ახალი ამბები

ნატოს დეპუტატები საქართველოსთვის MAP–ის მიცემისკენ მოუწოდებენ



ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ვილნიუსში 30 მაისს სიტყვით გამოდის. ფოტო: ნატო 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ 30 მაისს მიღებულ შესასრულებლად არასავალდებულო დეკლარაციაში მოუწოდა ალიანსის წევრ სახელმწიფოებს უელსის სექტემბრის სამიტზე საქართველოს ნატოსთან დაახლოება მისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების გზით „განიხილონ“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა ასამბლეაზე, რომელიც ალიანსის წევრი სახელმწიფოების დეპუტატებს და ნატოს პარტნიორი ქვეყნების ასოცირებულ დელეგატებს აერთიანებს, რომ ამ ეტაპზე „ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმის პროგნოზირება“, თუ როგორი იქნება სექტემბრის სამიტის შედეგი ამ თვალსაზრისით.  

ნატოს გაფართოების შესახებ დეკლარაციაში საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს „კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის მიმართ და ასევე ევრო-ატლანტიკური პერსპექტივა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატოს წევრობისკენ ისწრაფვიან“.

დეკლარაცია ასევე მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ „აღიარონ ასპირანტი ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი და ნატოს გაფართოების პროცესში შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე იფიქრონ ნატოს უელსის სამიტზე იმ ყოვლისმომცველი მიმოხილვის საფუძველზე, რომელიც 2014 წლის ივნისში უნდა დასრულდეს; კერძოდ კი მისდიონ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო გახდება ნატოს წევრი, ხოლო საქართველო გაწევრიანებას დაუახლოვონ მისთვის წევრობის სამოქმედი გეგმის მინიჭების გზით“.

ვილნიუსში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლის შემდეგ ქართველი დეპუტატის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველომ „ბევრი რამ გააკეთა საჭირო კრიტერიუმების შესასრულებლად“ იმისათვის, რომ „ოდესმე მომავალში“ ნატოს წევრი გახდეს და დასძინა, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ივნისის ბოლოს, თუ როგორ მიუდგნენ ღია კარის პოლიტიკას სექტემბერის უელსის სამიტზე.

მოიშველია რა 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც MAP მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს საქართველოსთვის ალიანსისკენ მიმავალ გზაზე და ასევე გაუსვა რა ხაზი ნატოს მხრიდან საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ჰკითხა გენერალურ მდივანს, თუ რა ასახვას ჰპოვებს ეს პროგრესი ნატოს მომდევნო სამიტზე და „კიდევ რა უნდა გააკეთოს საქართველომ“ ნატოში ინტეგრაციის გზაზე.     

„თქვენ შეგვახსენეთ ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება იმ პირობით, რომ საქართველო საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და ასევე მართალი ხართ, რომ ამ გადაწყვეტილების ნაწილი იყო განცხადება, რომ MAP–ი ამ მიმართულებით შემდეგი ნაბიჯი იქნება,“ – უპასუხა რასმუსენმა კითხვაზე.  

„თქვენ მიანიშნეთ რამდენიმე სფეროზე, სადაც საქართველომ პროგრესს მიაღწია ბოლო წლებში და ეს ასეცაა, ვინაიდან საქართველომ მართლაც რეალურად მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია – სამაგალითო არჩევნები, სასამართლო სისტემის რეფორმა, თავდაცვის სფეროს რეფორმა და საქართველო ასევე ნატოს უმსხვილესი არაწევრი კონტრიბუტორია ჩვენს ოპერაციაში ავღანეთში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 „საქართველომ ბევრი რამ გააკეთა საჭირო კრიტერიუმების შესასრულებლად იმისათვის, რომ მომავალში ნატოს წევრი გახდეს და ეს, თავისთავად, კითხვას ბადებს, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო სამიტზე [უელსში სექტემბერში]“.

„უნდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით ძალიან ადრეა პროგნოზის გაკეთება. ჩვენ ახლა ოთხიდან თითოეული ასპირანტი ქვეყნის შეფასების პროცესში ვართ“, – განაცხადა მან, მხედველობაში ჰყავდა რა საქართველო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო და მაკედონია.

„ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ამ შეფასების ანგარიშებს განიხილავენ, როდესაც ისინი ივნისის დასაწყისში შეიკრიბებიან და იმედი მაქვს, რომ იმ დროისთვის ჩვენ შევძლებთ კონსენსუსის მიღწევას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადავწყვიტოთ ღია კარის პოლიტიკა სამიტზე“,  – განაცხადა მან.

„დღეს ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ გავაკეთებთ ამას, მაგრამ ნება მომეცით ჩემი პირადი შეხედულება მოგახსენოთ, რომ მიღწეული პროგრესი სამიტზე შესაბამისად უნდა აისახოს ან ერთი ან მეორე გზით. მაგრამ როგორც იცით, ჩვენ კონსენსუსი გვჭირდება", – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ევროპაში უსაფრთხოების კუთხით ამჟამად არსებული ვითარების სტრატეგიული შედეგები და სწორი სიგნალი გავუგზავნოთ მოსკოვს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის კატეგორიულ დამოკიდებულებას შედეგი არ მოაქვს“,  – დასძინა რასმუსენმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა Wall Street Journal–ში საავტორო სტატია გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ „მაშინ, როცა დასავლეთი განიხილავს, თუ რა არის უკრაინის კრიზისის გადაჭრის საუკეთესო გზა, ერთი სამოქმედო ადგილი ნათელი უნდა იყოს: საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება გადადგას შემდეგი ნაბიჯი ნატოში წევრობისკენ“.

სტატიას სათაურით „პუტინის შესაჩერებლად, საქართველო ნატოს დაუახლოვეთ“ თან ახლავს დანართი, რომელშიც ნათქვამია: „სტატიაში გამოხატული შეხედულებები ავტორს ეკუთვნის და ისინი არ ასახავენ აუცილებლად საქართველოს მთავრობის შეხედულებებს“.

ნაციონალურმა მოძრაობამ დაგმო ეს მინაწერი და განაცხადა, რომ  „გარდა იმისა რომ ეს ადასტურებს მთავრობის შიგნით არსებულ გათიშულობას, უტყუარად ადასტურებს იმას რომ საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი და პასუხისმგებლობა გაქცეული  ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი რეალურად მხარს არ უჭერენ საქართველოს ნატოში რეალურ ინტეგრაციას. უდავოა, რომ ამით ისინი რუსეთის თამაშს თამაშობენ“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button