skip to content
ახალი ამბები

გერმანიის კანცლერი ბერლინში საქართველოს პრემიერ–მინისტრს შეხვდა



გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონიაზე ბერლინში, 2 ივნისს. ფოტო: გერმანიის მთავრობა

საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან 2 ივნისს ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიესალმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს იმ „პრაგმატულ“ პოლიტიკასთან ერთად, რომელსაც თბილისი  მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით ახორციელებს და ასევე აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა ქვეყანაში საინვესტიციო პირობების გაუმჯობესების თაობაზე.

თუმცა, მერკელმა ასევე განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ ნატოს უელსის სამიტის დღის წესრიგში საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი შევა.  

ეს უკვე მეორე შეხვედრა იყო გერმანიის კანცლერსა და საქართველოს პრემიერ–მინისტრს შორის დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე. ღარიბაშვილი მერკელს ბერლინში 28 მაისსაც შეხვდა თავის მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან,  იურიე ლიანკესთან და არსენი იაცენიუკთან ერთად.

„დღეს ჩვენ ფართოდ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები“, – განაცხადა მერკელმა 2 ივნისს საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

„ჩვენს ქვეყნებს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობები აქვთ და ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველო ევროკავშირს უახლოვდება, რაც [27 ივნისს] ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით დადასტურდება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

„მეორე მხრივ, ასევე ვხედავთ, რომ საქართველომ დიდი ძალისხმევა მიმართა რუსეთთან ურთიერთობების ნაბიჯ–ნაბიჯ  განვითარებისკენ“, – დასძინა მერკელმა.

მისი თქმით, საქართველოს მაგალითი, რომ მისდიოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ამავე დროს შეეცადოს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების დამყარებას, იმის მაჩვენებელია, რომ საქმე არ გვაქვს „ან ის ან ეს“ არჩევანთან.

მერკელმა ასევე განაცხადა: „მე მხარს ვუჭერ საქართველოს ძალიან პრაგმატულ მიდგომას რუსეთთან ურთიერთობებში“.

ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ მეტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის და დასძინა, რომ გერმანია მოუწოდებს თავის კომპანიებს, რომ საინვესტიციო შესაძლებლობები ეძიონ საქართველოში.

„საქართველოს ამისთვის ძალიან კარგი პირობები აქვს“, – განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით „არასტაბილურობის“ შეგრძნებაა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გამო, რაც, მისი თქმით, ინვესტიციებისთვის შემაფერხებელი ფაქტორებია.

„ჩვენ მკაფიოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება აუმჯობესებს ქვეყნის სანდოობას, მათ შორის მის სამართლებრივ სისტემას“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი მიესალმა მერკელთან შეხვედრას და მას ქართულ–გერმანულ ურთიერთობებში „ქვაკუთხედი“ უწოდა.

„მე მოხარული ვარ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გვქონდა შესაძლებლობა, რომ განგვეხილა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები“, – განაცხადა მან, „განსაკუთრებით ვაფასებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი“.

მისი თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის ხელმოწერასაც თბილისი ევროკავშირთან 27 ივნისს გეგმავს, დაეხმარება საქართველოს „გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“. პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს შიდა რეფორმები, მათ შორის სასამართლო სისტემაში, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობის კუთხით, ასევე იქნა განხილული.

რუსეთთან ურთიერთობების შესახებ პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მან ინფორმაცია მიაწოდა გერმანიის კანცლერს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შესახებ „რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების თაობაზე“.

„არჩევნებში გამარჯვების შემდეგ [2012 წელს] ჩვენ ძალიან ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით, რამაც რეალური შედეგი გამოიღო და ამ კონსტრუქციულმა პოლიტიკამ აჩვენა, რომ საქართველოს ყავს კონსტრუქციული, პროგნოზირებადი და სტაბილური მთავრობა, რომელსაც სურს ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ჩვენი მთავრობა არის მოტივირებული, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი; ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს ვალდებულებებს“.

როდესაც მას უკრაინაში არსებული სიტუაციის და იმის შესახებ ჰკითხეს, თუ რას ურჩევდა ის უკრაინის ხელმძღვანელობას რუსეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა უპასუხა, რომ იგი იმედოვნებს, რომ უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო „გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ უკრაინაში აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა“.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, „კონსტრუქციული დიალოგი არის ერთადერთი საუკეთესო გამოსავალი იმისათვის, რომ ნებისმიერი კრიზისი იქნას გადაწყვეტილი“.

„ჩვენ ეს მოვახერხეთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ გვსურს კონსტრუქციული, ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება რუსეთთან და ამ გზით გადავჭრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებობდა და არსებობს დღემდე“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ვქმნით მაგალითს, რომ საქართველო შეიძლება იყოს ქვეყანა, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი და ამავდროულად ის ინარჩუნებს და აგრძელებს კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთთან – ეს არის ადეკვატურად შეფასებული ორივე მხარის მიერ. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ საქართველო ქმნის საინტერესო მაგალითს დანარჩენი ქვეყნებისთვის რეგიონში“, – განაცხადა მან.

„რაც შეეხება უკრაინისადმი რჩევას, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ძალიან მალე დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, რა თქმა უნდა, გერმანიის და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, უნდა მოხდეს გამოსავლის პოვნა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, 2 ივნისს, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ–ვალტერ  შტაინმაიერს ბოდეს მუზეუმში გამართულ ცერემონიაზე მე–18 საუკუნის ორი წიგნი გადასცა. წიგნები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში იყო დაცული, ათასობით სხვა წიგნთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიიდან იქნა წამოღებული.

საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გერმანიაში თან ახლდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და ასევე პარლამენტის ვიცე–სპიკერი, ქართული ოცნების დეპუტატი მანანა კობახიძე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button