დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში მოლაპარაკებებს მართავს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი ქართველ კოლეგასთან მაია ფანჯიკიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თბილისში, 8 მაისი. ფოტო: ინტერპრესნიუსი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა 8 მაისს თავის ქართველ კოლეგასთან მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ, რომ მისი ვიზიტი თბილისში მიზნად ისახავს დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის დადასტურებას „საქართველოს ევრო–ატლანტიკური კურსის, მისი ტერიტორიული მთლიანობის და მისი დემოკრატიული პროგრესის მიმართ“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას უილიამ ჰეიგმა განაცხადა: „ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ევრო–ატლანტიკური ამბიციების მიმართ ძალიან მკაფიოა“.
ის თბილისში ოთხშაბათს საღამოს უკრაინიდან ჩამოვიდა; კვირის დასაწყისში კი მოლდოვასაც სტუმრობდა.
„საქართველო ღირებული პარტნიორია ნატოსთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ უელსის სამიტს… გაუჩნდება სურვილი აღიაროს ის პროგრესი, რომელსაც საქართველო განიცდის და ის სამუშაო, რომელსაც ჩვენ ერთად ვასრულებთ“, – განაცხადა ჰეიგმა და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს წვლილს ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში და საქართველოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის მისიის ფარგლებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში თავისი სამხედროების გაგზავნის თაობაზე.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ვადამდელი ხელმოწერის მიმართ, რაც ივნისში იგეგმება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ფანჯიკიძემ განაცხადა: „მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველომ მკაფიოდ აჩვენა ის პროგრესი, რაც ნატოს ასპირანტ ქვეყანას მოეთხოვება და შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი ადექვატურად შეფასდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალ სამიტზე უელსში“.
„ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ნატომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ვფიქრობთ დადგა დრო, რომ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ალიანსის ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად“, – განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ მომავალი სამიტის მასპინძელი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი მხარდაჭერას „განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“.
„მივიჩნევთ, რომ სწორედ ეს სამიტი იქნება შესაფერისი მომენტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებისთვის“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას იმ მოწოდებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რომელიც ნატოს თავდაცვითი შეიარაღების საქართველოში განთავსებას ეხება, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ვემხრობით იმას, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოს და ნატოს შორის. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა; მე ავღანეთის მაგალითი მოვიყვანე და დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ბევრი გზა, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევიძლია ეს ყველაფერი გავაღრმავოთ იმ გზით, რომელიც აამაღლებს საქართველოს უსაფრთხოებას და ასევე გააძლიერებს საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას. ასე რომ, დამატებით დეტალებზე საუბარი ამასთან დაკავშირებით მე არ შემიძლია; მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ნატოს უელსის სამიტმა აღიაროს ეს პროგრესი და გაერთიანებული სამეფო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, ძალიან მკაფიო იქნება იმაში, რომ მნიშვნელოვანია ამ პროგრესის აღიარება და შემდგომშიც ამის გაღრმავება და რომ თავდაცვის მინისტრებმა უნდა ისაუბრონ კონკრეტულ თავდაცვით ღონისძიებებზე“.
იგივე შეკითხვაზე მინისტრმა ფანჯიკიძემ უპასუხა, რომ საკითხი, რომელიც თავდაცვის მინისტრმა ალასანიამ წამოწია და მოიცავს დასავლეთისადმი მოწოდებებს საქართველოში თავდაცვის საშუალებების განთავსების თაობაზე, „იდეის დონეზე გაჟღერდა“.
„ამ თემაზე დისკუსია გაგრძელდება, საუბარი გაგრძელდება, მაგრამ კონკრეტული არც არაფერი ყოფილა შეთავაზებული და არც გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
მანამდე ხუთშაბათს უილიამ ჰეიგი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს, დეპუტატ გიორგი კანდელაკს და ნაციონალური მოძრაობის საგარეო საქმეთა მდივანს გიგა ბოკერიას. თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა; იგი დღესვე ვიზიტის დასრულებამდე პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.
ჰეიგმა განაცხადა, რომ მართალია ზოგიერთი რეფორმა „შესაძლოა რთული ან სენსიტიური იყოს“, მაგრამ ამის გაკეთება საჭიროა.
„ეს მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ ევროკავშირი ან დასავლეთი ითხოვენ ამ რეფორმების განხორციელებას, არამედ იმიტომ, რომ ისინი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშიც შედის, საქართველოს სურვილის ნაწილია, რომ დემოკრატიის კონსოლიდაცია მოახდინოს, გააძლიეროს ინსტიტუტები, გაზარდოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა, გაზარდოს პატივისცემა კანონის უზენაესობის მიმართ; ასე რომ, ჩვენ მივესალმებით ამ ამბიციებს და რა თქმა უნდა, დებატები ამ ღონისძიებებზე ბუნებრივია დემოკრატიულ ქვეყანაში… მე, მაგალითად, მივესალმები იმ საკონსულტაციო გზას, რომლითაც მთავრობის ადამიანის უფლებათა ახალი სამოქმედო გეგმა შემუშავდა“, – განაცხადა ჰეიგმა.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო და საქართველო უკვე თანამშრომლობენ მთელ რიგ საკითხებზე დაწყებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, თავდაცვით და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლით და დამთავრებული ადამიანის უფლებებით და კულტურით.
„ჩვენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვუზრუნველყავით სპეციალური მრჩევლით თავდაცვის საკითხებში რეფორმების განხორციელებაში დახმარების მიზნით“, – განაცხადა ჰეიგმა, „მინდა სიხარულით დავადასტურო, რომ ჩვენ შევთანხმდით ეს ურთიერთობა უფრო ფორმალურ ჭრილში გადავიყვანოთ ყოველწლიური ორმხრივი დიალოგის დაფუძნების გზით იმისათვის, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა და წინ წავწიოთ ის“.
მან ასევე განაცხადა, რომ ასევე იქნა განხილული რეგიონალური უსაფრთხოება და უკრაინაში არსებული ვითარება. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებს უკრაინაში ხელი არ შეეშალოს და გარედან ჩარევის გარეშე ჩატარდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში „გაიგონეს“ პრეზიდენტ პუტინის სიტყვები, რომ 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯია და რომ დონეცკის ოლქში რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს.
ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით „ უკიდურესი შეშფოთება“ გამოითქვა.
„განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ბრიტანეთის ძლიერ პოზიციას იქ მიმდინარე დრამატულ მოვლენებთან მიმართებაში…მტკიცედ გვჯერა, რომ არსებული კრიზისის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით და დაცვით“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს „დეტალური“ ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. „ამავდროულად, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ქვეყანაში უსაფრთხოების და სტაბილურობის თვალსაზრისით არსებულ სიტუაციას, კერძოდ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების გამუდმებულ პროვოკაციას, რაც მოიცავს მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას, მავთულხლართების გავლებას, საჰაერო სივრცის დარღვევას“, – აღნიშნა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)