ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ‘რა თქმა უნდა, ჩვენ ანტიდისკრიმინაციულ კანონს მივიღებთ’

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ეწინააღმდეგება, აუცილებლად იქნება მიღებული, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო ოპონენტებთან, რათა „შესაბამისად ავუხსნათ“, თუ რას გულისხმობს ეს კანონმდებლობა.

„მე დამრჩა შთაბეჭდილება ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ჩვენთვის პატივსაცემ ადამიანებს, მამაოებს არ აქვთ დეტალური და სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს აღნიშნული კანონპროექტი. მე ეს კარგად გავაანალიზე. გუშინ კიდევ უფრო გამიმყარდა ეს ეჭვი და რეალურად, მოვიპოვე მტკიცებულებები, რომ მათ ნამდვილად არ აქვთ სრულყოფილი, ობიექტური ინფორმაცია", – განაცხადა ღარიბაშვილმა 1 მაისს მთავრობის სხდომაზე. 

"პირველი მათი მთავარი წუხილი იყო შემდეგი, რომ აღნიშნული კანონის მიღებით ხდება ცოდვის დაკანონება, მამათმავლობის დაკანონება და ა.შ. და რომ მოხდება პროპაგანდა და რომ მოხდება რაღაც საშინელება ქვეყანაში. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ავიღო პასუხისმგებლობა, რომ აღნიშნული კანონის მიღებით არავითარი დაკანონება არ ხდება რაიმე უკანონოსი, არავითარი პროპაგანდის საშულება არ მიეცემა არავის, არავის დამატებითი უფლება არ მიენიჭება აღნიშნული კანონის მიღებით. მე მინდა ცალსახა და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ აღნიშნული კანონის მიღებით არავითარი დამატებითი უფლებები არ მიენიჭება რომელიმე სოციალურ ჯგუფს თუ უმცირესობას. ეს ერთი", – განაცხადა მან. 

"მეორე მთავარი წუხილი, რაც ჰქონდათ და აქვთ ამ ადამიანებს იყო შემდეგი, რომ თითქოს მათ აეკრძალებათ ქადაგება. რა თქმა უნდა, ესეც არის აბსოლუტურად ტყუილი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ამ კანონის მიხედვით, არავის და პირველ რიგში ეკლესიას არ ეკრძალება, არ შეეზღუდება უფლება ქადაგების. ეს არ ეხება იმ შეთანხმებას, რომელიც აქვს გაფორმებული სახელმწიფოს ეკლესიასთან. სწორედ ამ მიზნით, ამ კანონპროექტში ჩვენ დავაფიქსირეთ ცალკე მუხლი  გავაჩინეთ, რომელიც ეხება სახელმწიფოს და ეკლესიას შორის არსებულ შეთანხმებას", – აღნიშნა პრემიერმა. 

"ჩვენი მთავრობის დროს, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მიიღება არცერთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული კანონი და არავითარი საფრთხე, არავითარი რისკი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონის მიღებით ჩვენ რაღაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ფასეულობებს, ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ტრადიციებს რაიმე საფრთხეს შევუქმნით", – განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე საუბრისას. 

ამ განმარტებების გაკეთებამდე, პრემიერ-მინისტრმა ასევე ვრცელი კომენტარი გააკეთა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ 29 აპრილს საღამოს.

მისი თქმით, „საუბარია მხოლოდ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების გამოხატვაზე“.

„ეს კანონპროექტი არ გულისხმობს პროპაგანდას, არ გულისხმობს განსაკუთრებული უფლებების და პრივილეგიების მინიჭებას განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისთვის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ოთხშაბათს საღამოს.

„მასში საუბარია იმ უფლებებზე, რაზეც საუბარია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში; შესაბამისად, ამდენი საუბარი და ამხელა აჟიოტაჟი ჩემთვის პირადად ამოუხსნელი და გაუგებარია“, – განაცხადა მან. 

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კანონს მივიღებთ და მე მინდა კიდევ ერთხელ მოსახლეობას განვუმარტო – ჩვენ, ჩვენი მთავრობა და პირადად მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენ არასოდეს არ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ან ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ან ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს ან ფასეულობებს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, ჩვენი პატრიარქი არის ბრძენი ადამიანი და მან კარგად იცის რას აკეთებს, მაგრამ ჩვენ ამავდროულად კარგად გვაქვს გაცნობიერებული თუ საით მივდივართ ჩვენ – ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ ერთხელ და სამუდამოდ თანამედროვე, ცივილიზებული, ძლიერი და მოდერნიზებული სახელმწიფო. თუ ჩვენ ამაზე ვთანხმდებით, რომ გვინდა რომ მივიღოთ ასეთი სახელმწიფო, სადაც იქნება მოდერნიზებული ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და სხვა სფეროები, მაშინ ჩვენ ამაზე უნდა შევთანხმდეთ და აღარ უნდა იყოს ამდენი საუბარი“.

