
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა 7 მარტს მესამე და საბოლოო მოსმენით 80 ხმით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და განსაზღვრა 15 ივნისს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების წესები თვითმმართველობის შესახებ მიღებულ ახალი კოდექსის შესაბამისად.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ძირითადი სიახლეა 12 თვითმმართველ ქალაქში მერების, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში გამგებლების პირდაპირი წესით ასარჩევად 50%-იანი ბარიერის შემოღება – აქამდე მერი პირდაპირ მხოლოდ თბილისში აირჩეოდა 30%-იანი ბარიერით. თავდაპირველად, კანონპროექტი მერებისთვის 40%-იანი, ხოლო გამგებლებისთვის 33%-იანი ბარიერის შემოღებას ითვალისწინებდა, თუმცა საბოლოოდ, არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის ფონზე, ქართული ოცნება ბარიერის 50%-მდე გაზრდას დათანხმდა.
რეგიონების საკრებულოებში პროპორციული წესით კანდიდატების გაყვანისთვის საჭირო ბარიერი 5%-დან 4%-მდე შემცირდა, ცვლილებების შედეგად. ეს ბარიერი თბილისში აქამდეც 4%–ს შეადგენდა.
ამასთან, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, დანარჩენი მუნიციპალიტეტების საკრებულოებში 10-დან 15-მდე გაიზრდება პარტიული სიით ასარჩევ წევრთა რაოდენობა, ხოლო ამომრჩეველს კვლავაც იმდენი მაჟორიტარის არჩევა მოუწევს, რამდენი მაჟორიტარული ოლქიც შეიქმნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
საკრებულოს მაჟორიტარი წევრების არჩევის წესი უცვლელი დარჩა. მაჟორიტარები კვლავ ერთმანდატიან ოლქებში აირჩევიან, რისთვისაც რაიმე ბარიერი დაწესებული არ არის და იმარჯვებს ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას დააგროვებს.
საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის უფლება პარტიებთან ერთად ასევე აქვთ საინიციატივო ჯგუფებს. თუმცა ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატები კენჭს ვერ იყრიან მერებისა და გამგებლების თანამდებობებზე, ვინაიდან კანდიდატების წარდგენა, მიღებული ცვლილებების თანახმად, მხოლოდ პარტიებს ან ბლოკებს შეეძლებათ.
5 მარტს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრაზე ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის ალტერნატიული წინადადება, რომელიც მერებისა და გამგებლების არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობის დაშვებას ისახავდა მიზნად; ამ წესის შემოღებას მხარს უჭერდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, თუმცა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები.
ნაციონალური მოძრაობის ალტერნატიული კანონპროექტის მეორე საკითხი ეხებოდა ერთი და იგივე კანდიდატისთვის მერის/გამგებლის პოსტზე და იმავდროულად, პარტიული სიით საკრებულოში კენჭისყრის შესაძლებლობის მიცემას, რაც ასევე ჩავარდა. ნაციონალურმა მოძრაობამ ამის გამო მმართველი კოალიცია იმაში დაადანაშაულა, რომ ის ზღუდავს ადგილობრივ დონეზე არსებული პარტიული რესურსების უდანაკარგო გამოყენებას. ქართულმა ოცნებამ კი განაცხადა, რომ ერთი კანდიდატისთვის ორ ადგილზე კენჭისყრის უფლების მიცემა დაუშვებელია, რადგან ამომრჩეველმა უნდა იცოდეს რა პოზიციაზე ირჩევს მას.
ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლება იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მან ვერ შეასრულა საკანონმდებლო ვალდებულება 2014 წლის ადგილობრივი არჩევებისთვის ე.წ. ბიომეტრიული საარჩევნო სიის ფორმირების თაობაზე.
თუმცა სიებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, რომელიც ფოტოსურათებიანი სიების შედგენას უკავშირდება. ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო სერვისების სააგენტო მის ხელთ არსებული ფოტოების ბაზას ციფრულ ფორმატში გადაიყვანს და მიღებული მონაცემების შედარების გზით უზრუნველყოფს, რომ ცესკოს იმგვარი სიები გადასცეს, სადაც ამომრჩეველთა გაორებები აღმოფხვრილი იქნება.
ამასთან, კანონპროექტს მეორე მოსმენისთვის დაემატა ახალი წესი, რომელიც ამომრჩეველთა ვერიფიკაციის მექნიზმებს განსაზღვრავს არჩევნების დღეს. კერძოდ, საუბნო კომისიის წევრებს ხმის მიცემის დროს ექნებათ ფოტოსურათებიანი სიები, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას ამომრჩეველის მიერ წარდგენილ პირადობის მოწმობასა და მათ ხელთ არსებულ სიაში არსებული ფოტოები ერთმანეთს შეადარონ. თუ ამომრჩეველის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდება, მთელი რიგი პროცედურებია გაწერილი, მათ შორის პოლიციაში პირის მონაცემების გადამოწმების ჩათვლით, რათა სხვის მაგივრად ხმის მიცემის შესაძლებლობა გამოირიცხოს.
პარტიების ფინანსური წახალისების კუთხით საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები მთელ რიგ რეგულაციებს ითვალისწინებს.
ახალი წესის თანახმად, რომლის მსგავსიც უკვე არსებობდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებზე ხმათა სულ ცოტა 3%-ს დააგროვებს, ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს 500 000 ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯების ანაზღაურების მიზნით.
ცალკეული კატეგორიის საარჩევნო სუბიექტებისთვის ასევე იზრდება საარჩევნო კომისიებში მათი წარმომადგენელთა დაფინანსება. საარჩევნო უბანზე წარმომადგენლის დასაფინანსებლად, კვალიფიციური პარტია ანუ პარტია, რომელიც რეგულარულ საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს, კვლავ 100 ლარს, ხოლო ოლქში წარმომადგენელზე 150 ლარს მიიღებს ბიუჯეტიდან, როგორც ეს მოქმედი ნორმის არის განსაზღვრული. წარმომადგენლებისთვის ამავე ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ, ახალი წესის თანახმად, ასევე ის საარჩევნო ბლოკები, რომლებშიც არცერთი კვალიფიციური პარტია არ არის გაერთიანებული, მაგრამ მასში შემავალმა პარტიებმა უკანასკნელ საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებზე ჯამურად ხმათა 2% დააგროვეს. ასევე, ახალი წესის თანახმად, 50 ლარით მეტ თანხას – უბანზე 150, ხოლო ოლქში – 200 ლარს – მიიღებს ბიუჯეტიდან, ის საარჩევნო ბლოკი, რომელშიც ერთზე მეტი კვალიფიციური სუბიექტი გაერთიანდება.
ამასთან, საარჩევნო წელს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად იმ ხმების მიხედვით, რომელიც მათ საპარლამენტო არჩევნებზე დააგროვეს, არაუმეტეს 600 000 ლარს მიიღებენ თითოეული იმ პირობით, რომ მიღებული თანხის 15%-ს სულ ცოტა შვიდ რეგიონულ ტელევიზიაში რეკლამის განთავსებას მოახმარენ. იმ რეგიონულ ტელევიზიებს, რომლებიც ამ სქემით სარეკლამო დროს ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას მიყიდიან, გაუჩნდებათ ვალდებულება უფასო სარეკლამო დრო გამოუყონ იმ პარტიებს, რომლებმაც ერთჯერადი სახელმწიფო დაფინანსება შარშან საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიიღეს.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში მომზადდა და რომლის მიღებასაც პარლამენტმა ერთ თვეზე ნაკლები დრო მოანდომა, ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი არ დაუჭირა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)