skip to content
ახალი ამბები

ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოს მასშტაბით კვირას დილით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო, რომლის დროსაც ამომრჩევლები 12 ქალაქის მერს, 59 მუნიციპალიტეტის გამგებელს და 71 ახალ საკრებულოს ირჩევენ.

დღის 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 16.65% შეადგინა, რაც ოდნავ ნაკლებია ოთხი წლის წინ ადგილობრივ არჩევნებზე იგივე დროს დაფიქსირებულ აქტივობასთან შედარებით.

ქვეყნის მასშტაბით 3 600–ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი. ყველაზე სერიოზული ინციდენტების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ეხებოდა კენჭისყრის პროცესის ჩაშლას ორ საარჩევნო უბანში.

ერთ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეს მე–16 უბნიდან. ინციდენტი ღამის 2 საათზე მოხდა საარჩევნო უბნის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ გატაცებული ბიულეტენები საარჩევნო უბანთან ახლოს დალუქულ მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც კენჭისყრის პროცესი დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყო. 

მეორე ინციდენტს ზუგდიდის ოლქის ანაკლიის უბანზე ჰქონდა ადგილი.  ამ უბანზე ხმის მიცემის პროცესი  მას შემდეგ ჩაიშალა, რაც რამდენიმე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, რომლებიც 2012 წლის იანვრიდან გაუჩინარებული ნათესავის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვდნენ, საარჩევნო ყუთი დაამტვრია და ბიულეტენები დახია. მათი თქმით, არაფერი კეთდება მათი დაკარგული ნათესავის საქმის გასახსნელად.

გარდა ამ შემთხვევებისა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე უმნიშვნელო პროცედურული დარღვევების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

აშშ–ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა, რომელიც საარჩევნო უბნებს თავის ჰოლანდიელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად სტუმრობს, განაცხადა მანამდე კვირას, რომ „საარჩევნო პროცესი კარგად დაიწყო“.

„შეგვაშფოთა ცნობებმა მარტვილიდან, სადაც ღამით, როგორც ჩანს, ბიულეტენები გაიტაცეს. შესაძლოა, ამ დროისათვის ბიულეტენები უკვე ნაპოვნი იყოს. როგორც ვიცით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვითარებას არკვევს. ვიცით, რომ ხანდახან დასავლეთ საქართველოში ვნებები მეტისმეტად მაღალია. შესაძლოა, საამისო მიზეზიც არსებობდეს, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მნიშვნელოვანია, ხალხმა გაითვალისწინოს, რომ ერთია საკითხისადმი ემოციური დამოკიდებულება, მაგრამ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ემოცია ძალადობასა და მუქარაში არ უნდა გადაიზარდოს. ამგვარად, ის, რასაც ვხედავთ, ზოგადად იმედისმომცემია. ვუსურვებთ საქართველოს წარმატებულ საარჩევნო დღეს და რა თქმა უნდა, გილოცავთ ყველას“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button