ახალი ამბები

დემოკრატიის საკითხებზე აშშ-საქართველოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა თბილისში

25 აპრილს თბილისში აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის და მმართველობის საკითხებზე მომუშავე ორმხრივი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელმაც საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებზე იმსჯელა.

დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ერთ–ერთი იმ ოთხი უწყებათაშორისი ორმხრივი ჯგუფია, რომელიც აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობის მიზნით შეიქმნა. ორ ქვეყანას შორის ქარტიას 2009 წლის იანვარში მოეწერა ხელი. ქარტია სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებად ასევე განსაზღვრავს თავდაცვას და უსაფრთხოებას, ეკონომიკას და ხალხთა შორის ურთიერთობებს.

შეხვედრის შემდეგ სამუშაო ჯგუფის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ადგილობრივ დონეზე პირდაპირი წესით არჩევითი თანამდებობების გაზრდა“, რაც გულისხმობს 12 ქალაქში მერების და 59 მუნიციპალიტეტში გამგებლების პირდაპირ არჩევას 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე, ასევე 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები და მართლმსაჯულების რეფორმა, რომლის შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა დაკომპლექტდა,  „უკანასკნელი პერიოდის პოზიტიური ნაბიჯებია, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია გრძელდება“.

აშშ–ის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელია; აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე პეიჯ ალექსანდერი და იუსტიციის დეპარტამენტის ევრაზიის რეგიონალური დირექტორი ქეთრინ ნიუქომბი. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ საქართველოს ხელმძღვანელობასთან, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები.

შეხვედრას ქართული მხრიდან თანათავმჯდომარეობას უწევდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე; ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ მთავრობის სხვა ოფიციალური პირები და საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის, ასევე სასამართლო სისტემის და პროკურატურის წარმომადგენლები.  

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ თომას მელიამ ხაზი გაუსვა ქართული დელეგაციის ინკლუზიურობას და განაცხადა, რომ ეს „საქართველოს დემოკრატიულ სისტემაში საინტერესო პოლიტიკური სიმწიფის ხარისხს ასახავს“.

„სამუშაო ჯგუფმა განიხილა საქართველოს ძალისხმევა, კიდევ უფრო განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელისუფლების შტოების შემოწმებისა და დაბალანსების მექანიზმები, ადამიანის უფლებები ყველა მოქალაქისათვის, პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო პროცესი, მედიის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა, კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა, მთავრობის ანგარიშვალდებულება და კანონმორჩილება, რათა საქართველომ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში დასახული ინტეგრაცია შეძლოს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 

განცხადების თანახმად, ასევე იქნა განხილული საქართველოს გეგმა, „დანერგოს კონკურენტულ საარჩევნო გარემო 2014 წლის ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინ, აგრეთვე საქართველოს ძალისხმევა, დააბალანსოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და სამოქალაქო თავისუფლება“ – ეს მინიშნება სავარაუდოდ გაკეთდა კანონპროექტების პაკეტზე, რომელიც შეზღუდავს მთავრობის მიერ ფარული მიყურადების შესაძლებლობებს, რასაც სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფები და ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატი უჭერენ მხარს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო ეწინააღმდეგება.

„სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ აშშ კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რასაც რეგიონში მიმდინარე მოვლენები გამოწვევების წინაშე აყენებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი/Related

Back to top button