ახალი ამბები

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევა საზოგადოებრივი განწყობების ცვლილებებს ასახავს

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 5 მაისს გამოქვეყნდა, აჩვენებს საზოგადოებრივი განწყობების ცვლილებებს ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე.

ნოემბერის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, უფრო ნაკლები რესპოდენტი თვლის, რომ ქვეყანაში არის დემოკრატია და საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება; დასავლურ კურსს კვლავ მყარი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ეს მაჩვენებელი ოდნავ დაკლებულია; ამასთან, გაზრდილია რუსეთის, როგორც რეალური საფრთხის აღქმა; უმეტესობა მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ სახელისუფლებო გადაწყვეტილებების მიმღებად რჩება.

კვლევა, რომლის პოლიტიკური რეიტინგების ნაწილიც 8 მაისს გამოქვეყნდება, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩაატარა საქართველოს მასშტაბით შემთხვევით შერჩეული 3 942 რესპონდენტის პირისპირ ინტერვიუს გზით და მისი ცდომილების ზღვარი +/- 2.1%-ს შეადგენს.

კვლევის  თანახმად, 46%-მდე შემცირდა იმ რესპოდენტთა რიცხვი, ვინც თვლის, რომ საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია –  ნოემბერში ამგვარად 54% ფიქრობდა; ამ მოსაზრების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა აპრილში 41%-მდეა გაზრდილი, ნოემბერში არსებული 35%-დან.

17 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ რესპოდენტთა რიცხვი, ვინც თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება  – თუ ნოემბერში ეს მაჩვენებელი 53% იყო, აპრილში ასე 36% ფიქრობდა. ასევე, წინა კვლევასთან შედარებით, 10% პუნქტით გაიზარდა 19%-მდე მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 55%-მდეა შემცირებული გამოკითხულთა ის რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს – ნოემბერში ასე 73% ფიქრობდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების სამეულს სამუშაო ადგილები (61%), ტერიტორიული მთლიანობა (37%) და სიღარიბე (30%) წარმოდგენს – ამ უკანასკნელმა ჯანდაცვის საკითხი მეოთხე ადგილზე გადასწია.

ნოემბერთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით დაიკლო და აპრილში 62% შეადგინა იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, ვისთვისაც უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. 

საგარეო ურთიერთობები

საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსი კვლავ რესპოდენტთა უმრავლესობის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა ნოემბრის კვლევასთან შედარებით, მცირე დაღმასვლა შეინიშნება. 

თუ ნოემბერში საქართველოს გაცხადებულ მიზანს გახდეს ევროკავშირის წევრი 85% უჭერდა მხარს, აპრილში ეს მონაცემი 77%-ია; ნატოში გაწევრიანებას აპრილში 72%, ხოლო ნოემბერში 81% უჭერდა მხარს.

რესპოდენტთა 58% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით, ვიდრე რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ხარჯზე ევროინტეგრაციაზე უარის თქმით – 20%.

50%-მდე, ნოემბერთან შედარებით 14 პროცენტული პუნქტით არის იმ რესპოდენტთა რაოდენობა გაზრდილი, ვინც თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს – ამგვარი ცვლილება სავარაუდოდ უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებით არის განპირობებული; 32% ფიქრობს, რომ ეს საფრთხე გაზვიადებულია; 13%-ის აზრით კი რუსეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ამასთან, კვლევის თანახმად, თბილისის ამჟამინდელ ურთიერთობებს რუსეთთან 74% არ იწონებს და მხოლოდ 17%-ს მოსწონს; 72%-ისთვის მისაღებია საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობის განხილვა, რაზეც მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, თუმცა აცხადებენ, რომ რაიმე კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა. 

გამოკითხულთა 16% აცხადებს, რომ ემხრობა  რუსეთის ინიციატივით დაფუძნებულ ევრაზიის კავშირში საქართველოს გაწევრიანებას – ნოემბერში ამგვარად 11% ფიქრობდა.

რესპოდენტთა 62% ყირიმის კრიზისთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, 66%-ისთვის მიუღებელია რუსეთთან ყირიმის შეერთება – დადებითად ამ ქმედებას 11% აფასებს; 63% ამართლებს თბილისის მიერ ამ მოვლენების დაგმობას  – ამასთან 46 პროცენტი 30%-ის წინააღმდეგ თვლის, რომ თბილისს მეტი უნდა გაეკეთებინა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის (69%), რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების (14%) და კულტურის სფეროში რუსეთისთვის ბოიკოტის გამოცხადების (9%) სახით.

მიმდინარე მოვლენები 

რესპოდენტთა 62% თვლის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად, თუმცა უფრო მეტი (49%) არ ამართლებს ამას, ვიდრე მისაღებად მიიჩნევს (41%);  მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ ივანიშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ არ ერევა ხელისუფლების გადაწყვეტილებებში.

კვლევა დაინტერესდა ყოფილი პრემიერის მხრიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ გამოთქმული საჯარო კრიტიკით, რომლის დროსაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის „იმედგაცრუებულია“ მარგველაშვილით.  გამოკითხულთა 40% არ ამართლებს ამ კრიტიკას, 35% – გამართლებულად მიიჩნევს, ხოლო 25%-ს ან პოზიცია არ აქვს ან არ პასუხობს.

რესპოდენტთა უმეტესობა (59%) მიიჩნევს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სამართლებრივი დევნა უმთავრესად დაფუძნებულია პრინციპზე, რომ მათ პასუხი უნდა აგონ საკუთარ ქმედებებზე და არა პოლიტიკური შურისძიების სურვილზე (22%).

კვლევამ აჩვენა, რომ რესპოდენტთა უმრავლესობა არ არის ინფორმირებული, რომ ცალკეულ რელიგიურ გაერთიანებებს სახელმწიფო აფინანსებს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი – 55% გამართლებულად მიიჩნევს 25 მლნ ლარით საპატრიარქოს საბიუჯეტო დაფინანსებას, 21% ამას არ ამართლებს, 23%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე. სხვა ოთხი რელიგიური კონფესიისთვის ბიუჯეტიდან 4.5 მლნ ლარის გამოყოფას კი უფრო მეტი (39%) მიიჩნევს გაუმართლებლად, ვიდრე გამართლებულად (31%).

გამოკითხულთა 62% მიესალმება უკონტროლო მოსმენების წინააღმდეგ მიმართულ სამოქალაქო კამპანიას „ეს შენ გეხება“ და მხოლოდ 10%-ისთვის არის ეს აქტივობა გაუმართლებელი. ამ მონაცემების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკრიტიკა ეს კამპანია, როგორც ქვეყნისთვის „ძირგამომთხრელი საქმიანობა“, რაზეც მასში ჩართული ორგანიზაციების საპასუხო კრიტიკა მიიღო.

მსგავსი/Related

Back to top button