ახალი ამბები

აფხაზეთის პარლამენტი ანქვაბს გადადგომისკენ მოუწოდებს და პრემიერ–მინისტრს უნდობლობას უცხადებს

  • პუტინის თანაშემწე: ‘პოლიტიკური დაძაბულობა ჯერჯერობით არ კლებულობს’; 
  • სურკოვის შუამავლობის შემდეგ, ოპოზიცია და მთავრობა პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტი 29 მაისს მიღებულ რეზოლუციაში აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს „ნებაყობლობით“ გადადგომისკენ მოუწოდებს.

იმავე რეზოლუციით სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ პრემიერ–მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას უნდობლობა გამოუცხადა.

ანქვაბმა უპასუხა, რომ ის არ გაათავისუფლებს ლაკერბაიას დაკავებული თანამდებობიდან.

„რაც შეეხება ჩემი გადადგომის შესახებ წინადადებას, მე მას არ ვუპასუხებ, სანამ კონსულტაციებს არ გავმართავ დეპუტატების სხვა, მნიშვნელოვან ნაწილთან, რომლებიც პარლამენტის სხდომას არ ესწრებოდნენ, ასევე ამომრჩევლებთან, საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში მხარს უჭერდნენ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და რომლებიც ოპოზიციას კანონიერ ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ“, – განუცხადა ანქვაბმა „ინტერფაქსს“.

35–წევრიანი პარლამენტის სხდომას 21 დეპუტატი ესწრებოდა; მათგან ოცმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, „აფსნიპრესის“ ინფორმაციით.

სეპარატისტული რეგიონის კონსტიტუციის თანახმად, როდესაც პარლამენტი მთავრობის წევრს უნდობლობას უცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

მანამდე დე ფაქტო პრემიერ–მინისტრმა გადადგომის მზადყოფნა გამოთქვა, თუ ეს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას დაეხმარებოდა. თუმცა ოპოზიციის სამიზნე ანქვაბის გადაყენებაა.

სეპარატისტული რეგიონის პარლამენტს პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება ხმების ორი მესამედით შეუძლია, თუ ის დადებულ ფიცს დაარღვევს; თუმცა, ასეთ კენჭისყრამდე, აფხაზეთის კონსტიტუციით, საჭიროა უზენაესი სასამართლოს დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ დარღვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი.

ანქვაბს პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც 27 მაისს საღამოს ოპოზიცია შენობაში შეიჭრა; შენობას კვლავ ოპოზიცია აკონტროლებს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლობის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა, რომელიც სოხუმში 28 მაისს ჩავიდა, განაცხადა ხუთშაბათს, რომ მხარეები ერთმანეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

„პოლიტიკური დაძაბულობა ჯერჯერობით არ კლებულობს“, – იტყობინებოდნენ რუსული და აფხაზური საინფორმაციო სააგენტოები სურკოვის სიტყვებზე დაყრდნობით 29 მაისს.

„რუსეთი ბოლოდროინდელ მოვლენებს მთლიანად სუვერენული აფხაზეთის შიდა საქმედ მიიჩნევს. პრეზიდენტმა და ოპოზიციამ განაცხადეს, რომ კრიზისიდან გამოსავალი საკანონმდებლო ჩარჩოს, დემოკრატიული პროცედურების და აფხაზი ხალხის ტრადიციების ფარგლებში უნდა გამოინახოს. რუსეთი დაინტერესებულია ჩვენს მეგობარ აფხაზეთში პრობლემის მშვიდობიან და სწრაფ მოგვარებაში და წესრიგის აღდგენაში“, – განაცხადა სურკოვმა.

 „როგორც პრეზიდენტმა, ისე ოპოზიციამ ხაზი გაუსვეს თავიანთ უპირობო ერთგულებას რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობის შემდგომი გაძლიერების კურსის მიმართ“, – განაცხადა სურკოვმა.

სურკოვს, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებს კურირებს, სოხუმში თან ახლავს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი.

ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს სახელით მომლაპარაკებლად აირჩიეს აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ვიტალი გაბნია. აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს მოლაპარაკებებზე  უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ აშუბა წარმოადგენს.

ორივე „პატივსაცემი“ პირია აფხაზეთში, განაცხადა სურკოვმა გაბნიას და აშუბას შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეთანხმებამდე მივლენ.

ოპოზიციის მხრიდან მომლაპარაკებელმა ვიტალი გაბნიამ განაცხადა 29 მაისს, რომ „პროცესი ადვილი არ არის“.

„ჯერ-ჯერობით პროგრესი არ არის“, – დასძინა მან.

იმავდროულად, საკოორდინაციო საბჭომ განაცხადა 29 მაისს, რომ იქმნება „ეროვნული ნდობის დროებითი საბჭო; ოპოზიციის წარმომადგენლებისგან შემდგარი 21–წევრიანი საბჭოს ამოცანა მთავრობის აღმასრულებელი ფუნქციების შესრულება იქნება“, – იტყობინება „აფსნიპრესი“.

მსგავსი/Related

Back to top button