ახალი ამბები

პარლამენტმა უკრაინის შესახებ რეზოლუცია მიიღო, თუმცა ერთსულოვნება ვერ გამოიჩინა

პარლამენტმა 6 მარტს ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული რეზოლუცია მიიღო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელშიც მოუწოდებს დასავლეთს მიიღოს „პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური“ ზომები რუსეთის „აგრესიისგან“ უკრაინის დასაცავად.

რეზოლუცია პარლამენტმა 74 ხმით 0–ის წინააღმდეგ დაამტკიცა; ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რეზოლუციას ხმა არ მისცეს.

ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, რომელიც ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შორის ერთობლივ ტექსტზე შეთანხმების მიზნით იმართებოდა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული ტექსტის მხარდაჭერაზე და სანაცვლოდ რეზოლუციის საკუთარი პროექტი დააყენა კენჭისყრაზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ 27 ხმით 6–ის წინააღმდეგ ჩააგდო.

მთავარი უთანხმოება უკავშირდებოდა ნაციონალური მოძრაობის დაჟინებულ მოთხოვნას, რომ ტექსტში შესულიყო ის პუნქტი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „აწარმოოს აქტიური დიპლომატიური კამპანია რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური იზოლაციისა და მის წინააღმდეგ ქმედითი სანქციების დასაწესებლად“. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ "სანქციების" ხსენებას „პრინციპული“ მნიშვნელობა ჰქონდა.

დისკუსია რეზოლუციის ორ დამოუკიდებელ პროექტზე მწვავე დებატებში გადაიზარდა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა ქართული ოცნების ზოგიერთ დეპუტატს რუსეთის მიმართ „ლოიალობაში“ ადანაშაულებდა, იმის გამო, რომ ისინი თავს იკავებდნენ სანქციებთან დაკავშირებული პუნქტი შეეტანათ რეზოლუციაში; ქართული ოცნების დეპუტატები კი ოპოზიციას იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ისინი იმ სკანდალური და პროვოკაციული პოლიტიკის გატარებას ცდილობდნენ, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახორციელებდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც დებატები დახურა, განაცხადა, რომ ნაცვლად იმისა, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე გაემახვილებინათ ყურადღება, დეპუტატებმა მათი დროის უმეტესობა ურთიერთბრალდებებს დაუთმეს.

„დღეს ჩემთვის ერთ–ერთი ყველაზე მძიმე დღეა ამ პარლამენტის კედლებში და მე ვერ ვარ ამაყი, რომ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი“, – განაცხადა უსუფაშვილმა თავის სიტყვაში და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული ტექსტი და მისი ფორმულირება აბსოლუტურად სწორია. მან განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ 5 მარტს, მოლაპარაკებების დასრულებამდე ცდილობდა, რომ ერთობლივი ტექსტის შედგენისთვის ხელი შეეშალა.

რეზოლუციის ტექსტი

ქვემოთ მოცემულია „უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ“  რეზოლუციის ტექსტი, რომელიც ქართული ოცნების მიერაა შემოთავაზებული და რომელიც პარლამენტმა დღეს მიიღო.  

„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული აგრესიული ქმედებები, მათ შორის, ორმხრივი ხელშეკრულების დარღვევით უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო შენაერთების გამოყენება და ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მუქარა, სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს მეგობარ უკრაინას, არამედ საქართველოს და მთელს ევროპას.

