ახალი ამბები

რაულ ხაჯიმბა

პარლამენტის წევრი,
ოპოზიციური პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის“ ლიდერი

ზოგადი ინფორმაცია

  • რაულ ხაჯიმბა დაიბადა 1958 წლის 21 მარტს, ქ.ტყვარჩელში;
  • 1965-1972 წლებში ტყვარჩელის N2 საშუალო სკოლაში, 1972-1975 წლებში კი, N5 საშუალო სკოლაში სწავლობდა. სკოლის დასრულების შემდეგ ტყვარჩელის თბოელექტროსადგურში ზეინკლად მუშაობდა;
  • 1976-1978 წლებში საბჭოთა არმიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ძალებში მსახურობდა, ჯარის შემდეგ კი, ტყვარჩელის ქალაქკომში მუშაობდა.
  • 1978-1979 წლებში სოხუმის რაიონში, დასასვენებელ კომპლექს „გუმისთაში“ ზეინკლად მუშაობდა.
  • 1984 წელს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სოხუმის ქიმიურ ქარხანაში იურისტად დაიწყო მუშაობა.
  • 1985-1986 წლებში მინსკში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სკოლაში სწავლობდა. მისი თანაკურსელი იყო ინგუშეთის პრეზიდენტი მურატ ზიაზიკოვი.
  • 1999 წელს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს.
  • ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი.

პროფესიული კარიერა

  • 1986-1992 წლებში აფხაზეთში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ტყვარჩელის საქალაქო განყოფილების თანამშრომელია.
  • 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერიოდში ე.წ. აღმოსავლეთის ფრონტის სამხედრო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი იყო. სამხედრო ღვაწლისთვის ლეონის ორდენით დააჯილდოვეს.
  • 1993-1995 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის განყოფილების უფროსი იყო.
  • 1996-1998 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის კონტრაბანდასთან ბრძოლის განყოფილების უფროსია.
  • 1998-1999 წლებში კი, აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.

პოლიტიკური კარიერა

  • 1999-2001 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის  სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე და ამავე დროს პირველი ვიცე-პრემიერია.
  • 2001-2002 წლებში პირველი ვიცე-პრემიერია.
  • 2002-2003 წლებში თავდაცვის მინისტრია.
  • 2003-2004 წლებში პრემიერ-მინისტრია. ამ პოსტზე ხაჯიმბას შერჩევა მისი პრეზიდენტად არჩევის იმედით მოხდა. მის კანდიდატურას მხარს უჭერდა აფხაზეთის მაშინდელი ლიდერი ვლადისლავ არძინბა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. არძინბას ავადმყოფობის პირობებში ხაჯიმბა აფხაზეთის ფაქტიური მმართველი იყო. წინასაარჩევნო პერიოდში პუტინმა ხაჯიმბას მხარდაჭერა ღიად გამოხატა.
  • 2005-2009 წლებში იყო აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი.
  • ხაჯიმბას, რომელსაც 2004 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, მხარს აფხაზეთის მმართველი ელიტა და რუსეთის ლიდერები უჭერდნენ, სერგეი ბაღაფშთან დამარცხდა. ბაღაფშის გამარჯვებას შიდა აფხაზური დაპირისპირება მოყვა, რაც რუსეთის შუამავლობით საბოლოოდ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ძალაუფლების განაწილებით დასრულდა.
  • 2005 წლის იანვარში განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ხაჯიმბა დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ბაღაფში კი პრეზიდენტი.
  • 2009 წელს ხაჯიმბამ მთავრობა და პრეზიდენტი გააკრიტიკა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. მისი გადადგომა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა.
  • 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხაჯიმბა კიდევ ერთხელ დამარცხდა ბაღაფშთან.
  • ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ, 2011 წლის 26 აგვისტოს დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კი, მესამე ადგილი დაიკავა და ხმების მხოლოდ 19.83% მიიღო, პირველი და მეორე ადგილი, შესაბამისად ალექსანდრე ანქვაბს და სერგეი შამბას დაუთმო.
  • 2012 წლის დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატის მანდატი მოიპოვა და ამჟამად აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრია. იგი პარლამენტში ოპოზიციური „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის“ ლიდერია, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს მთავრობას.

„აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი“

  • „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი“ ოპოზიციური პარტიაა. პარტიას საფუძველი 2005 წლის 8 თებერვალს ჩაეყარა, როდესაც 12 ოპოზიციური პარტია და მოძრაობა გაერთიანდა. მასში ძირითადად შედიოდნენ ისინი ვინც 2004 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბას უჭერდნენ მხარს. 2010 წლის  14 მაისს, სოხუმში გამართულ პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარეების რაოდენობა ორიდან ერთამდე, მოადგილეების კი ოთხიდან ორამდე შემცირდა. ხაჯიმბა პარტიის ლიდერად აირჩიეს, მისი მოადგილეები კი დაურ არშბა და რიტა ლოლუა გახდნენ.

არჩევნებში მონაწილეობა

  • 2011 წელს პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შედეგად დანიშულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩვენებში პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად ხაჯიმბა წარადგინა, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კი, ვლადისლავ არძინბას ქვრივი. არჩევნებში ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა, რომელსაც ბოლო წლებში „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი“ და მისი ლიდერი რაულ ხაჯიმბა მწვავედ აკრიტიკებს.
  • 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 3 აპრილს, სპიკერის არჩევის დროს, პარტიის მხარდამჭერები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და სპიკერად ხაჯიმბას არჩევა მოითხოვეს, თუმცა წარუმატებლად.
  • ხაჯიმბა მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის ე.წ. აფხაზური პასპორტების გაცემის საკითხის გამო.
Back to top button