ახალი ამბები

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის პოლიტიკური რეიტინგები

15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩატარებული კვლევის თანახმად, პოტენციური ამომრჩევლების 48%–მა განაცხადა, რომ ისინი მმართველ კოალიციას, ქართულ ოცნებას მისცემენ ხმას, შემდეგ კი მოდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 12%–ით.

19%–ს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, 8%–მა პასუხზე უარი განაცხადა, ხოლო 3%–მა განაცხადა, რომ ისინი არც ერთ პარტიას არ მისცემენ ხმას, ნათქვამია საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომელიც აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში.

კოალიცია ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის და ლეიბორისტული პარტიის მაჩვენებელი თითოეულის 4%-ია.

თბილისის მერის არჩევასთან დაკავშირებით, პოტენციურ ამომრჩეველთა 39%–მა განაცხადა, რომ ისინი მერად ქართული ოცნების კანდიდატს, დავით ნარმანიას აირჩევენ; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ხმების 10%–ით და ნინო ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატი 9%–ით (კოალიციამ თავის მერობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე 5 აპრილს დაასახელა).

20%–ს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია; 13%–მა განაცხადა, რომ ისინი არც ერთ კანდიდატს არ მისცემენ ხმას და 4%–მა პასუხზე უარი განაცხადა.

კვლევა იმ დროს ჩატარდა, როდესაც კანდიდატებს აქტიური კამპანია ჯერ არ ჰქონდათ დაწყებული.

არჩევნების მეორე ტური იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ მერობის არც ერთი კანდიდატი არ მიიღებს მიცემული ხმების ნახევარზე მეტს.

ანალოგიურ კვლევაში, რომელიც შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩატარდა, ქართული ოცნების კანდიტატს გიორგი მარგველაშვილს 39%-იანი მხარდაჭერა ქონდა, 22%–ს არ ჰქონდა გადაწყვეტილი ან უარს აცხადებდა პასუხზე; მარგველაშვილმა ოქტომბრის არჩევნები ხმების 62%–ზე მეტით მოიგო.

რესპონდენტების 60% აცხადებს, რომ ისინი მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში, რაც 10 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2013 წლის აგვისტოს კვლევასთან შედარებით, როდესაც ამომრჩევლებს კითხეს წავიდოდნენ თუ არა ისინი საპრეზიდენტო არჩევნებზე.   

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ყველაზე მაღალი მოწონების რეიტინგი აქვს პოლიტიკოსებს შორის 67%–ით, ნაცვლად 72%–ისა 2013 წლის ნოემბერში; შემდეგ მოდის პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 64%–ით, ნაცვლად 71%–ისა ნოემბერში, და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 61%–ით, ნაცვლად 65%–ისა ნოემბერში.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწონების მაჩვენებელი ნოემბერში არსებული 72%-დან აპრილში 46%-მდეა დაკლებული.

ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მოწონების მაჩვენებელი 23 პროცენტული პუნქტით შემცირდა ნოემბრის შემდეგ და აპრილში 51% შეადგინა; ხოლო იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელთაც ის არ მოსწონთ, ნოემბერში არსებული 11%–დან აპრილში 24%–მდე გაიზარდა.    

მოწონების რეიტინგები წარმოადგენს რესპონდენტთა პასუხებს კითხვაზე, მოსწონთ თუ არ მოსწონთ მათ კონკრეტული პირები.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ ფიგურად რჩება, რომლის მოწონების რეიტინგმაც აპრილში 51% შეადგინა, რაც ოდნავი ზრდაა ნოემბრის შემდეგ.

8 მაისს გამოქვეყნებულ კვლევა იმ უფრო ფართო კვლევის ნაწილია, რომელიც ასევე აჩვენებს საზოგადოებრივი განწყობების ცვლილებებს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. მისი ცდომილების ზღვარი +/- 2.1%-ს შეადგენს.

მსგავსი/Related

Back to top button