საქართველომ 2008 წელს უკვე იწვნია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია და მსგავსი ქმედებები (რუსული პასპორტების დარიგება, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა, სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს სამხედრო წვრთნების ჩატარება, საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით სამხედრო ინტერვენცია და სხვა), რაც ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციით და ეთნიკური წმენდით დასრულდა. დღეს უკრაინასაც იგივე ემუქრება.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტი: 

1. სრულად უჭერს მხარს თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხის ევროპულ არჩევანს, აგრეთვე უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას;

2. გადაჭრით გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ორმხრივი შეთანხმებების დარღვევით განხორცილებულ ყველა სხვა ქმედებას;

3. მიმართავს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს კონსულტაციები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და, საჭიროების შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს მოძმე უკრაინელ ხალხს;

4. მიმართავს საქართველოს მთავრობას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს გაეროს, ეუთოს, ევროპის კავშირის, ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით უკრაინაში დაგეგმილ სამშვიდობო, სადამკვირვებლო და ჰუმანიტარულ მისიებში;

5. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან ყველა სამხედრო შენაერთი, რომლებიც იქ საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევით იმყოფებიან და შეწყვიტოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის წანააღმდეგ მიმართული ქმედებები;

6. მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს, პირველ რიგში, ევროპის კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მიიღონ ქმედითი პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ზომები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რუსეთის ფედერაციის აგრესიისგან უკრაინის დასაცავად, შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და საქართველოს დეოკუპაციის მისაღწევად;

7.  იზიარებს უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის უსაფრთხოების გარანტ სახელმწიფოთა პარლამენტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გაგზავნილი მიმართვის სულისკვეთებას, კერძოდ, მხარს უჭერს ვითარების განსამუხტავად მოლაპარაკებებისთვის საგანგებო ჯგუფის შექმნას; 

8. მოუწოდებს ევროპის კავშირსა და ნატოს, დააჩქარონ ამ ორგანიზაციებში იმ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ინტეგრაციის პროცესი, რომლებიც ამისთვის მზად არიან და რომელთა თავისუფალ არჩევანს სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება.

ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი

ქვემოთ ასევე მოცემულია „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შესახებ“ ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის სრული ტექსტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო.

„1. საქართველოს პარლამენტი გადაჭრით გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ წამოწყებულ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას.
 
2. პოლიტიკური აგრესია, რომელსაც რუსეთი  ახორციელებდა უკრაინის საგარეო–პოლიტიკური კურსის შესაცვლელად და რომელმაც მარცხი განიცადა კიევში განვითარებული დემოკრატიული რევოლუციის შედეგად, გადაიზარდა არადეკლარირებულ სამხედრო აგრესიაში, დღეისათვის კი უკვე ღია, დეკლარირებული სამხედრო აგრესიის ფორმა მიიღო სუვერენული ევროპული სახელმწიფოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ.
 
3. რუსეთის ფედერაციის ეს ნაბიჯი წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის  საფრთხეს არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის და მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
 
4. საქართველოს კარგად ახსოვს, როგორ გახდა ანალოგიური აგრესიის მსხვერპლი მრავალჯერ, მათ შორის, ბოლოს 2008 წლის აგვისტოში, როდესაც საქართველოში განხორციელდა  რუსეთის ინტერვენცია და რომლის შედეგად დღესაც ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი – სადაც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ეთნიკური წმენდა.
 
5. ამასთან, დღეს უკრაინის ტერიტორიაზე და მის სიახლოვეს რუსეთის ფედერაციის ქმედებები იმეორებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ხაზს, რომელიც გულისხმობდა რუსული პასპორტების დარიგებასა და შემდეგ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით სამხედრო ინტერვენციას, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და ხალხის თავისუფალი არჩევანის მიუღებლობასა და მასთან დაპირისპირებას, ადგილობრივი მარიონეტი ლიდერების გამოყენებას აგრესიის სალეგიტიმაციოდ, რუსეთის მიერ შექმნილი და მართული არალეგარული შეიარაღებული ფორმირებების გამოყენებას და რუსეთის ჯარის უკანონო შეყვანა-გადაადგილებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი:

1. გამოხატავს უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას;
 
2. გადაჭრით გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ სამხედრო პოლიტიკურ აგრესიას, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო ინტერვენციას და მისი რეგიონის ოკუპაციას, ,,გავლენის სფეროების“ ცნებას და რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ მცდელობას ამგვარ ,,გავლენის სფეროებში“ მოაქციოს საკუთარი მეზობლები;

3. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააფიქსიროს მკაფიო და ცალსახა პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად, დაგმოს რუსეთის თავხედური სამხედრო აგრესია  უკრაინის მიმართ და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია; აწარმოოს აქტიური დიპლომატიური კამპანია რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური იზოლაციისა და მის წინააღმდეგ ქმედითი სანქციების დასაწესებლად;
 
4. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სასწრაფოდ გამართოს კონსულტაცია დემოკრატიული უკრაინის მთავრობასთან, საქართველოს მიერ ქმედითი დახმარების აღმოჩენის შესახებ;
 
5. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან ყველა სამხედრო შენაერთი და შეწყვიტოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება;

6. მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში, ევროპის კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მიიღოს ეფექტური ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მისი საერთაშორისო იზოლაციისათვის, სანამ რუსეთის ფედერაცია არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო-პოლიტიკურ აგრესიას;
 
7. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, წარმართოს აქტიური მუშაობა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ განსაზღვრული საერთაშორისო სანქციები შეინარჩუნოს, სანამ უკრაინის სრულ დეოკუპაციასთან ერთად, რუსეთის ფედერაცია სრულად არ მოახდენს საქართველოს მთელი ტერიტორიიდან საკუთარი საოკუპაციო სამხედრო კონტინგენტის გაყვანასა და ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრას;
 
8. მოუწოდებს ევროპის კავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ქმედითი ეკონომიკური დახმარება გაუწიოს უკრაინის ხელისუფლებას;
 
9. მოუწოდებს ევროპის კავშირსა და ნატოს წევრ ქვეყნებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები უკრაინის, საქართველოს დ მოლდოვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად;
 
10. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაატაროს ყველა შესაძლო ღონისძიება და აწარმოოს ფართე კამპანია 2014 წლის ნატოს სამიტზე საქართველოს მიერ ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად".

დებატები

რეზოლუციის ორ დამოუკიდებელ პროექტზე დებატები მანამდე გაიმართა, ვიდრე მათ პარლამენტი კენჭისყრაზე დააყენებდა.

„ეს სიტყვა სანქციები რატომღაც აღმოჩნდა წითელი ხაზი, რომლის გადალახვაც უმრავლესობამ ვერ შეძლო და ეს იყო მთავარი განსხვავება, რაც იყო“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ნაციონალური მოძრაობის დაჟინებული მოთხოვნა, რომ სანქციების შესახებ პუნქტი შესულიყო რეზოლუციაში, „არ არის რაღაც ექსტრაორდინალური“, რადგანაც დასავლელი ლიდერებიც საუბრობენ სანქციების დაწესების თაობაზე.

ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მაშინ, როცა ქართული ოცნების ზოგიერთი წევრი იზიარებდა ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებულ პროექტს, მათი უმეტესობა წინააღმდეგი იყო, რამაც შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი გახადა. მისი თქმით, ქართულ ოცნებაში არის უმრავლესობა, რომელიც უფრო ლოიალურია რუსეთის მიმართ, ვიდრე საქართველოს ინტერესების მიმართ. 

„ის, რასაც საბოლოო ჯამში ქართული  ოცნება ეძახის კონსტრუქციულობას რუსეთთან მიმართებაში, საბოლოო ჯამში, სხვა არაფერია თუ არა სიმხდალე და შიში ე.წ. „დიდი მეზობლის“ წინაშე და რასაც ოცნება ეძახის პრაგმატულობას, არის ჩვეულებრივი ინფანტილიზმი, რაც შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს ჩვენს ქვეყანას. ჩვენი აზრით, დროა, რომ ქართულმა ოცნებამ გადახედოს საკუთარ საგარეო პოლიტიკურ დოქტრინას [რუსეთთან მიმართებაში]“, – დასძინა მან.

ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ, რომელიც ტექსტის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა, განაცხადა, რომ „ზომები“, რომელიც ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ პროექტშია ნახსენები ასევე ითვალისწინებს „სანქციებს“. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა დაჟინებით ითხოვდა ტერმინის „სანქციები“ გამოყენებას იმისათვის, რომ „ჰედლაინებში გქონოდათ ეს“. „ჩვენ ჰედლაინებზე არ ვართ დაფუძნებული თქვენგან განსხვავებით; ჩვენ დაფუძნებული ვართ შედეგზე და ჩვენ ამ შედეგს მოვიტანთ“, – განაგრძო მან, „ეს რეზოლუცია არის შედეგზე ორიენტირებული და კონკრეტული“.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გივი თარგამაძემ უპასუხა: „დიახაც, ჰედლაინებში უნდა გადიოდეს, რომ საქართველომ, რომელიც ისევეა დაზარალებული, როგორც უკრაინა, მოითხოვა იზოლაცია რუსეთის და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“.

თარგამაძემ ასევე განაცხადა, რომ მას „მედგარი შთაბეჭდილება“ ექმნება იმისა, რომ ქართული ოცნება რეზოლუციის ტექსტს რუსეთთან ათანხმებს. „ჩვენ [ნაციონალური მოძრაობა] არასდროს არ მივცემთ ხმას არც ერთ დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ თანხმდება და რომლის მიღებაც ხდება საქართველოს ინტერესების დათმობის შედეგად“, – დასძინა მან.

ქართული ოცნების დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ მმართველი კოალიციის მიერ შემოთავაზებულ რეზოლუციაში არის მინიშნება სანქციებზე, როდესაც ის მოუწოდებს ევროკავშირს და აშშ–ს „მიიღონ ქმედითი პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ზომები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად“ და საქართველოს დეოკუპაციის მისაღწევად. მან განაცხადა, რომ ამ დებატებით ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ ის სურს, რომ გაამართლოს თავისი არასწორი პოლიტიკა, რომელსაც პარტია ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწარმოებდა და ცდილობს შექმნას თავისი „პოლიტიკური პლატფორმა“ უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან. მან ასევე ახსენა ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღე კიევში იმყოფებოდა, რათა, როგორც მან თავად განაცხადა,  რჩევებით დაეხმარებოდა უკრაინის ხელისუფლებას.

„სააკაშვილი, რომელიც ვერ დადის თბილისის ქუჩებში, ეძებს ადგილებს, რომ იქიდან წარმართოს პოლიტიკური კამპანია და მისი გუნდი აქ ცდილობს, რომ ეს პოლიტიკური კამპანია ჩვენ თავს მოგვახვიოს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა, „ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ იმ კურსს, რომელიც მთავრობამ და ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ… ჩვენ არ ვართ აქ კინკლაობისთვის. ამ აბსურდულ ანალიზს, რომელსაც ჩვენ აქ ვისმენთ, აბსოლუტურად ირაციონალურ მსჯელობას, რაციონალური, ლოგიკური პასუხები არ აქვს. მთავარია, რომ ჩვენ კარგად გავიაზროთ, რომ ეს არის პოლიტიკური კამპანია მოწყობილი იმისათვის, რომ ჩვენ როგორმე გადაგვიყვანონ იმ სკანდალისტური და პროვოკაციული პოლიტიკის სტილში, რომელიც იყო დამახასიათებელი ნაციონალური მოძრაობისთვის და უნდათ, რომ ეს მემკვიდრეობა ჩვენც გავაგრძელოთ. არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“.

ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ ნაციონალური მოძრაობა „ფსევდო–პატრიოტიზმში“ და უკრაინის მოვლენებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაში დაადანაშაულა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ დებატები აჩვენებს ფუნდამენტურ სხვაობას ორ მიდგომას შორის; მან ეს სხვაობა 30 წლებში ევროპაში არსებულ ვითარებას შეადარა, როცა ზოგი ჰიტლერის გაღიზიანების წინააღმდეგი, ზოგიც კი უფრო რადიკალური მოქმედებების მომხრე იყო. 