საქართველოს საპატრიარქომ აღნიშნა 28 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს მორწმუნე საზოგადოება  „მომაკვდინებელი ცოდვის“ „პროპაგანდად და დაკანონებად“ მიიჩნევს და მოუწოდა ხელისუფლებას გადადოს კანონპროექტის მიღება და ამოიღოს „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ დისკრიმინაციის საფუძველთა ჩამონათვალიდან. მომდევნო დღეს  ქუთაისში გამართულ საკომიტეტო მოსმენას 12–ზე მეტი სასულიერო პირი ესწრებოდა, რომლებიც ამაოდ ცდილობდნენ დაერწმუნებინებინათ დეპუტატები, რომ გაეთვალისწინებინათ საპატრიარქოს პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით. 30 აპრილს მართლმადიდებელმა ჯგუფებმა, მათ შორის სასულიერო პირებმა, თბილისსა და ქუთაისში საპროტესტო აქციები გამართეს. პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, ქართული ოცნების დეპუტატმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის სხდომა კანონპროექტს მეორე მოსმენით ხუთშაბათს ან პარასკევს განიხილავს; მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ასევე გააჟღერა ანალოგიური პოზიცია, თუმცა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ივარაუდეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა ეკლესიის ზეწოლას დაემორჩილოს და გადადოს კანონპროექტის მიღება.

29 აპრილს გამართული საკომიტეტო მოსმენის დროს, დამსწრე სასულიერო პირებმა გააფრთხილეს  ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ საპატრიარქოს მოწოდებების გაუთვალისწინებლობას პოლიტიკური შედეგები მოყვებოდა. 

კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ კანონმდებლობის მიღება მნიშვნელოვანია ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღების გზაზე.

„კიდევ ერთი მონაპოვარი, რაც ჩვენ გვექნება უახლოესი ორი წლის განმავლობაში – და რაც არის მთავარი მოთხოვნა, რომ მივიღოთ აღნიშნული კანონპროექტი – ეს არის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. მე შეგახსენებთ, რომ მოლდოვამ მიაღწია და რამდენიმე დღის წინ უკვე ამოქმედდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან; ჩვენ შეგვიძლია იგივე მივიღოთ, ორ–სამ წელიწადში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ასე რომ, მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო დიდი სიყვარულით და დიდი პატივისცემით ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გარკვეულ შეშფოთებას გამოხატავდა კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით და მინდა დავამშვიდო ისინი, რომ მე და ჩვენი გუნდი მთლიანად არანაკლებ პატრიორები ვართ და ჩვენი ეროვნული ღირებულებების დამცველები ვართ. პირველ რიგში, დავდგები იქ, როცა ოდესმე საფრთხე შეექმნება ჩვენი ქვეყნის მთავარ ღირებულებებს – ეს იქნება ჩვენი ტრადიციული მართლმადიდებლობა თუ სხვა – რაც მთავარია ამ კანონის მიღებით, ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ ვართ ძლიერი ერი, ძლიერი სახელმწიფო და ჩვენ არ გვეშინია – თუნდაც რაღაც ცოდვაზე იყო საუბარი – ჩვენ ცოდვაზე არ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქვეყნის განვითარებაზე და მითუმეტეს მართლმადიდებელი ქრისტიანი არასდროს არ გაურბოდა, არასდროს არ ეშინოდა ამა თუ იმ ცოდვის – ეს არის ჩვენი ძლიერება და სწორედ ამით უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ“, – განაცხადა მან.

„ჩემი პოზიცია მე მგონი ემოციურად გამომივიდა, მაგრამ იმას, რასაც ვუყურებდი ამ დღეების განმავლობაში, მართლა ჩემთვის მიუღებელია. კიდევ ერთხელ, მე მესმის ამ ადამიანების შეშფოთების, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მათ არ აქვთ სათანადო კომუნიკაცია იგივე კანონშემოქმედებით ჯგუფთან და  მე ასევე მივმართავ ჩვენი გუნდის წევრებს, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია ქონდეთ და აუხსნან ამ ადამიანებს, რომ ეს კანონპროექტი არავითარ საფრთხეს არ უქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ფასეულობებს და ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს“.

„მე ასევე მინდა მოვუწოდო მედიას, რომ მაქსიმალურად სწორი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას, რადგანაც გარკვეული სპეკულაციები წავიდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ პოლიტიკოსებსაც ეკისრებათ „უფრო მეტი“ პასუხისმგებლობა ამ კუთხით.

„მე მინდა მოვუწოდო ჩვენ საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ და ვურჩევ მათ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და შევინარჩუნოთ მეტი სიმტკიცე და მეტი გონიერება“, – განაცხადა მან. 

სხვადასხვა კონსერვატიული და მართლმადიდებლური ჯგუფების მხრიდან შემოტევების შემსუბუქების მიზნით, მთავრობამ მარტის ბოლოს შესთავაზა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობს, განიხილოს ინიციატივა კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის გაკეთების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ერთსქესიანი ქორწინება უკვე აკრძალულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომელიც ქორწინებას განსაზღვრავს როგორც „ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს“.

მთავრობის მიერ ინიცირებული ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი ასევე შეიცავს ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც, მისი არცერთი დებულება არ უნდა განიმარტოს ისე, რომ წინააღმდეგობაში მოვიდეს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის  2002 წელს ხელმოწერილ საკონსტიტუციო შეთანხმებასთან.

მსგავსი/Related

Back to top button