

მისი თქმით, ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაზე იზრუნოს, „ერთადერთ გმოსავალს პოულობს იმაში, რომ ის ძალა [ნაციონალური მოძრაობა], რომელიც მათ აწუხებს და აქვს რეალური შანსი, რომ პოლიტიკურად შეავიწროვოს, იმისი განადგურებაა ამოცანა და მათ ნაცვლად სურთ ბურჯანაძის, ინაშვილების და ამათი წამოწევა, რაც სხვათა შორის, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანას უსაფრთხოების თვალსაზრისით“. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button