„თქვენი კონცეპტუალური შეცდომა არის ის, რომ სიტყვას ‘სანქცია’ ვერ ახსენებთ“, – განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ უკრაინის დასაცავად საქართველო ავანგარდში უნდა იყოს. მან განუცხადა ქართული ოცნების დეპუტატებს, რომ ისინი მხოლოდ სააკაშვილის კრიტიკაზე არიან გადასულები, რომელიც, მისი თქმით, გამოდის დასავლურ ტელეარხებზე, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს და საქართველოს ინტერესებს იცავს, განსხვავებით „თქვენი გაყურსული, დამალული და დამფრთხალი პრემიერ–მინისტრისგან“. „არ უნდა თქვას საქართველოს პარლამენტმა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სანქციებს ამ ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც არიან როგორც კიბო თავისუფალი სამყაროსთვის? ეს ვერ უნდა გავბედოთ?“, – განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ ქართულ ოცნებას იმიტომ არ სურდა სიტყვა „სანქციის“ ხსენება რეზოლუციაში, რომ რუსეთს არ „აწყენინოს“.

 „მაგრამ მათი წყენა იმისგან კი არ გამომდინარეობს, თქვენ რას ჩაწერთ რეზოლუციაში. ეს დამოკიდებულია იმაზე მართლა წახვალთ თუ არა თქვენ ნატოსკენ და ევროკავშირისკენ… მე მართლა მინდა მჯეროდეს, რომ წახვალთ ნატოსკენ და ევროკავშირისკენ, მაგრამ ამ შემთხვევაში კონფრონტაცია მოგიწევთ და ამ კონფრონტაციაში მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად უნდა იყოთ“, – მიმართა მან კოლეგებს უმრავლესობიდან.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც თავისი გამოსვლით დებატები დააასრულა, განაცხადა, რომ მან და მისმა კოლეგებმა ქართული ოცნებიდან ძალღონე არ დაიშურეს რეზოლუციის პროექტზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან ორდღიანი კონსულტაციების მიმდინარეობის დროს, რათა თავიდან აეცილებინათ იმგვარი დებატები, რასაც პარლამენტში ჰქონდა ადგილი. უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ნაცვლად იმისა, რომ იმაზე ესაუბრათ, თუ როგორ დახმარებოდნენ უკრაინას, დეპუტატებმა თავიანთი დროის და ენერგიის 98% ურთიერთბრალდებებში დახარჯეს.

უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც 5 მარტს, მაშინ როცა კონსულტაციები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და კიდევ იყო მცდელობები ერთობლივი ტექსტის მიღებაზე, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა საჯაროდ დაიწყეს საუბარი მხარეებს შორის არსებულ უთანხმოებაზე, რამაც შეთანხმების მიღწევა კიდევ უფრო გაართულა.

მისი თქმით, როდესაც მოლაპარაკებების პროცესში ვიღაც მოლაპარაკებების დეტალებზე იწყებს „კეკლუცს“ ტელეკამერების წინ და პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს,  ეს ნიშნავს, რომ „მიდიხარ“ პროცესის „ჩაშლაზე“.

„კარგი ამბავი ისაა, რომ სანამ ჩვენ ამ კამათში ვართ, აღმასრულებელი ხელისუფლება ყოველდღიურ კონტაქტშია კიევთანაც, ბრიუსელთანაც, ვაშინგტონთანაც; ევროსაბჭოსთვის გაგზავნილია ტექსტები სანქციების მოთხოვნით. დიახ, ვმუშაობთ და ვიმუშავებთ და გავაგრძელებთ. ეს არის კარგი ამბავი. მე მგონი, ყველას სახელით ბოდიში გვაქვს მოსახდელი, პარლამენტის სახელით უკრაინელი რიგითი მოქალაქესთვის, რომ ვერ მოვახერხეთ ის, რომ უკრაინისთვის გაგვეკეთებინა საქმე და უკრაინა ყოფილიყო ამ დარბაზში და არა რამე სხვა უფრო პრიორიტეტული“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button