skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ქართველი ჟურნალისტების დაკავების თაობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 16 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, რომ ქართულ საზოგადოებაში გრძელდება „ბრძოლა“ იმათ შორის, ვისაც მოსკოვთან ურთიერთობების „ნორმალიზება“ სურს და ვინც აგრძელებს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კურსს „მტრული განწყობის გაღვივებისკენ“.

განცხადება 15 აპრილს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ქართული ტელევიზიის გადამღები ჯგუფის დაკავებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამი ადამიანისგან შემდგარი გადამღები ჯგუფი „დემონსტრაციულად“ შევიდა „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“, რაც, „პროვოკაცია“ იყო და მიზნად ისახავდა რუს და ქართველ დიპლომატებს შორის 16 აპრილს პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის ატმოსფეროს გართულებას.

„ძნელია ეს სხვანაირად შეფასდეს თუ არა დაგეგმილი აქცია, რაც მიზნად ისახავდა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს და საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შორის პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის ატმოსფეროს გართულებას“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ასეთი პროვოკაციების ორგანიზება ხდება სწორედ პრაღის მორიგი შეხვედრის წინ. ყველაფერი ეს, ისევე როგორც ბოლო დროს გავრცელებული ზღაპრები რუსული თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე, იმაზე მეტყველებს, რომ ქართულ საზოგადოებაში გრძელდება ბრძოლა იმ ძალებს შორის, ვისაც მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზება სურთ და  ვინც იზიარებს სააკაშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებს კურსს მტრული განწყობის გაღვივებისკენ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ. 

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ გადამღები ჯგუფი რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებას გადასცეს.

ტელეკომპანია TV3–ის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახტანგ ლეკიაშვილი და ჩართვის ჯგუფის წარმომადგენელი მიხეილ მიხოევი ჯერჯერობით ცხინვალში ყავთ დაკავებული.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ უთხრა ქართველ ჟურნალისტებს პრაღაში კარასინთან შეხვედრის დაწყებამდე, რომ გადამღები ჯგუფის დაკავება პირველი საკითხია, რომელსაც ის შეხვედრაზე დააყენებს.

მან ასევე განაცხადა, რომ მთელი რიგი გადაუდებელი „ჰუმანიტარული თემები“ არსებობს, რომელთაც სწრაფი მოგვარება ესაჭიროებათ.  აბაშიძემ განაცხადა, რომ ერთ–ერთი ასეთი საკითხია სასაზღვრო აბრის მონტაჟი სოფელ აძვის მახლობლად, რის შედეგადაც ადგილობრივი ქართული მოსახლეობა თავის სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს ვეღარ იყენებს; ამას გარდა, სასაზღვრო აბრის მიღმა მოექცა ასევე მართლმადიდებლური ტაძარი, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ახერხებს ეკლესიაში წასვლას, რაც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოახლოებული აღდგომის დღესასწაულის წინ. ქართულმა სამღვდელოებამ უკვე მოუწოდა აბაშიძეს ეს საკითხი კარასინთან შეხვედრაზე დააყენოს.

აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ შეხვედრა, რომელიც რიგით მეექვსეა ორი დიპლომატის მიერ 2012 წლის დეკემბერში დაწყებულ ფორმატში,  მნიშვნელოვანია იმ მოსაზრების მოსმენის კუთხით, თუ რას ფიქრობს რუსეთი საქართველო–რუსეთის ურთიერთობების მომავალზე.  

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის „ძალიან შეწუხებულია“ ქართული გადამღები ჯგუფის დაკავების გამო.

„მე ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურადაა ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გაათავისუფლებენ ჩვენ ჟურნალისტებს“, – უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 16 აპრილს.

„მსგავსი ფაქტები აზიანებს ამ პროცესს, რასაც ქვია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება“, – დასძინა მან.  

მსგავსი/Related

Back to top button